in ,

ვირტუალურად რესტავრირებული ძეგლები გაფართოებულ რეალობაში – ქართული აპლიკაცია „დიჯი“

Startauperi
Startauperi

როცა სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ვათვალიერებთ, ხშირად, ჩვენთვის უცნობი რჩება, როგორი იყო მისი პირვანდელი სახე. ქართველმა სტარტაპერებმა გადაწყვიტეს, ხელოვნებათმცოდნეებისა და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით, აღედგინათ ესა თუ ის ძეგლი ნანგრევებიდან, ოღონდ, ციფრულად. ძეგლების ვირტუალური რესტავრაციის შემდეგ კი, მსურველებს არამხოლოდ ძეგლის პირვანდელი სახის დათვალიერება, არამედ გაფართოებული რეალობის (AR) ტექნოლოგიის გამოყენებით, მისი არქიტექტურული დეტალების გაცნობა და მასში პროექციაც შეეძლებათ. ასეთია ქართული აპლიკაცია „დიჯის“ იდეა. იდეა, რომელმაც წელს, Creative Business Cup-ის საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა და მისი ავტორები მსოფლიო ფინალიდან (დანია) ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი – თაზო არუნაშვილი გვიყვება, რომ 2019 წლის დასაწყისამდე, ანუ მანამდე, სანამ „დიჯის“ იდეა გაჩნდებოდა და დაიხვეწებოდა, პროფესიიდან გამომდინარე, ფიქრობდა ვირტუალური მუზეუმის შექმნასა თუ მწვანე დიზაინთან დაკავშირებით. ამას მოყვა კონკურს TeamLab-ში მონაწილეობა, რომელსაც ესტონური Loov Eesti და ქართველი პარტნიორები Creative Caucasus და Creative Georga ერთად ატარებდნენ. თაზომ იდეის დახვეწა სამხატვრო აკადემიის სტუდენტ და არქიტექტორ დავით ბოჭორიშვილთან ერთად დაიწყო.

მე ვარ სამრეწველო დიზაინერი და სამხატვრო აკადემიის ლექტორი, ასევე ბაქსვუდის სკოლაში ვასწავლი მომავლის პროფესიებს, დათო კი არქიტექტორია. თავიდან ბუნდოვანი იყო ყველაფერი, მაგრამ სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობით და იდეის დამუშვებით მისი „გათლა“ მოვახერხეთ“.

M: Creative Business Cup-ის საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვეთ და დანიაში, მსოფლიო ფინალზე წახვედით. რა შესაძლებლობები გააჩინა ამ ფაქტმა?
საქართველოს მასშტაბით გამარჯვებამ და დანიაში წასვლამ ფინალზე „დიჯის“ უფრო დიდი შესაძლებლობები და გამოცდილება მისცა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა სიტუაციაა უცხოურ სტარტაპებში და ასევე, დავამყარეთ კონტაქტი ესპანურ და ბალტიისპირეთის სტარტაპებთან. კონკურსში მონაწილეობდნენ სტარტაპები 60-ზე მეტი ქვეყნიდან. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქამდე, ესტონეთში, მონაწილეობა მივიღეთ სტარტაპების ღონისძიებაში Latitude 59.

მინდა ვთქვა, რომ ქართული სტარტაპები დონით არ ჩამოუვარდებიან განვითარებული ქვეყნის სტარტაპებს, უბრალოდ მათ უფრო დიდი შესაძლებლობა აქვთ, რომ რაც შეიძლება მალე შექმნან პროტოტიპი, დატესტონ, პოტენციურ კლიენტებსა თუ ინვესტორებს წარუდგინონ იდეები და მოიპოვონ დაფინანსება.

M: ტექნიკურად, რამდენად რთულია გაფართოებული (აუგმენტური) რეალობის გამოყენება აპლიკაციის ფუნქციონალში? როგორ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
პროცესი მიმდინარეობს და საცდელი ნიმუშების დასრულებისთანავე შეიტყობთ ამის შესახებ. ჩვენ 3D მოდელირებისა და დიზაინის გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, უფრო ვმუშაობთ მის ინტეგრაციაზე AR-ში და აპლიკაციაზე. ამ მხრივ, ჯერ კიდევ მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე პროგრამისტთან. გვინდა, რომ ტესტირებისთვის 3D მოდელი შესაბამისად იყოს მორგებული აპლიკაციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ აპლიკაციის შექმნას მხოლოდ ტექნიკური, 3D მოდელირებისა და პროგრამირები ცოდნა როდი სჭირდება, არამედ საჭიროა ხელოვნებათმცოდნის კვლევა.

M: ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობაზე საუბრობთ. უკავშირდება თუ არა ეს ამა თუ იმ ძეგლის ვირტუალურ რესტავრაციას? რას მოიცავს ეს პროცესი?
დიახ, ვირტუალურ რესტავრაციაში ჩვენთან ერთად ჩართულები იქნებიან ხელოვნებათმცოდნეები და პროგრამისტები. აპლიკაციაში ასახული უნდა იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მაქსიმალურად ზუსტი პირვანდელი ვარიანტი, ისტორიული ფენებიც კი. იმ შემთხვევაში, თუ არ ვიცით ისტორიული ძეგლის პირვანდელი სახე, მისი არც ნახაზი გვაქვს, არც ფოტო, არც ესკიზი, ამ დროს ხდება ვარაუდით რესტავრაცია. ვენეციის ქარტიაში ნათლად წერია: „იქ მთავრდება რესტავრაცია, სადაც იწყება ვარაუდი“. ამიტომ, როგორც წესი, ასეთ ისტორიულ ძეგლებს უტარდებათ კონსერვაცია, ეს კი არ უშლის ხელს მათ ვირტუალურ რესტავრაციას, რადგან ისე, რომ ძეგლს ფიზიკურად არ ვეხებით, მის შესაძლო პირვანდელ ვიზუალს ვხდით პრეზენტაბელურს, რადგან დამთვალიერებელს აინტერესებს ძეგლის როგორც ისტორიული ღირებულება და ნანგრევები, ასევე მისი პირვანდელი სახის ნიმუში, ვიზუალური და ინტელექტუალური შთაბეჭდილება.

M: რა გზა უნდა გაიაროს „დიჯიმ“ იმისათვის, რომ საერთაშორისოდ აქტუალური აპლიკაცია გახდეს?
სატესტო ნიმუშების დასრულებისთანავე გავიგებთ, როგორ იმუშავებს აპლიკაცია და რა ხარისხის გამოცდილების შეთავაზებას შევძლებთ დამთვალიერებლებისთის. ასევე, ვაპირებთ რამდენიმე საგრანტო პროექტზე გასვლას. ვაპირებთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან კოლაბორაციას: მკველვარებთან, არქიტექტორებთან, პროგრამისტებთან, ტურიზმთან დაკავშრებულ პირებთან და კომპანიებთან.

ჩვენ გვჯერა რომ პლატფორმა DG (დიჯი) გადაახალისებს კულტურული ძეგლების წარმოჩენასა და მის დათვალიერებას, გვექნება ნაკლები დაზიანებული ისტორიული ძეგლი, ხოლო სხვა მხრივ, კიდევ უფრო განვავითარებთ და ახალ გამოცდილებას შევძენთ პროექტში ჩართულ სხვადასხვა დარგის სპეციალისტს.

ამ ეტაპზე, მიუხედავად სხვადასხვა კონკურსში მიღწეული წარმატებისა, აპლიკაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ აქტუალურია. საჭიროა 3D მოდელირებული, საცდელი ნიმუშების აპლიკაციისთვის მორგება, რისთვისაც მუშაობენ და იმუშავებენ, როგორც არქიტექტორები და დიზაინერები, ასევე, ხელოვნებათმცოდნეები და პროგრამისტები. სავარაუდოდ, სტარტაპი ითანამშრომლებს ისეთ ორგანიზაციებთან, თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა თუ ტურიზმის მიმართულებით მოღვაწეობენ. მიმდინარე ინფორმაციით, აპლიკაციის გადმოწერა უფასოდ იქნება შესაძლებელი, ხოლო თითოეულ ძეგლს, რომლის დათვალიერებასაც ისტორიულ ადგილზე ყოფნისას, თუ სახლში გადაწყვეტთ, განსაზღვრული ფასი ექნება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შეგვიძლია მივიღოთ ისტორიული ძეგლების დათვალიერების ახალი – ვირტუალური პრაქტიკა, რომელიც გაფართოებულ რეალობას გამოიყენებს და მოგვცემს ამა თუ იმ ძეგლის პირვანდელ ვარიანტში პროექციის შესაძლებლობას.

ავტორი: ხატია თორდუა

ჯესიკა უოლში საკუთარ სააგენტოს ხსნის – “& Walsh” ახალი ნაბიჯი თავბრუდამხვევ კარიერაში

Euronews საქართველოში შემოდის