იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც პროფესიული განვითარება ერთჯერადი გადაწყვეტილება კი არა, არამედ უწყვეტი პროცესია, მრავალფეროვანი კარიერული თუ პერსონალური გამოცდილება, არჩევანის გაკეთების გამბედაობა და თვითშემეცნება მთავარი ღირებულებებია, რომლებიც ერთიანობაში არ გაჩერების, მუდმივი წინსვლისა და განვითარების მსოფლმხედველობას ქმნიან.
სწორედ ასეთია საქართველოს ბანკის გუნდის წევრის, მირანდა ხუციანიძის მოგზაურობაც, რომელმაც ის ტალანტების მოზიდვის სამსახურის უფროსის პოზიციამდე მოიყვანა. ამასთან, მისი საქმიანობაც ასეთივე ადამიანების მოძებნას და მათთვის განვითარების, პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
გარშემო მყოფი ადამიანების როლი
სკოლიდან მოყოლებული, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი, ვუყურებდი, როგორ უყვარდათ საკუთარი საქმე და როგორი დისციპლინით, თავგანწირვით მეცადინეობდნენ საათობით, ვუყურებდი ბევრ მათ წარმატებას და წარუმატებლობას, როგორ აძლიერებდათ და ბრძოლის უნარს მატებდათ, ვხედავდი, რომ დიდი შრომის გარეშე წარმატება „გენიოსებთანაც“ არ მოდიოდა. ამან კი ჩამომიყალიბა რწმენა, რომ დისციპლინით და შრომით ყველაფრის სწავლა და გადალახვა შესაძლებელია.
რაშიც ნამდვილად გამიმართლა ცხოვრებაში, არის ის, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის ჩნდებოდნენ ჩემ გვერდით გადამწყვეტ მომენტებში, მაძლიერებდნენ და ბიძგს მაძლევდნენ. შესაბამისად, მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი პიროვნული თუ კარიერული ჩამოყალიბების პროცესში.
პროფესია — როგორც მოგზაურობა და არა, დანიშნულების წერტილი
საქართველოში პროფესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ძალიან პატარა ასაკში გვიწევს, მეც ბევრი არ მიფიქრია არჩევანზე, სადაც ჩემი ყველა მეგობარი იქნებოდა, იქ მინდოდა, ამიტომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედში“ ვსწავლობდი და 16 წლის ასაკში, ვიტყოდი, არც ისე გააზრებულად, ინერციით ჩავაბარე კონსერვატორიაში.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მთელი ოჯახი მათემატიკის დიდი მოყვარულია — მამა მათემატიკოსი მყავდა, პარალელურად, ვცადე, ეკონომიკის მიმართულებითაც ჩამებარებინა, სადაც, ჩემდა გასაკვირად, ჩარიცხულთა სიაში აღმოვჩნდი. ასე გავაგრძელე სწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზე.
შემდეგ, დიდ ასაკში, უკვე ძალიან გააზრებულად დავასრულე მაგისტრატურა გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულებით და ვიტყოდი, რომ არაფერი ყოფილა ზედმეტი ან არასწორი ამ თავგადასავალში, რადგან დღეს ჩემ საქმიანობაში ყველა მიმართულების საჭიროებას ვგრძნობ.
შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილი ასეთია — ყველაფერი, რასაც ვისწავლით, უკვალოდ არ იკარგება, არამედ ჩვენში ილექება და, საჭიროებიდან გამომდინარე, გვიტივტივდება გონებაში.
პირველი ნაბიჯები შესაძლებლობებით სავსე სამყაროში
პირველი სამსახური საფინანსო სექტორში, „დროებით”, სწავლის პარალელურად, დავიწყე, უკვე მიღებული მქონდა სტიპენდია და ჩაბარებული მქონდა ამერიკაში Boling Green State University-ში Musical Arts-ის მიმართულებით. აქ სწავლა უნდა გამეგრძელებინა ჩემი პირველადი პროფესიით, თუმცა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, უარი ვთქვი სტიპენდიაზე და საქართველოში დარჩენა გადავწყვიტე.
19 წლის ასაკში, სწავლის და მუშაობის შეთავსება რთული გამოცდილება აღმოჩნდა, თუმცა ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შემოსავალი და არც ისე „ბედნიერმა” განვაგრძე მომხმარებლების მომსახურება. თუმცა, დღითიდღე უფრო მეტი პასუხისმგებლობის და გამოწვევის წინაშე ვდგებოდი, მეც უფრო და უფრო მეტად მომწონდა ჩემი საქმიანობა და უფრო დიდი სურვილი მიჩნდებოდა მეკეთებინა მეტი, უკეთ.
საქართველოდან წასვლის ფიქრიც ნელ-ნელა წარსულში რჩებოდა, ამიტომ მეტად ვაკვირდებოდი ჩემს შესაძლებლობებს და სურვილებს, რისი კეთება გამომივიდოდა და გამაბედნიერებდა ყველაზე მეტად.
ზუსტად ასე აღმოვჩნდი ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში, სადაც ჩემს მიმართულებაში საკმაოდ მაღალი პოზიციიდან სტაჟიორად გადავედი და ხელფასის 70%-იანი კლება განვიცადე. მაგრამ ისე მჯეროდა ჩემი გადაწყვეტილების, ზუსტად 1 წელში იმავე ხელფასის ნიშნულს მივაღწიე. ასე რომ, ნუ შეუშინდებით გამოწვევებს, არ გაჩერდეთ და ხშირად ჩაუღრმავდით თქვენს თავს, რათა უკეთ გაიცნოთ და დაინახოთ შესაძლებლობები თუ პერსპექტივები.
მოსალოდნელი მოულოდნელობა და არ გაჩერების გზა
საქართველოს ბანკს 2020 წელს შემოვუერთდი ტალანტების მოზიდვის პროფესიონალის პოზიციაზე. ჩემი ფეხის შემოდგმა საქართველოს ბანკში და კორონა ვირუსის ორომტრიალის დაწყება ერთი იყო. ფაქტობრივად, ზუმის საშუალებით მოხდა ჩემი სამსახურში მიღება და კოლეგების გაცნობა.
ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მომიწია, თუმცა საქმისადმი ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე დამაწინაურეს — ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ასეთ პატარა დროში კომპანიაში ტოპ პროფესიონალები ნდობას გიცხადებენ და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას გაბარებენ.
თუ აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს…
რასაც დღეს ვაკეთებ, შთამბეჭდავი და ამოუწურავია, ყოველდღიურობაში დიდი ენერგიის და შინაარსის მატარებელი… ჩემი საქმე არასდროსაა ერთფეროვანი, ყოველდღე მაქვს შეხება განსხვავებულ ტალანტებთან, მენეჯერებთან, გადაწყვეტილებებთან, რაც, ერთი მხრივ, დიდი ფუფუნებაა და, მეორე მხრივ, დიდი გამოწვევა.
ამ ეტაპზე ვხელმძღვანელობ ტალანტების მოზიდვის გუნდს, ეს მოიცავს სრულ ციკლს სტრატეგიული დაგეგმვიდან დასაქმებამდე და კანდიდატების გამოცდილების მართვამდე.
მომწონს იმ შედეგის და ზეგავლენის ნახვა, რომელიც სწორ შერჩევას მოაქვს როგორც გუნდზე, ისე ბიზნესსა და მთელ ორგანიზაციაზე. სასიამოვნოა იმის დანახვა, როგორ ვხდებით დიდი ცვლილებების ნაწილი და მხარდამჭერი. ჩემი ამოცანაა, სწორად შევაფასო პროფესიონალებისა და ტალანტების გამოცდილება, პოტენციალი, და, ამასთან, ვიყო სანდო პარტნიორი ბიზნესისთვის.
განსაკუთრებით მომწონს ჩემი საქმის კომპლექსურობა, რადგან მიწევს მუშაობა როგორც ადამიანებთან, ისე ბიზნესის საჭიროებებთან, რაც მაძლევს ფართო ხედვას და განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო გარემოს თავადვე ვქმნით და რითაც დღეს ყველაზე მეტად ვამაყობ, ჩემი ყოვლისშემძლე გუნდია — იმდენად განსხვავებული ინტერესებისა და კულტურის პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ ერთად, რომ, ერთი შეხედვით, ერთ გუნდში გვერდიგვერდ მუშაობას ვერც უნდა ახერხებდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა ჩემი მიმართულების წარმატების მიზეზიც — აქ გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან საკუთარი საქმის სიყვარულით და მიზნისკენ სწრაფვით. თითოეულ მათგანს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს, რაც სამუშაო პროცესში გვაძლევს შესაძლებლობას, საქმის არსი სხვადასხვა პრიზმიდან დავინახოთ.
უბრალოდ ერთად როგორ მუშაობენ, ამაზე დაკვირვებაც კი დიდი სიამოვნებაა, რომ აღარაფერი ვთქვა სამუშაო შედეგებზე… სწორი სტრატეგია, ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობები, გულშემატკივრობა და გვერდში დგომა, ბევრი მუშაობა და კიდევ უფრო მეტი გართობა წარუშლელ გამოცდილებას გვიქმნის გუნდის თითოეულ წევრს.
[პარტნიორის კონტენტი]












