in

„არ გაჩერდე“, როცა ბავშვობის თამაში პროფესიად იქცევა — მზია ოქროპირიძე

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვობაში თამაშის დროს ბანკში დასაქმებულის როლის მორგება გადაწყვიტა. წინ უამრავი ფურცელი ედო, საქმიანად კითხულობდა და წერდა — სწორედ ამას თვლის საბანკო სფეროსადმი გაუცნობიერელი ინტერესის საწყისად მზია ოქროპირიძე, რომელიც დღეს საქართველოს ბანკის უფროსი საოპერაციო ბანკირია. უმაღლესი განათლებაც ამ სფეროში აქვს მიღებული, მართალია, ოჯახში არავინ ჰყავდა მსგავსი გამოცდილებით, მაგრამ სწორედ ეს იქცა მოტივაციად, არ გაჩერებულიყო. თვითგანვითარებაზე ზრუნვამ, კარიერულ გზაზე არაერთ პოზიციაზე მუშაობა გამოაცდევინა, ახლაც პროფესიული სრულყოფისკენ ისწრაფვის და არ ჩერდება. 

სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემი გამოცდილებით და ცოდნით ვეხმარები პრობლემის გადაჭრაში, საკითხის გამარტივებაში ან ცხოვრების გაუმჯობესებაში. საბოლოოდ, სწავლის დასრულების შემდეგ, პროფესიული გზის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ბანკში გადავდგი — უკვე თითქმის ოთხი წელია, რაც ამ სფეროში ვარ და ეს არჩევანი ჩემთვის სრულად ბუნებრივად ჩამოყალიბდა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით.

საბანკო სფეროში კონკრეტული ადამიანი არ მყავდა სამაგალითოდ. ოჯახში მე ვარ პირველი, ვინც ამ სფეროშია და ამან, პირიქით, დამატებითი მოტივაცია მომცა, საკუთარი ძალებით გამეკვალა გზა იქ, სადაც ყველაფერი თავიდან უნდა მესწავლა და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, სწორედ მაშინ გამყარდა საბოლოოდ ჩემი კავშირი ამ სფეროსთან და უკვე გაცნობიერებული სურვილით გადავდგი პირველი ნაბიჯები საბანკო კარიერისკენ. დღეს კი მოტივაციას ვიღებ ჩემი შრომის შედეგებიდან და იმ პატივისცემისგან, რომელსაც კოლეგების და მომხმარებლების მხრიდან ვგრძნობ.

ჩემი კარიერული გზა მაგთიკომში დაიწყო, ქოლცენტრში, სადაც საზაფხულო სტუდენტური დასაქმებით მოვხვდი — ეს იყო ჩემი პირველი შეხება რეალურ სამუშაო გარემოსთან. სტაჟირების დასრულების შემდეგ, შემომთავაზეს მუშაობის გაგრძელება და სამი წელი გავატარე ამ კომპანიაში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მომწონდა ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალი სამსახურის ძიება დავიწყე. სწორედ ამ დროს ვნახე ვაკანსია საქართველოს ბანკში, დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტში, სადაც მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ეძებდნენ გუნდის ახალ წევრებს. მივიჩნიე, რომ ეს იქნებოდა კარგი საწყისი ნაბიჯი საბანკო სფეროს შესასწავლად და გავაგზავნე რეზიუმე, გავიარე გასაუბრება და მალევე დავიწყე ჩემი კარიერა საბანკო სფეროში. პირველ პოზიციაზე, ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე, შემდეგ კი შედეგების საფუძველზე შემომთავაზეს დაწინაურება და იმავე დეპარტამენტში უფრო მრავალფეროვან პოზიციაზე გადავედი პირადი საბანკო მრჩევლის როლზე.

ამის შემდეგ გავიგე, რომ იხსნებოდა ახალი დეპარტამენტი ემიგრანტების მომსახურებისთვის — გადავწყვიტე, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამომეყენებინა, ახალი მიმართულების გაშვების პროცესებში ჩართვა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ყველაფრის ნულიდან დაწყება და მისი განვითარება, გამოწვევებთან ერთად, დიდი გამოცდილება გახლდათ. ასე დავიწყე მუშაობა ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, დღეს უკვე ვმუშაობ უფროს საოპერაციო ბანკირად — გზას კი, რომელიც აქამდე გავიარე, მივიჩნევ, როგორც გამოცდილების ეტაპობრივ დაგროვებას, სადაც ყოველი პოზიცია მომზადება იყო შემდეგი ნაბიჯისთვის.

დღეს ემიგრანტების სეგმენტთან ვმუშაობ და ჩემი ყოველდღიური ამოცანა მათთან პროაქტიული კომუნიკაციაა. მიზანი მარტივია, ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ და მუშაობენ, გავაცნო ჩვენი დეპარტამენტი, ვესაუბრო იმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ ყოველდღიური ცხოვრების გასამარტივებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრ მათგანს სწორედ დღეს აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს საკუთარი საბანკო ისტორიის შექმნა — რაც მომავალში ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას. 

ყველაზე დიდი მოტივაცია და სიხარული ჩემთვის მომხმარებლების დადებითი უკუკავშირია. როცა ვგრძნობ, რომ მათგან მოდის მადლიერება, ეს მაძლევს ძალას, არ გავჩერდე და კიდევ უკეთესად ვაკეთო საქმე. ამან არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული კმაყოფილებაც მომიტანა. კიდევ ერთი დიდი სტიმული იყო ის, რომ 2023 და 2024 წლებში დავსახელდი წლის საუკეთესო თანამშრომლად, რაც უდიდესი დაფასება და მოტივაციაა.

ამასთან, ჩემთვის სამსახურში ადამიანური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გამიმართლა იმ მხრივ, რომ კოლეგებთან არ დავრჩი მხოლოდ საქმიანი ურთიერთობის დონეზე და ისინი დროთა განმავლობაში ჩემთვის ძვირფას ადამიანებად იქცნენ. მიხარია, რომ ამ გზაზე სწორედ ასეთი ადამიანები შემხვდნენ — გულწრფელები, პოზიტიურები, რომლებიც მუდამ შენ გვერდში დგანან.

ხოლო თვითგანვითარება ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ მცდელობას, ვიყო ოდნავ უკეთესი, ვიდრე გუშინ, როგორც პროფესიულად, ისე ადამიანურად. ამისთვის კი მთავარია, ყოველთვის მზად იყო სწავლისთვის. ვცდილობ, თითოეულ გამოცდილებაში ვიპოვო რაიმე ახალი — მომხმარებლის უკუკავშირიდან, კოლეგებთან კომუნიკაციიდან ან უბრალოდ ყოველდღიური სიტუაციებიდან. ჩვენს გუნდში ძალიან ბუნებრივად მოხდა ის, რომ ერთმანეთს ხშირად ვუზიარებთ ცოდნას, ვეხმარებით განვითარებაში და ამით საერთო შედეგიც უმჯობესდება.

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია თვითონ პროცესია — წინსვლა, ახალი გამოწვევები და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა. ამიტომაც, ის ფილოსოფია, რომლითაც ყოველდღიურად ვმუშაობ, ზუსტად ეხმიანება საქართველოს ბანკის მთავარ გზავნილს — არ გაჩერდე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

24 ივნისს SANGU და NKU თბილისის პირველ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციას უმასპინძლებენ

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვინაობა 3 ივლისს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი