in

„არ გაჩერდე – ჩემთვის ეს არის განუწყვეტელი მოძრაობა წინ, ახალი ცოდნის და ინოვაციების გზაზე“ – ფიქრია გრძელიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები, ინოვაციური სერვისები და საუკეთესო საბანკო გადაწყვეტები – ეს საქართველოს ბანკია, რომელსაც 8000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდი ქმნის. მათი პრიორიტეტი კი ერთია – შექმნან მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული საბანკო გამოცდილება.

ამ პროფესიონალებს შორის ერთ-ერთი ფიქრია გრძელიშვილია, რომელიც საქართველოს ბანკის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა. მას შემდეგ კი კარიერული განვითარების გრძელი და საინტერესო გზა გაიარა. ფიქრია, დღეს Expert IT ხარისხის მართვის ინჟინრის პოზიციას იკავებს, ინტერვიუში კი ის საკუთარი  გამოცდილებისა და გუნდის საქმიანობის შესახებ გვიყვება: 

როგორი იყო საქართველოს ბანკის გუნდში onboarding-ის პროცესი?

საქართველოს ბანკის გუნდს 2019 წელს შემოვუერთდი. ონბორდინგის ფარგლებში თავდაპირველად ბანკის მოდულებსა და სისტემებს გავეცანი. ბევრი რამ სწორედ კოლეგებისგან ვისწავლე, თანამშრომლების პროფესიონალიზმმა კი სასიამოვნოდ გამაოცა. საქართველოს ბანკის გუნდის წევრები თითოეულ საკითხს დიდი ყურადღებით ეკიდებიან და ცდილობენ, პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გადაჭრან. ამასთან, მათი მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა სამუშაო პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. თანამშრომლობის ეს კულტურა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რომელიც სამუშაოს დაწყებისთანავე შევნიშნე.

როგორი იყო თქვენი კარიერული განვითარების გზა?

საქართველოს ბანკში ჩემი კარიერული განვითარება მრავალფეროვანი აღმოჩნდა. კარიერა IT Help Desk სპეციალისტად დავიწყე, სადაც ჩემი მთავარი როლი ბანკის თანამშრომლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა იყო. ამ პოზიციამ შესაძლებლობა მომცა ბანკის შიდა სისტემები კარგად გამეცნო. პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარებს სწორედ ამ დროს დავეუფლე. შემდეგ IT Core Systems Specialist პოზიციაზე გადავედი. აქ ჩემი როლი უკვე ბანკის ძირითადი სისტემების მხარდაჭერას გულისხმობდა. ეს იყო გადამწყვეტი ეტაპი, რადგან სწორედ აქ გავაღრმავე ჩემი ტექნიკური ცოდნა მონაცემთა ბაზების მხრივ და გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბანკის ფუნქციონირებისთვის უწყვეტი მხარდაჭერა.

ახლა Data-ს მიმართულებით, IT Quality Management Engineer-ად ვმუშაობ. ჩემი ამჟამინდელი როლი ბანკის მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფასა და პროცესების მუდმივ მონიტორინგს მოიცავს, რათა მონაცემები და ანალიტიკური პროცესები მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ეს როლი მაძლევს შესაძლებლობას, ჩართული ვიყო მონაცემთა სტრატეგიის გაუმჯობესებასა და მათი ხარისხის მართვაში. 

რას გულისხმობს უშუალოდ თქვენი და თქვენი გუნდის საქმიანობა? 

ჩემი გუნდის ძირითადი საქმიანობა მონაცემების ერთი სისტემიდან მეორეში გადატანას მათი ტრანსფორმაციის პროცესს და შესაბამის მონაცემთა ბაზებში ჩაწერას მოიცავს. 

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ მონაცემები იყოს ინტეგრირებული და თანმიმდევრული ბანკის სხვადასხვა სისტემებში, რაც ოპერაციების და ბიზნესპროცესების ეფექტური მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი გუნდი ქმნის მნიშვნელოვან ღირებულებას როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის და მთლიანად ბანკისთვის, რადგან ხელს უწყობს სისტემებს შორის მონაცემთა ზუსტ და დროულ მიწოდებას, რაც მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხს ზრდის.

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი დამწყები და გამოცდილი IT ხარისხის მართვის ინჟინრებისთვის?

ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება პროფესიული განვითარება და თითოეულ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა, ცოდნა მუდმივად გაიღრმავოს. შესაბამისად, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს როგორც დამწყები, ისე გამოცდილი IT ხარისხის მართვის ინჟინრების კარიერულ განვითარებას. 

დამწყებებისთვის ბანკი უზრუნველყოფს ტრენინგებსა და მენტორინგს, რათა სწრაფად აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიმართულებითაც გაძლიერდნენ. გამოცდილი სპეციალისტებისთვის კი ბანკი ქმნის გამოწვევებით სავსე გარემოს, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალი მასშტაბების მიღწევისთვის გამოიყენონ. ეს მოიცავს რთულ და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას, ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნასა და გუნდური ლიდერობის შესაძლებლობებს, რაც მათ პროფესიონალურად ზრდის.

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში ისწავლეთ და რა გაძლევთ მოტივაციას,  არ გაჩერდეთ?

ბანკში მუშაობის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე, გუნდური მუშაობის მნიშვნელობაა. რთული და მასშტაბური პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, სხვადასხვა დეპარტამენტისა და ექსპერტების მჭიდრო კოორდინაციას მოითხოვს. ამ პროცესში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური ძალისხმევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და კომუნიკაცია, რათა სასურველ შედეგებს მივაღწიოთ. 

მოტივაციას კი იმის შეგრძნება მაძლევს, რომ ჩემი სამუშაო რეალურ ღირებულებას ქმნის როგორც ბანკისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. არ გაჩერდე ჩემთვის ნიშნავს განუწყვეტელ მოძრაობას წინ, ახალი ცოდნის შეძენას და ინოვაციების დანერგვას, რაც ჩვენი გუნდის წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. საქართველოს ბანკის ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო მუდმივად მაძლევს მოტივაციას, რომ უკეთეს შედეგს მივაღწიო და  წარმატებები გუნდთან ერთად გავიზიარო.

[პარტნიორის კონტენტი]

რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს

სამი საკვანძო ფრაზა, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ მოლაპარაკებებისას