ასისტენტ პროფესორი, გრანტ დონელი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: გასულ ზაფხულს, მოწვევა მივიღე ჩემი მეგობრისგან, პარიზში, თავის ქორწილში მეპატიჟებოდა. რა თქმა უნდა, აღვფრთოვანდი ამ ამბით, თუმცა, მალევე, გონებაში ორი რამ ამეკვიატა: პარიზი ძვირი დამიჯდებდა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ დროის თვალსაზრისითაც. ამიტომ, გადავწყვიტე, ქორწილს არ დავესწრებოდი. თუმცა, ამჯერად უკვე, სხვა პრობლემამ იჩინა თავი. რა ფორმით უნდა მეთქვა ეს ჩემი მეგობრისთვის… უბრალოდ, მეპასუხა, რომ ვერ შევძლებდი წასვლას? თუ უნდა დამეკონკრეტებინა, რომ არ მქონდა დრო ან პარიზში წასასვლელად საკმარისი ფული? რომელი იყო სიმართლის თქმის საუკეთესო გზა, რომელიც ჩვენს მეგობრობას ზიანს არ მიაყენებდა?
როდესაც მეგობრები და კოლეგები სადმე გვეპატიჟებიან, ძირითადად, ასეთი სახის შეკრებები ჩვენი დროისა თუ ფულის ან ორივეს ერთად ინვესტირებას მოითხოვს და სწორედ რომელიმე მათგანის გამო გვიწევს ხოლმე მოწვევაზე უარის თქმა. და თუ გიფიქრიათ, როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს უარს? რა ზეგავლენას ახდენს ბოდიშები მომავალში ჩვენს ურთიერთობებზე?
კოლეგებთან – ეშლი უილანსი, მაიკლ ნორტონი და ენ უილსონი – ერთად, გრანტ დონელმა, ტვიტერის დახმარებით, 3 ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ მოწვევაზე უარის თქმა, დროის უქონლობის გამო, ურთიერთობებს აზიანებს, იმ დროს, როცა საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზი პირიქით, კიდევ უფრო ამყარებს კონტაქტებს.
როგორ რეაგირებენ ადამიანები ჩვენს ბოდიშებზე
კვლევის პირველ ნაწილში ტვიტერის მომხმარებლებს შორის კომუნიკაცია გავაანალიზეთ. 2018 წლის ერთ-ერთი კვირის პერიოდში, შევაგროვეთ კონკრეტული მომხმარებლების ტვიტები, რომლებიც შეიცავდა ფრაზებს: „არ მაქვს ფული“ ან „არ მაქვს დრო“… საერთო ჯამში, 2310 ტვიტი. აღმოჩნდა, რომ ტვიტერის მომხმარებლები ნაკლებად „ალაიქებდნენ“ იმ პოსტს, რომელიც ეხებოდა შეზღუდულ დროს, ფულის არქონის შემთხვევისგან განსხვავებით. და ეს ეფექტი არ იყო მომხმარებლის ტვიტერზე აქტიურობასა თუ მისი მიმდევრების რაოდენობაზე დამოკიდებული.
ამან მოგვცა იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უარის თქმის მიზეზებზე – იქნება ეს დროის არქონა თუ უფულობა. ტვიტერზე ნაკლებმტკივნეული შეიძლება იყოს ვინმესგან უარის მიღება, რადგან აქ უცნობებს შორისაც ხდება კომუნიკაცია. მაგრამ რა ხდება მეგობრებისა და კოლეგების შემთხვევაში? – ამის შესამოწმებლად, 327 სიძე-პატარძალთან, რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, თავიანთ ქორწილს გეგმავდნენ და სტუმრებს მოსაწვევებს უგზავნიდნენ, ინტერვიუები ჩავატარეთ. მათ ვკითხეთ, რამდენმა სტუმარმა თქვა უარი მოპატიჟებაზე ფულისა თუ დროის უქონლობის გამო? (როგორც გაირკვა, ყველას ეს ორი მიზეზი სჭარბობდა). და ასევე, წყვილებს ვთხოვეთ იმაზე დაფიქრებულიყვნენ, შეიცვალა, თუ არა მათი დამოკიდებულება მეგობრის მიმართ, რომლებმაც უთხრეს, რომ მათ ქორწილში ვერ მივიდოდნენ. სიძე-პატარძლებმა თქვეს, რომ სანამ დადებით ან უარყოფით პასუხს მიიღებდნენ, ისინი თანაბრად ახლობლად მიიჩნევდნენ სტუმრებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა უარი თქვა ქორწილში მისვლაზე, მით უფრო, დროის უქონლობის გამო,მათი დამოკიდებულება შეიცვალა.
რატომ შეიძლება დროის უქონლობამ ადამიანებს შორის ურთიერთობები გააციოს? – ამის გასარკვევად 300 ზრდასრულ ადამიანს ასეთი სცენარი მივეცით: მათ მეგობარი უნდა დაეპატიჟებინათ სადილზე და დაკვირვებოდნენ, რა გავლენას მოახდენდა მათი პასუხი ურთიერთობაზე. შედეგებმა ცხადყო, რომ ის მეგობრები, რომლებიც შეხვედრაზე დროის უქონლობის გამო ვერ მიდიოდნენ და ისინიც, რომლებმაც უარის თქმის გამო ბოდიშიც კი არ მოიხადეს, თანაბრად ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ერთად სადილობის ინიციატორის აღქმაში მათს ურთიერთობაზე. რაც შეეხება უკუკავშირს „საკმარისი ფული არ მაქვს“, რომ ერთად ვისადილოთ, ასეთმა უკუკავშირმა, კიდევ უფრო დააახლოვა მეგობრები ერთმანეთს.
რა არის ამის მიზეზი? – საზოგადოებაში არსებული რწმენები. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს საკუთარი დროის კონტროლი თავადვე შეუძლიათ და თუკი გვეუბნებიან, რომ ჩვენს ნახვას დროის უქონლობის გამო ვერ შეძლებენ, ესე იგი, მათ ჩვენი ნახვა არ სურთ. შესაბამისად, მიდრეკილები ვართ, რომ ასეთი პასუხის ავტორებს ნაკლებად ვენდოთ, ნაკლებად ახლობლებად მივიჩნიოთ და ნელ-ნელა საერთოდაც, ჩამოვშორდეთ.
რაც შეეხებაქ საკმარისი ფულის არქონას, ეს აღქმულია, როგორც ნაკლებად პერსონალური მიზეზით გამოწვეული და შესაბამისად, ბევრად უფრო დამაჯერებელი და საპატიო გარემოება, ვიდრე საკმარისი დროის უქონლობა.
თუ გვინდა, ჩვენი დრო და ფული – ჩვენი ცხოვრების ორი უმნიშნელოვანესი და ღირებული რესურსი – ეფექტურად ვმართოთ, გვჭირდება, ვიცოდეთ „არას“ თქმა. მაგრამ თუ გვინდა, ადამიანები და ურთიერთობები შევინარჩუნოთ, უნდა შევარჩიოთ უარის მისაღები ფორმით სათქმელად.
რა თქმა უნდა, არსებობს გარემოება, როცა საკმარისი თანხა არ მაქვს ამისთვის“ შეუფერებელი მიზეზია უარის სათქმელად და ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს პასუხი: „არ მაქვს ამის ენერგია“, რადგან ადამიანები ამას, ისევე როგორც ფინანსებს, ნაკლებკონტროლირებადად მიიჩნევენ, ვიდრე დროს.
ქორწილში არ წავედი და ჩემს მეგობარს მივწერე, რომ პარიზში გასამგზავრებლად საკმარისი დრო არ მქონდა. თუმცა ამ თემაზე საუბარი ჩემი უარის თქმით არ დამთავრებულა. მე ძალიან ხშირად ვურეკავდი და ქორწილის დაგეგმვის ამბებში დისტანციურად ვიყავი ჩართული. ეს იყო ის „მსხვერპლი“, რისი გაღებაც იმ მომენტში, ჩვენი ურთიერთობისთვის შემეძლო.
რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა გამოსავალი, უბრალოდ, უარის თქმაა, თუმცა თუ ურთიერთობა გვიღირს, აუცილებლად ვიპოვნით გამოსავალს, როგორ გამოვხატოთ ყურადღება და დავამტკიცოთ, რომ ეს ურთიერთობა ჩვენთვის ძვირფასია.
წყარო: HBR