22
Mar
2019

„არა ინტელექტის ოკუპაციას“ – ვინ (და)იცავს ქართველ ხელოვანთა საავტორო უფლებებს?!

22 Mar 2019

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას“ დაიწყო. მისი თავმჯდომარე გიგა კობალაძე ამბობს, რომ პროტესტი ახალდდაფუძნებულმა ორგანიზაციამ გამოიწვია, რომელმაც ამავე მიმართულებით უნდა იმუშაოს, მაგრამ, რეალურად, ქართული ინტელექტუალური საკუთრებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

#არაინტელექტისოკპუაციას

ქართველი ხელოვანები საავტორო უფლებებში რუსული საფრთხის წინააღმდეგ – #არაინტელექტისოკუპაციას!სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/H5MPpSby2OU

Gepostet von GCA – Georgian Copyright Association am Dienstag, 19. März 2019

კამპანიას საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის წევრი ხელოვანები და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია შეუერთდა.

გიგა კობალაძე

გიგა კობალაძე: კამპანია მიმართულია საავტორო უფლებებში და, ზოგადად, ქართულ სახელოვნებო სივრცეში რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენი ასოციაცია არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებული ასოციაციების მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიური წესით მართავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საქართველოში. ასოციაცია მართავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეპერტუარს, ჰყავს 2000 მდე ადგილობრივი წევრი და გაფორმებული აქვს რეპერტუარის ურთიერთწარმომადგენლობის 202 ხელშეკრულება მსოფლიოს ანალოგიურ ორგანიზაციებთან. სწორედ ამის საფუძველზე წარმოადგენს 5 მილიონზე მეტ ავტორსა და შემსრულებელს საქართველოში. ასოციაცია არის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაციის, CISAC-ის წევრი. CISAC-ი აერთიანებს 239 ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. საფრთხე რეალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო ჩვენგან უარი მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩენაზე.

ზაზა კორინთელი

ზაზა კორინთელი – #არაინტელექტისოკუპაციას! რუსეთი ცდილობს საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას. შემოგვიერთდით, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე! სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/posts/2278402002216577

Gepostet von GCA – Georgian Copyright Association am Mittwoch, 13. März 2019

M:  კონკრეტულად რას გულისხმობთ?

გ.კ. რუსეთის საავტორო უფლებების ორგანიზაციის, RAO-ს მიერ, 2017 წელს, CISAC-ის კონკურენტად დაფუძნდა ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია, EACOP-ი, რომელშიც რუსეთის გარდა, შედის სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელარუსი. იგივე RAO-ს მიერ, დაფუძნდა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორდინაციო ცენტრი, IP CHAIN -ი, რომელმაც დაიწყო ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში შეგროვებული ჰონორარის და ამ ჰონორარის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გაკონტროლება. 2017 წლიდანვე დაიწყო ზეწოლა საქართველოზე ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მიზნით. რუსეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად (გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის რუსეთის დელეგაცია იმყოფებოდა თბილისშიც) ქართული ასოციაცია არ გახდა ევრაზიული კავშირის წევრი. უარის მიზეზი მარტივი იყო: საავტორო უფლებების სფეროში რუსული ინტერესების გატარება ნიშნავს უკვე არსებული სისტემისთვის გამოუსწორებელი დარტყმის მიყენებას და პირველ რიგში, ქვეყნის იმიჯის შელახვას როგორს CISAC-ის, ისე მთლიანად ევროპული თანამეგობრობის თვალში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს უარყოფითად აისახება ჰონორარის შეგროვების პროცესზე და ამ  ჰონორარის დრამატულად შემცირებას. ჩვენგან უარის მიღების შემდეგ, დასაყრდენად მოძებნეს სენტიმენტალურად განწყობილი ქართველი მომღერლები, მაგალითად, დავით ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე, რომელთა მიერაც დაფუძნდა ორგანიზაცია, რომელმაც, თითქოს, უნდა უზრუნველყოს ქართველი მუსიკოსების საავტორო უფლებების მართვა. ასოციაციის დისკრედიტაციის და მის რიგებში არეულობის შეტანის მიზნით, დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, ტყუილი დაპირებების გაცემა.

M: ახლად შექმნილი ორგანიზაცია საავტორო უფლებების ასოციაციის ანალოგიურია? 

გ.კ. : ორგანიზაცია რომელიც დარეგისტრირდა არ წარმოადგენს ანალოგიურ ორგანიზაციას. ეს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი და ასეთი რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა აქვს ყველას. იმისთვის რომ ეს ორგანიზაცია იყოს ჩვენი ასოციაციის ანალოგი, მან უნდა მოიპოვოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის სტატუსი, რისთვისაც უნდა დააკმაყოფილოს საკანონმდებლო მოთხოვნები. კანონმდებლობა კი არ უშვებს მეორე ასეთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას. კანონში ნათლად არის განმარტებული, რომ შესაძლებელია არსებობდეს სფეროში მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, და ასეთი ორგანიზაცია ჩვენი ასოციაციის სახით უკვე არსებობს. გარდა ამისა, კოლექტიური მართვის სტატუსისთვის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ურთიერთწარმოამდგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ ორგანიზაციათაგან უმრავლესობასთან. მუსიკის სფეროში არსებობს 239 ასეთი ორგანიზაცია და ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს ასეთი ხელშეკრულება 202 ორგანიზაციასთან.

რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე – #არაინტელექტისოკუპაციას!რუსეთი ცდილობს საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას. შემოგვიერთდით, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე!სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/H5MPpSby2OU

Gepostet von GCA – Georgian Copyright Association am Freitag, 22. März 2019

M: კამპანიის დაწყება რატომ გადაწყვიტეთ?

გ.კ. : ისინი ეძებენ დასაყრდენს ასოციაციის რიგებში, რომ საკუთარი გეგმები განახორციელონ. მართალია, თავიდან დავით ევგენიძესთან ჰქონდათ შეთავაზება, რომ ის ჩადგომოდა ამას ყველაფერს სათავეში, მაგრამ უარი მიიღეს, სწორედ,  რუსული წარმომავლობის გამო. ამის შემდეგ კი იპოვნეს სხვა დასაყრდენი, მათი მეშვეობით ცდილობენ ჩვენთვის და მთლიანად სისტემისთვის ზიანის მიყენებას. ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა უკრაინაში მომხდარ მოვლენებსაც ამ სფეროში. 2013 წლამდე უკრაინის საავტორო უფლებების ორგანიზაცია იყო ლიდერი რეგიონში. 2013 წელს რუსეთმა შეძლო, კანონში ცვლილებების შეტანის გზით უკრაინაში შეექმნა ჯერ ორი, ხოლო საბოლოო ჯამში 19 ორგანიზაცია. რუსეთის კონტროლირებადმა ორგანიზაციებმა ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები, რასაც ჰონორარის ათჯერ შემცირება მოჰყვა. შედეგად, უკრაინამ არათუ დაკარგა ლიდერის პოზიცია, არამედ აღმოჩნდა ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსული აგრესიის შეკავების მიზნით, გადავწყვიტეთ დაგვეწყო კამპანია.

კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოსტერი

M: ახლად დაფუძნებული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი ამბობს, რომ არიან უკმაყოფილო ქართველი ავტორები, ვინც თვლის, რომ მოქმედი ასოციაცია მათ უფლებებს სათანადოდ ვერ იცავს. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს გაერთიანება.

გ.კ. : ეს გახლავთ დეზინფორმაცია, რომელსაც შეგნებულად ავრცელებენ და ამ გზით ცდილობენ, ასოციაციის რიგებში არეულობის შეტანას. არაერთი ჩვენი წევრი გვირეკავს ყოველდღიურად და გვაწვდის ინფორმაციას, რომ სისტემატურად უკავშირდებიან, არწმუნებენ რომ ასოციაცია ცუდად მუშაობს და სთავაზობენ მათთან გაერთიანებას. ჩვენი ორგანიზაციის გამართულად მუშაობაზე გარდა არაერთი საერთაშორისო შეფასებისა, მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2012 წელთან შედარებით, ასოციაციის მიერ შეგროვებული და წევრებისთვის გადახდილი ჰონორარის ოდენობა 20-ჯერ გაიზარდა. ასევე 10-ჯერ არის გაზრდილი იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ასოციაციის მეშვეობით იღებს ჰონორარს. მაგალითად 2018 წელს ჰონორარი 854-მა ადამიანმა მიიღო.

სექტორადა

სექტორადა – #არაინტელექტისოკუპაციას!რუსეთი ცდილობს საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას. შემოგვიერთდით, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე!სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/posts/2278402002216577

Gepostet von GCA – Georgian Copyright Association am Mittwoch, 20. März 2019

M: დავით ხუჯაძე, რომელიც, ასევე, ახლად დაფუძნებული ასოციაციის წევრია, ამბობს, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, თქვენგან, საავტორო უფლებების ასოციაციის შემავალი თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო . . .

გ.კ. : მინდა გითხრათ, რომ ასოციაციის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და აკმაყოფილებს CISAC-ის სტანდარტებს. ასოციაციის საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში გამოიცემა ბეჭდურად და ურიგდება ყველა წევრს. ანგარიში ქვეყნდება ვებ გვერდზე და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ანგარიში ასევე წარედგინება CISAC-ს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, საქპატენტს, და ბოლოს, ყველა წევრს, მათ შორის ხუჯაძესაც, სახელის და პაროლის გამოყენებით შეუძლია ნებისმიერ დროს ონლაინ ნახოს საკუთარი ჰონორარის წარმომავლობა ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით.

კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოსტერი

M: თქვენ ახსენეთ აჩი ფურცელაძეც. ის ამბობს, რომ წესებს განსაზღვრავენ წევრები და საინიციატივო ჯგუფი. „რაო“ კი მათ დიდ ბაზარზე გასვლაში ეხმარება.

გ.კ.: თავი, დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ამ ორგანიზაციის მესვეურები სწორედ რუსული დელეგაციის თანხლებით შემხვდნენ, სადაც პირდაპირ მოითხოვდნენ ჩვენი ასოციაციის ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას, თავადაც არაერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია იქმნება რუსეთის ქუდქვეშ, არის RAO-ს შვილობილი და უფრო მეტიც, ამ გზით შექმნილი ორგანიზაცია უკეთ შეძლებს ამ სფეროს რეგულირებას, რადგან რუსეთი ამ საქმეში უფრო ძლიერია.

#არაინტელექტისოკუპაციას

Levan Loudadze – #არაინტელექტისოკუპაციას! რუსეთი ცდილობს საავტორო უფლებებში გავლენის მოპოვებას. შემოგვიერთდით, ერთად შევაკავოთ რუსული საფრთხე! სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/GeorgianCopyrightAssociation/posts/2278402002216577

Gepostet von GCA – Georgian Copyright Association am Donnerstag, 14. März 2019

M: რაც შეეხება უშუალოდ კამპანიას . . .

გ.კ. : კამპანია დაიგეგმა ასოციაციის წევრი ხელოვანების აქტიური მონაწილეობით. ასოციაციასთან ერთად, კამპანიაში მონაწილეობენ ამ სფეროს მთავარი მოთამაშეები Bravo Records-ი  და GMI Rights Management-ი. გარდა ამისა, კამპანიას  შემოუერთდნენ მწერალთა სახლი და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო საყოველთაო გახდება და მასში ჩაერთვებიან ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები, სტუდენტები.

კამპანიის ფარგლებში შექმნილი პოსტერი

M: როგორ გაგრძელდება კამპანია „არა ინტელექტის ოკუპაციას“?

გ.კ. : კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს რუსულ აგრესიას, მოსყიდვის და დეზინფორმაციის გავრცელებას და ამ გზით როგორც ჩვენი ასოციაციის მუშაობის შეფერხებას, ასევე მთლიანად სისტემისთვის ზიანის მიყენების მცდელობას. გვაქვს იმედი, რომ საზოგადოება იქნება ერთიანი და შევძლებთ რუსული აგრესიის შეჩერებას.

განხილვა