15
Nov
2016

 არაფერია,  თუ სხვა შეარჩიეს – მედეა ტაბატაძე

15 Nov 2016

სამსახურის მაძიებლებისათვის სამუშაოს ძიების პროცესი კიდევ უფრო მეტ მუშაობას და მოტივაციას მოითხოვს. კანდიდატებს შორის კონკურენცია მაღალია- საინტერესო ვაკანსიების დინამიკა არასტაბილური, სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა კი მზარდი.

ხშირად ამბობენ, სამსახურის შოვნა მოგებული ლატარეასავითაა. სხვათაშორის , მენეჯერებიც იგივეს ამბობენ – “გაამართლა, კარგი თანამშრომელი დავიქირავეთ”. კარგი მეტაფორა არ არის, თუმცა ლატარეას ჰგავს ისეთ ვაკანსიაზე დასაქმება, სადაც კონკურენცია მაღალია,  ჩვენი გამოცდილების მსგავსი კანდიდატების რაოდენობაც მცირე არ არის.

ხშირია რჩევები, როგორ უნდა მოვემზადოთ ინტერვიუსთვის, რა კითხვებზე მოვამზადოთ პასუხები, როგორ ვუპასუხოთ კითხვას თუ რა ხელფასი გვინდა და ა.შ. ცხადია, ინტერვიუსთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკურენცია მაღალია და ვაკანსია ჩვენი ინტერესებსა თუ სურვილის შესაბამისია. მცირეა რჩევები, რა უნდა ვქნათ როდესაც კომპანიის რეკრუტერი გვიბრუნებს პასუხს, “სხვა შევარჩიეთ.”

not-hiringზოგადად, შერჩევის პროცესი რამოდენიმე ეტაპად იყოფა სამუშაოს მაძიებლისთვის, კერძოდ:

1. ვაკანსიის კარგად წაკითხვა, გააზრება;

2. საკუთარი CV -ს გადახედვა და ვაკანსიისთვის განახლება;

3. კომპანიაზე და ვაკანსიაზე ინფორმაციის მოძიება;

4. საკუთარ თავთან გასაუბრება, როდესაც ჩვენს შესახებ უნდა მოვამზადოთ (ქაოტურად საუბრის თავიდან აცილების მიზნით);

5.გასაუბრება- შეხვედრა რეკრუტერთან და მენეჯერთან;

6.რეკრუტერის პასუხი და კომპანიის გადაწყვეტილება. ეს პროცესი მომზადებას მოითხოვს. აი, გასაუბრების შემდეგ პასუხის მიღების პროცესი კი  ემოციურ მომზადებას მოითხოვს

ხშირად კომპანიის რეკრუტერებს და ჩვენც გვეკითხებიან- “რატომ არ ამიყვანეს?”, “რა არ მოეწონათ?”, “რა კითხვას ვერ ვუპასუხე კარგად?”. ცხადია არ არის კარგი, როდესაც უარს ვიღებთ ჩვენს სურვილსა და მზაობაზე, მაგრამ საწყენი და გულდასაწყვეტიც არაფერია. რაკი წეღან ვახსენეთ, შეგვიძლია ისევ ვთქვათ- “ლატარეა სხვამ მოიგო” და არაფერი გვიქნია ან გვითქვამს ისეთი, რაც “არ მოეწონათ”.

ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს ლატარეა შერჩევის პროცესში? არაფერი, გარდა მენეჯერის “ობიექტურად სუბიექტური” გადაწყვეტილებისა, როდესაც მენეჯერს ნამდვილად სხვა მოეწონა. სხვა კანდიდატი, რომელიც შეიძლება სწორედ ჩვენივე მსგავსი გამოცდილების მქონე კანდიდატია, მაგრამ მასთან ურჩევნია მუშაობა. ეს პროცესი ძალიან ჰგავს ჩვენს გადაწყვეტილებას ვისთან ვიმეგობრებთ, ვისთან ერთად ვიმეცადინებთ, ვისთან ერთად გავატარებთ თავისუფალ დროს და სხვ.

ზოგადად,ადამიანები სუბიექტურ შეფასებებს ვაკეთებთ და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციაში.  ვინაიდან მენეჯერიც ადამიანია, მანაც მისთვის სწორი, მაგრამ სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება არ უნდა გახდეს სამუშაოს მაძიებლის დაბალი თვითშეფასებისა და სამუშაოს ძიების პროცესზე ნეგატიური დასკვნების გამოტანის მიზეზი. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, აუცილებლად “მოვეწონებით” სხვა კომპანიაში ან იმავე კომპანიაში, ოღონდ სხვა პოზიციაზე და სხვა კანდიდატების ფონზე.

როდესაც რეკრუტერისგან უარს მივიღებთ ვაკანსიაზე, ერთადერთი სწორი რჩევა, რომელიც დაგვეხმარება ვიყოთ წარმატებული სხვა ინტერვიუზე, ესაა კითხვის სწორი დასმა, რომელიც რეკრუტერს თქვენს მოტივაციას დაანახებს და არა წყენას. სწორი კითხვა ასეთი შინაარსისა-  “რა იქნება თქვენი რჩევა, რას მივაქციო ყურადღება მომდევნო ჯერზე? ” – ამ კითხვას რამოდენიმე კარგი ეფექტი აქვს – მივიღებთ საქმის პროფესიონალისგან რჩევას (რომელიც მის და სხვა კომპანიებში ნამდვილად დაგვეხმარება), რეკრუტერს კიდევ უფრო გაუმტკიცდება ჩვენს შესახებ პოზიტიური წარმოდგენა და მესამე, უარის შემდეგ ჩვენი  დაბალი (ან გადაჭარბებული) თვითშეფასება ჩვენს მიერ მართვადი გახდება.

ასე რომ, მერე რა თუ სხვა შეარჩიეს?! რაკი ინტერვიუზე მიგვიწვიეს პოზიტიური შეფასება უკვე დავიმსახურეთ და  მომდევნო “სუბიექტური გადაწყვეტილების” ობიექტი ჩვენ გავხდებით. არ დაგვავიწყდეს, ყველა ე.წ  “წარუმატებლობა” (რომელსაც გამოწვევას უფრო დავარქმევდი) ადამიანის განვითარებისთვის მუშაობს თუ ამ წარუმატებლობას შესაძლებლობად განვიხილავთ და არა ტრაგიკულ მოვლენად.

გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო სამუშაოს მალე მოძიებას!

განხილვა