დღევანდელ პოპკულტურაში, როცა პროდუქტიულობასა და წარმატებულობაზე განსაკუთრებული აქცენტები კეთდება, დროებითი გაჩერება და უმოქმედობაც კი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც წარუმატებლობა. თუმცა არსებობს პერიოდები, როდესაც ვერ ვართ საკმარისად კრეატიულები და მონდომებულები, არც მაინცდამაინც გენიალური იდეები მოგვდის და ეს ერთგვარ შიშს იწვევს: „სულ ასე ხომ არ ვიქნებით?”
დავიწყოთ მარტივი ჭეშმარიტებით – თქვენ არ ხართ კონტენტის საწარმო
თუ თქვენ ხართ დიზაინერი, ილუსტრატორი, ფოტოგრაფი ან სხვა ნებისმიერი შემოქმედებითი ადამიანი, ალბათ დიდი ხნის წინ დაიჯერეთ ის აზრი, რომ თქვენი ღირებულება იზომება ნამუშევრების სისტემატურობითა და რაოდენობით. სულ გჭირდებათ მეტი პოსტი, მეტი სიახლე, მეტი პროექტი, მეტი და მეტი.
მაგრამ კრეატიულობა ასე არ მუშაობს. ეს არ არის ონკანი, რომელსაც მოუშვებ და იქიდან იდეები თუ მათი შექმნის გზები წყალივით წამოვა. კრეატიულობა ჭირვეულ კატას ჰგავს, რომელიც ერთ დღეს მოგეხუტება, მეორე დღეს კი საერთოდ არ მოგაქცევს ყურადღებას, საწოლის ქვეშ დაგემალება. რამდენიც არ უნდა ათიო ღამეები, მაინც ვერაფერს შეცვლი.
ცვალებადი შემოქმედებითი ციკლები
ცნობილია, რომ აინშტაინი ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებამდე საპატენტო ოფისის მაგიდასთან იყო ჩაფიქრებული, ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის იდეა მაშინ მოიფიქრა, როცა დაგვიანებულ მატარებელში იყო გაჭედილი, არქიმედეს აბაზანაში ყოფნისას წამოეწია თავისი „ევრიკა”, ბეთჰოვენი კი ხშირად ხანგრძლივად და უმიზნოდ სეირნობდა სოფლად და ახალ სიმფონიებზე ფიქრობდა…
ეს ნორმალურია. იდეებს დრო სჭირდებათ, რომ გაიჟღინთოს, როგორც ძლიერი ყავა. ასე რომ, თუ შემოქმედებით კრიზისში ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ადამიანი ხართ, როგორც ყველა.
რას ნიშნავს სინამდვილეში „არაფრის კეთება“
ჭეშმარიტი დასვენება ნიშნავს სიმშვიდეს და დროებით ყოველგვარი ქაოსისგან მოწყვეტას. გაიხსენეთ, ბოლოს როდის მოგივიდან გენიალური იდეა. ეს არ მომხდარა ტელეფონზე სქროლვისას ან ლეპტოპში შემოსული წერილების კითხვისას, ის ალბათ მაშინ გამოჩნდა, როდესაც შხაპში იყავით, მატარებლის ფანჯრიდან იყურებოდით ან საწოლში იწექით და წვიმას უსმენდით.
რატომ სჭირდება თქვენს ტვინს დასვენება
ნეირომეცნიერები ამ პროცესს შემოქმედებით ინკუბაციას უწოდებენ. თქვენი ქვეცნობიერი იწყებს თამაშს, როცა მას მოდუნების საშუალებას აძლევთ. მოდუნებაში არ იგულისხმება გართობა და მუდამ აქტიურ რეჟმში ყოფნა. მოსვენებულ მდგომარეობაში თქვენ აახლებთ ტვინს უკეთესი იდეებისთვის. კვლევებმა ისიც კი დაადგინა, რომ ადამიანი მოწყენილი როცაა, მაშინ უფრო აგენერირებს მრავალ იდეას, ვიდრე, როცა ყოველდღიურად ძალიან დატვირთულია და მხიარული.
თუმცა მოდი, გულახდილად ვისაუბროთ: ვის სცალია იმისთვის, რომ დაჯდეს და ან მოწყენილობას დაელოდოს, ან უბრალოდ, რამდენიმე დღით წავიდეს ბუნებაში და იდეები ეძებოს? გარშემო ყველაფრის ფასი იზრდება, ხელოვნური ინტელექტის განვითარება კი გვიბიძგებს, ადამიანური ღირებულება კიდევ უფრო მეტი შრომით დავამტკიცოთ.
ამიტომ დასვენების მოკლე და ეფექტური გზები უნდა მიმოვიხილოთ
გააკეთეთ მცირე შესვენებები: ყოველ საათში დააყენეთ ტაიმერი, რომ მაგიდას მოშორდეთ და მოკლე შესვენება გააკეთოთ.
იარეთ უმიზნოდ: არ დაისახოთ რაიმე კონკრეტული დანიშნულების ადგილი, უბრალოდ ისეირნეთ იქამდე, სანამ არ მოგბეზრდებათ. მიეცით თქვენს გონებას საშუალება, იხეტიალოს ისე, როგორც თქვენი ფეხები იხეტიალებს.
ცადეთ ციფრული დეტოქსიკაცია: კვირაში ერთი საღამო გამოყავით ტელეფონის გამოსართავად. ნახეთ, რას აკეთებს თქვენი ტვინი, როდესაც მას სიახლეების მუდმივი ნაკადი არ მიეწოდება.
გახსოვდეთ, უმოქმედობა პროგრესის მტერი არ არის. სამყაროში, რომელიც „მუდმივად ჩართულია“, ზოგჯერ რაღაცების გათიშვა და განახლებაა საჭირო. ახლა მაინც ზაფხულია და მიეცით თავს უფლება, ცოტა დაისვენოთ. ზოგჯერ ყველაზე დიდი პროდუქტიულობა სწორედ არაფრის კეთებაა.