in ,

რატომ ხდებიან არაკომპეტენტური მამაკაცები ლიდერები?

მენეჯმენტში ქალების ნაკლებად წარმოდგენას 3 პოპულარული ახსნა აქვს:

1. მათ არ გააჩნიათ სათანადო უნარები;

2. ისინი არ არიან დაინტერესებული;

3. მიუხედავად მათი დაინტერესებისა და საჭირო უნარების ქონისა, ვერ ამსხვრევენ მინის ჭერს – იმ უჩინარ კარიერულ ბარიერს, რაც გავრცელებული სტერეტოტიპების შედეგია.

ეს ყველაფერი კი მათ თანამდებობის და ძალაუფლების მიღწევაში ხელს უშლის. კონსერვატორებსა და შოვინისტებს პირველი ვერსია მოსწონთ; ლიბერალებს და ფემინისტებს მესამის სისწორეში არ ეპარებათ ეჭვი. დანარჩენები, კი როგორც წესი, მეორე ახსნას ემხრობიან. მაგრამ იქნებ ყველა მათგანი მთლიანი სურათის მხოლოდ დეტალებს ხედავს?

არაკომპეტენტური-ლიდერები

ჩემი აზრით, მენეჯმენტში გენდერული ბალანსის დარღვევის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ თავდაჯერებულობას და კომპეტენციას ერთმანეთისგან ვერ ვანსხვავებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ (ზოგადად ადამიანები)  კომპეტენტურობის მთავარ ნიშან-თვისებად თავდაჯერებულობას მივიჩნევთ და შესაბამისად, თავს ვიტყუებთ, როცა ვიჯერებთ, რომ მამაკაცები ქალებზე უკეთესი ლიდერები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა საქმე ხელმძღვანელობას ეხება, მამაკაცების ერთადერთი უპირატესობა (სულ ერთია ეს სად იქნება, ამერიკაში, იაპონიაში, არგენტინასა თუ ნორვეგიაში) – ქარიზმით ან შარმით შენიღბული ღირსების მანიფესტირებაა, რომელიც ხშირად, მაგრამ არასწორად, ლიდერობის პოტენციურ უნარად აღიქმება. მიჩნეულია, რომ ასეთი „შარმი“ მამაკაცებში ხშირად, ქალებში კი შედარებით იშვიათად გვხვდება.

ეს გარემოება თანხმობაში მოდის დასკვნასთან, რომ ულიდერო ჯგუფები ხელმძღვანელად ეგოცენტრული, ზედმეტად თავდაჯერებული და ნარცისისტული მიდრეკილებების მქონე ადამიანები არჩევისკენ ბუნებრივად ილტვიან. ხასიათის ეს თვისებები კი ქალებსა და მამაკაცებს შორის არათანაბრადაა გადანაწილებული. ფროიდის მიხედვით, ლიდერობის ფსიქოლოგიური პროცესის წარმოქმნის მიზეზი ის არის, რომ ადამიანთა ჯგუფმა – მიმდევრებმა – თავიანთი ნარცისისტული ტენდენციები ლიდერის ანალოგიური მიდრეკილებებით ჩაანაცვლეს, იმგვარად,  რომ მათი სიყვარული ლიდერის მიმართ ან საკუთარი თავის სიყვარულის შენიღბულ ფორმას წარმოადგენს, ან კიდევ მათ უუნარობას შეიყვარონ საკუთარი თავი. „სხვა ადამიანის ნარცისიზმი“, ამბობდა ის, „ძალიან იზიდავს მათ, ვინც  უარყვეს საკუთარი… თითქოს გვშურს მათი ამაღლებული განწყობის“.

სინამდვილეში, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი მამაკაცი ფიქრობს, რომ ისინი ქალებზე ბევრად ჭკვიანები არიან. თუმცა, ამპარტავნება და ზედმეტი თავდაჯერებულობა ლიდერობის ტალანტის საპირისპირო თვისებებია,  უნარისა, შექმნა და შეინარჩუნო ეფექტური გუნდები და შთააგონო, გვერდზე გადადონ ეგოისტური სურვილები და ჯგუფის საერთო ინტერესებისთვის იმოქმედონ. მართლაც, საუკეთესო ლიდერები, იქნება ეს სპორტში, პოლიტიკაში თუ ბიზნესში,  თავმდაბალი ადამიანები არიან და ეს თვისება აღზრდისა და ბუნების გამო, ქალებში გაცილებით ხშირად გვხვდება. მაგალითისთვის, ქალებს მამაკაცებზე მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, რაც მოკრძალებული ქცევის ძლიერი მამოძრავებელი ძალაა. გარდა ამისა, პიროვნების გენდერული მახასიათებლების რაოდენობრივმა კვლევამ, რომელშიც 26 სხვადასხვა კულტურის 23 000 წარმომადგენელი მონაწილეობდა,  აჩვენა, რომ ქალები მამაკაცებზე მგრძნობიარე, ყურადღებიანი და თავმდაბლები არიან, რაც უდაოდ, ერთ-ერთი უკიდურესად მოულოდნელი აღმოჩენაა სოციალურ მეცნიერებებში. სურათი ბევრად ნათელი ხდება, როცა პიროვნების ბნელ მხარეს ვაკვირდებით: მაგალითად, ჩვენი ნორმატიული მონაცემები, რომლებიც მოიცავს 40 ქვეყანასა და ათასობით მენეჯერს მსოფლიოს ყველა ინდუსტრიული სექტორიდან, აჩვენებს, რომ ხშირად მამაკაცები ქალებზე მეტად ქედმაღლები, ამპარტავნები, მანიპულირების მოყვარულები და რისკისკენ მიდრეკილები არიან.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რაც მამაკაც მენეჯერებს კორპორაციული თუ პოლიტიკური კიბის უმაღლეს საფეხურებზე ასვლაში უწყობს ხელს, მათივე დაცემის მიზეზიც ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის რაც სამუშაო ადგილის მოპოვებაში გვეხმარება, არამხოლოდ განსხვავდება, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც სამუშაოს კარგად შესრულებას. შედეგად, ზედმეტად ბევრი არაკომპეტენტური ადამიანის დაწინაურება ხდება და ბევრად უფრო ხშირადაც, ვიდრე კომპეტენტურის.

გასაკვირი არ არის, რომ „ლიდერის“ მითიურ სახე მრავალ ისეთი ნიშან-თვისებას მოიცავს, რომელსაც ხშირად ვხვდებით პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებში. მაგალითისთვის, ნარცისიზმი (სტივ ჯობსი და ვლადიმერ პუტინი), ფსიქოპათია (აქ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი დესპოტი მოიაზროთ), თეატრალურობა (რიჩარდ ბენსონი და სტივ ბალმერი) ან მაკიაველური მიდრეკილებები (თითქმის ყველა ფედერალური დონის პოლიტიკოსი). სამწუხარო ამბავი ის კი არ არის, რომ ამ თვისებებს საშუალო დონის მენეჯერებში ვერ შეხვდებით, არამედ ის, რომ თუ მათ ეს მახასიათებლები გააჩნიათ, მარცხისთვის არიან განწირულები.

ფაქტობრივად, ლიდერების უმეტესობა  პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც მარცხდება. სწორედ ეს არის მუდმივი პრობლემა: კომპანიების, ორგანიზაციების, საზოგადოებებისა და ერების უმრავლესობა ცუდად იმართება, რისი ინდიკატორიც მათი ხანგრძლივი მმართველობა, შემოსავლები, ხელოვნურად მართული რეიტინგები და ის გავლენაა, რომელიც მათ მოქალაქეებზე, თანამშრომლებზე, ხელქვეითებსა და წევრებზე აქვთ. კარგი ხელმძღვანელობა ყოველთვის იყო გამონაკლისი და არა ნორმა.

ცოტა უცნაურად მეჩვენება, რომ ბოლო დროს ქალების დაწინაურების საკითხზე გამართული დებატები, მათ მიერ ლიდერობის დამახასიათებელი ამ უფუნქციო თვისებების შეთვისებაზე ფოკუსირდება. დიახ, სწორედ ასეთები არიან იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც ჩვენ ლიდერებად ვირჩევთ, მაგრამ საკითხავია – უნდა იყვნენ კი?

ეფექტური ხელმძღვანელობისთვის დამახასიათებელი ნამდვილად სასარგებლო თვისებების უმრავლესობა ხშირად სწორედ იმ ადამიანებში გვხვდება, რომლებიც თავიანთ მმართველობითი უნარებით შთაბეჭდილებას ვერ ახდენენ, რაც განსაკუთრებით მკვეთრად ქალებთან მიმართებაში გამოიხატება. სწორედ ეს გარემოება ამტკიცებს, რომ ქალებს მამაკაცებზე ბევრად ეფექტური ლიდერული სტრატეგიების დანერგვა შეუძლიათ.  კვლევების კომპლექსურმა ანალიზმა, რომლებსაც ელის იგნლი და მისი კოლეგები აწარმოებდნენ, აჩვენა, რომ ქალ მენეჯერებს მეტი შესაძლებლობა აქვთ დაიმსახურონ მიმდევართა პატივისცემა და აღიარება, ბევრად ეფექტურად გადმოსცენ თავიანთი ხედვა, აღზარდონ და დამატებითი უფლებები მიანიჭონ ხელქვეითებს, პრობლემები გადაჭრან შედარებით მოქნილი და კრეატიული გზებით  და სამართლიანად დააჯილდოვონ კარგი შემსრულებლები („ტრანსფორმაციული ლიდერობის“ ყველა მახასიათებელი). ამის საპირისპიროდ, სტატისტიკურად ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მამაკაცი მენეჯერები თავიანთ დაქვემდებარებულებს დაუახლოვდებიან და ამასთან ერთად, სამუშაოს შესრულებისთვის დაჯილდოებისას მეტად არაადეკვატურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მითებული მონაცემები გვიჩვენებს რამდენად მცდარია,  ლიდერობისთვის ქალისგან მამაკაზე მეტი კვალიფიციურობის და კომპეტენტურობის მოთხოვნა, სანამ ამ მიდგომას არ უარვყოფთ, ვერ შევძლებთ ამ მოსაზრების სისწორის გადამოწმებას.

საერთო ჯამში, ვერავინ უარყოფს, რომ ქალებს ხელმძღვანელი პოზიციებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ბარიერი ხვდებათ, მათ შორის ძალიან სქელი მინის ჭერი. მაგრამ მთავარი პრობლემა, არაკომპეტენტური მამაკაცებისთვის არ არსებული კარიერული სირთულეები და ის ფაქტია, რომ ჩვენ ლიდერობასთან ისეთი ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს ვაკავშირებთ, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს უფრო შეუფერებელ ლიდერად აქცევს, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ქალს. შედეგად, ისეთ პათოლოგიურ სისტემას ვიღებთ, რომელიც მამაკაცს თავისი არაკომპეტენტურობისთვის აჯილდოვებს, მაშინ როცა, ყველასთვის საზიანოდ, ქალს მისი კომპეტენტურობისთვის სჯის.

პაშა რუბრიკა

ავტორი: ტომას პრემუზიკი

წყარო: HBR



თბილისში ბოულინგის ცენტრი Lebowski Bowl Club გაიხსნა

“Ubisoft”-მა ლონდონის ცას გადაუფრინა