in

რატომ მოუტანს ლიდერს „არას“ თქმა წარმატებას?

მარტივად გეტყვით, ყველაფერზე დათანხმებამ რაღაც დონის წარმატება კი შეიძლება მოგიტანოთ, მაგრამ გამუდმებით ამ რეჟიმში ყოფნა, პირიქით, უკან დაგხევთ. მართალია, მრავალი მიზეზის გამო ადამიანებს კის თქმა ჩვევაში გადასდით, მაგრამ რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რის გამო თანხმდებით, იქნება ეს რაღაცის გამოტოვების შიში, სხვებისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილი თუ სხვა რამ, ნეგატიური გავლენაც მსგავსია. მოკლედ რომ ვთქვათ, გამუდმებით კის თქმით, თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდის პოტენციალს აფერხებთ. 

ეს რაღაც ლაბირინთში მოხვედრას ჰგავს, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან რთულია, გამუდმებით შეხვედრები გაქვთ, ისეთებიც, რომლებიც არ მოგწონთ… ამას კი გრძელვადიანი პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, უარყოფითი გავლენა აქვს. ისიც გახსოვდეთ, რომ პარეტოს პრინციპის თანახმად, თქვენი აქტივობების 20% გაწვდით შედეგების 80%-ს…

ყველაფერზე თანხმობა იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ სივრცე, რომელსაც სხვა პასუხისმგებლობებს დაუთმობთ, იმას, რომლებიც თქვენი ცხოვრების უფრო დიდი სურათის ნაწილია, ხედვის, თუ რის შექმნას ცდილობთ და რა გაბედნიერებთ. ამგვარად, არას თქმა საშუალებას გაძლევთ, თქვენი დრო ჭკვიანურად გამოიყენოთ და კარიერული მიზნებიც რაციონალურად განსაზღვროთ. 

ამიტომ, ახლა იმ 5 საკითხზე ვისაუბროთ, რომლებიც სწორი პასუხის მოფიქრებაში დაგეხმარებათ — აქ მხოლოდ ორი არჩევანია: ან უნდა თქვათ კი, ან არა. თუმცა სანამ რაიმეს იტყვით, ქვემოთ დასმულ კითხვებზე უნდა იპოვოთ პასუხები:

პირველი — როცა რაღაცაზე თანხმდებით, შეესაბამება ეს თქვენს გრძელვადიან ხედვას? ხშირად ადამიანები ისეთ რაღაცებზე თანხმდებიან, რაც არც მათი ჩვევების შესაბამისია და დიდად არც კომფორტის ზონაში ამყოფებთ. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ დაფიქრდით, რა გსურთ რეალურად. 

მეორე — როცა რაღაცის გაკეთებას გთხოვენ, რას გრძნობთ? ეს გაბედნიერებთ თუ უბრალოდ გაფიქრებინებთ, რომ ვალდებული ხართ დაეთანხმოთ? აქ ექსპერტები გენიოსის ზონიდან მოქმედებას გირჩევენ, ეს თქვენი ნიჭის, ძლიერი მხარეებისა და მისწრაფებების გამოვლენას ეხება ისე, რომ ამ პროცესში ბედნიერებასაც განიცდიდეთ. 

მესამე — თუ ყოველთვის სხვა ადამიანების დახმარებას უთმობთ დროს, საკუთარ თავს ჰკითხეთ, თქვენ ცდილობთ მათ გადარჩენას თუ ეს ადამიანიც ვალდებულია, საკუთარ თავს დაეხმაროს. გახსოვდეთ, თქვენ ვერ შეცვლით იმას, ვისაც შეცვლა არ სურს და ამის ცდაც კი იმედგაცრუება იქნება… ამიტომ, უკეთ დაფიქრდით, სანამ გადაწყვეტთ, ვის დაუთმოთ თქვენი დრო და საზღვრებიც მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ. 

მეოთხე — ზოგჯერ კის თქმა იმაზე, რაც ახალია ან თქვენი კომფორტის ზონის მიღმაა, გამოწვევას ჰგავს. ამ შემთხვევაში კი საქმე პიროვნულ განვითარებასა და ახალი უნარების დაუფლების შესაძლებლობასთან გვაქვს. ამგვარად, თუ რაღაც არაკომფორტულია, მაგრამ თქვენ აღფრთოვანებული ხართ ამ შესაძლებლობის გამო და იმ პოტენციალის, რომელიც მას ახლავს, ამ საქმისთვის დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ. 

მეხუთე — დაბოლოს, თქვენი არჩევანი რამდენად გააუმჯობესებს თქვენსავე ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას იმისდა მიხედვით, რაც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ? თუ თქვენი სხეულის მოსმენას დაიწყებთ, ამ კითხვაზე პასუხს მალევე მიიღებთ, იმასაც მიხვდებით, რა გჭირდებათ და იმასაც, თუ რა უნდა გააკეთოთ, იქნება ეს სასეირნოდ გასვლა, სავარჯიშოდ წასვლა, დასვენება თუ მედიტაცია. ამგვარად, თუ გსურთ წარმატებული იყოთ, უნდა შექმნათ სივრცე, რომელშიც მოუსმენთ, რა სურს და სჭირდება თქვენს სხეულს…

10 პორტატული აქსესუარი დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის

როგორი სტრატეგია გამოვიყენოთ ChatGPT-ისთვის დავალების მიცემისას?