ოდესმე ყოფილხართ არასასიამოვნო სამსახურეობრივ გარემოში, მაგრამ ვერ მოგიხერხებიათ წასვლა? ამ ტრავმის შესახებ უამრავი ადამიანი ჰყვება. შეიძლება ამის მიზეზი იყოს გულგრილი ან არაემპათიური მენეჯერი ან კომპანია, რომელიც თანამშრომლების მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს. ყოველივე ეს კი შფოთვისა და სტრესის წყარო ხდება. და მაინც, ადამიანები ამ ყველაფერს წლების განმავლობაში იტანენ და არ ტოვებენ სამუშაო ადგილს. რატომ ხდება ასე? ისინი სამსახურისა და კოლექტივის ლოიალურები არიან.
კომპანიაში ხანგრძლივად მუშაობამ შეიძლება გაამძაფროს ლოიალობის განცდა ორგანიზაციისა და გუნდის წევრების მიმართ. ადამიანები თვლიან, რომ რაკი სული და გული ჩადეს საქმეში, ეს მათი მეორე ოჯახია, იმის მიუხედავად, რომ არ აფასებენ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ კომპანიები თქვენს უნარებსა და შესაძლებლობებს თავიანთი სერვისის უზრუნველსაყოფად ქირაობენ. ხოლო თუკი ისე მოხდება, რომ თქვენ აღარ/ვეღარ მიაწვდით შესაბამის ღირებულებებს, კომპანია გაგიშვებთ სამსახურიდან.
შეატრიალეთ ეს სიტუაცია. დააკვირდით, თავად როგორ ემსახურებით კომპანიას, რა გჭირდებათ იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ სრულყოფილად და დაფასებულად თქვენს სამსახურში. დაფიქრდით, კომპანია კვლავ იძლევა თუ არა თქვენი ცხოვრებისთვის საჭირო ღირებულებებს, რასაც იმსახურებთ.
დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები:
* უზრუნველყოფს კომპანია ბენეფიტებსა და განვითარების შესაძლებლობას, რაც ჩემს კარიერასა და ცხოვრებას გააუმჯობესებს?
* პასუხობს თუ არა კომპანია იმ ფასეულობას, რომელსაც მე ვდებ საქმეში მეტი ანაზღაურებით, დაწინაურებით, პარტნიორობით ან სხვა მნიშვნელოვანი აღიარებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია?
როდესაც ხართ კომპანიაში, ყველა საერთო მისიის ან მიზნის გარშემო მუშაობს. თუკი კომპანიას აქვს ჯანსაღი მისია, მაგალითად, ადამიანების ჯანდაცვისა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, თანამშრომლებს აქვთ განცდა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ კაცობრიობისთვის. კომპანიის დატოვებას კი შეიძლება ახლდეს შეგრძნება, რომ ამ მისიას აკლდებით. თუ გაქვთ მძაფრი მიჯაჭვულობა, რომელიც ხელს გიშლით დატოვოთ სამსახური, სადაც არაჯანსაღი სამუშაო გარემოა, დაუთმეთ გარკვეული დრო, რათა განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და დაადგინოთ, სრულდება თუ არა ეს ღირებულებები კომპანიაში.
დაუსვით ეს კითხვები საკუთარ თავს:
* რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სამსახურში?
* რომელ ფასეულობებს სცემენ პატივს ან აიგნორებენ?
* რა შემიძლია გავაკეთო, რათა ჩემი ფასეულობები დაფასდეს?
მაგალითად, თუ თქვენი ღირებულება არის პატივისცემა თქვენ მასში გულისხმობთ თქვენი იდეების მოსმენას, ხოლო თქვენი მენეჯერი უგულებელყოფს მათ, ე.ი. თქვენი ღირებულება არ კმაყოფილდება. შეგიძლიათ განიხილოთ მენეჯერთან, თუ რატომ არის ეს ღირებულება თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი? თუ არა, მაშინ უნდა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს კომპანია თქვენთვის შესაფერისი სამსახური ამჟამად.
თავდაპირველად, როდესაც კომპანიაში იწყებთ მუშაობას და გამოცდილებას აგროვებთ, სრულად ხართ სამსახურით მოცული. შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს ცვლილებები, შეიცვალოს სტრუქტურა, ხელმძღვანელი და ა.შ. ორგანიზაციულმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება. თუ თქვენ გიჭირთ ცვლილებების მიღება და ამბობთ: „არ მინდა წასვლა, რადგან ძალიან მიყვარს კომპანია“ ნაცვლად იმისა, რომ „არ მინდა წავიდე, რადგან მიყვარს ჩემი საქმე“, მაშინ შეიძლება წარსულში დარჩეთ, იმ იმედით, რომ კომპანია დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორც იყო ადრე.
ცვლილება ძნელია, ამიტომ მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ შეცვალოთ და დაამუშავოთ ის, რასაც მოიცავს თქვენთვის სამსახური. მას შემდეგ, რაც ცვლილებას გაიაზრებთ, ობიექტურად შეხედეთ, რამდენად აკმაყოფილებს არსებული სიტუაცია თქვენს ღირებულებებსა და კარიერულ მიზნებს. კომპანიები, გუნდები და ლიდერები იცვლებიან – განსაკუთრებით კომპანიების ზრდასთან ერთად. თქვენი გადასაწყვეტია განსაზღვროთ, გინდათ იცხოვროთ დღევანდელ რეალობაში თუ წარსულში, რომელიც აღარ არსებობს.
შესაძლოა, ელით, რომ ოდესმე კომპანიის აქციებით დაგასაჩუქრებენ, დამსახურების გამო, თუმცა გიღირთ თქვენი ჯანმრთელობის გაწირვა ამ ლოდინით? ან თავად საჩუქარი თუ ღირს წვალებად?
გავრცელებულია შიში სამუშაოს შეცვლასთან დაკავშირებით. სრულიად ნორმალურია იმის ფიქრი, რომ უფრო რთულ სიტუაციაში მოხვდებით და თავიდან მოგიწევთ საკუთარი თავისთვის დამტკიცება. ასევე არსებობს შიში, რომ ვერ შეძლებთ უკეთესი სამსახურის პოვნას. თუ ცუდი სამუშაო სიტუაციის გამო თავს დაჩაგრულად გრძნობთ, შიშმა შეიძლება დაგიტოვოთ უნდობლობა, რომ ცვლილები უკეთესობას არ მოგიტანთ.
შიშის გადასალახად, წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენთვის სასიამოვნო სამუშაო გარემო. ასევე, დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები:
* წასვლის რომ არ მეშინოდეს, რა შესაძლებლობები მექნებოდა?
* როგორი იქნებოდა ჩემი ახალი სამუშაო გარემო, რა შეგრძნებებს მომიტანდა?
* რა ტიპის მხარდაჭერა მჭირდება, რომ ცვლილებები გავბედო?
წყარო: HBR