2013 შემოდგომა მართლად დასამახსოვრებელი იყო მარკეტინგული, უფრო ზუსტად კი სარეკლამო თვალსაზრისით.
ვიტყოდი, რომ რამოდენიმე ეფექტური სარეკლამო რგოლი ვიხილეთ (TBC-ს, GPI-ს, ბანკი რესპუბლიკა), რომლებსაც ხალხის “ყურადღება” არ აცდენია. იყო დამაინტრიგებელი მოშინაურებული მარტორქისა და მისი გაგრძელებების თემა; ეხლა კიდევ ისი პარის “გაძარცვა”; როგორც ჩანს თამაში კიდევ გაგრძელდება (ოჰ, რა მარკეტინგული იმედები დაილეწება imho…).
მიუხედავად ამ სეზონის სარეკლამო მრავალფეროვნებისა, მინდა გამოვყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი: პირველად ვიხილე სარეკლამო შეხლა-შემოხლა მსხვილ კომპანიებს შორის (ვგულისხმობ ალდაგის რგოლში “რექსის დაზღვევას”, როგორც პასუხს რექსის გამოჩენაზე), ამ დროს პირველად ვიგრძენი საქართველოში სარეკლამო “ჯახი” … ისევე როგორც ასე ნათლად პირველად ვიხილე 2 სვლიანი კომბინაცია (ჯერ თიბისის 3 მუშკეტერები და შემდეგ პიცის ხალისიანი სარეკლამო რგოლი იგივე მოტივებზე).
თუმცა, არც ისე კარგადაა საქმე … კიბო ისევ ორგანიზმშია და ფესვებს იდგამს …
ამ სტატიაში მინდა შევეხო ARAY Tomorrow-ს ახალ რგოლს, რომელიც აგრძელებს ძველ “ტრადიციას” … “გადმოკატავების”, “copy-paste”, “დაქსეროქსების”, „როგორც გინდათ ისე უწოდეთ“ ტრადიციას, რომელიც არა და არ სრულდება [და არც დასრულდება]. ეს თემა გარკვეული პერიოდულობით სკდება ხოლმე სხვადასხვა ქართული კომპანიების შემთხვევაში.
ამ თემაზე მცოდნეც და უცოდინარიც ერთნაირი მონდომებით “შფოთავს”, ზოგი კრეატივს აკრიტიკებს, ზოგი მარკეტინგის სამსახურს, ზოგი ფიქრობს “ასე იყო ჩაფიქრებულიო” ზოგიც კიდევ რას, ამჯერად ზოგმა პირდაპირ IKEA-ს მისწერა და ა.შ.. ბევრი კრიტიკა და კომენტარი ვნახე გადმოფრქვეული (დიდწილად სამართლიანად), მაგრამ მე მინდა ჩემი მოსაზრებები ცოტა სხვა კუთხით შემოგთავაზოთ. მოდით შევხედოთ რა უნდა გავითვალისწინოთ, რა აქვს პლიუსი ამ “ქმედებებს”, რა აქვს მინუსი და ვთქვათ ბოლო-ბოლო: რა ეშველება ამ მდგომარეობას?
რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ “განვსჯით” ARAY Tomorrow-ს და მის ახალ რგოლს:
1. კომპანია და ბაზარი. კომპანია ARAY უმძაფრეს წინასაახალწლო კონკურენტულ ბრძოლას აწარმოებს ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეებთან სამომხმარებლო ელექტრონიკის ბაზარზე. თან ეხლა დეკემბერია, ისეთი პერიოდია, როცა ერთ თვეში სამომხმარებლო ელექტროტექნიკის რეალიზატორმა კომპანიამ შეიძლება მთელი წლის ივაჭროს.
ყველა კონკურენტი ეხლა წამოყოფს თავს და დაიწყებს აგრესიულ კამპანიას. აუცილებელია გამოჩენა, სხვანაირი გამოჩენა, კონკურენტებისათვის სხვანაირი “ალიყურის” გაკეთება და თან ისე, რომ მინიმალური დაჯდეს ეს ყველაფერი.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ თუ ამ ქვეყანაში სადმე კონკურენცია არის და მოგების ნორმა მინიმუმზეა დაყვანილი, ეს სწორედ სამომხმარებლო ელექტროტექნიკის ბაზარია. ეს უნდა გვესმოდეს!
2. ახლის მოფიქრების სირთულე. რა უნდა მოიფიქროს ARAY -ს მარკეტინგის სამსახურმა ან მათ მიერ დაქირავებულმა სარეკლამო სააგენტომ ისეთი, რაც აქამდე არ მოფიქრებულა/გაკეთებულა ამ სფეროში? რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გამოჩნდება ის, რომელიც ხიჭვს აღმოაჩენს თივის ზვინში.
მე ყოველთვის მომწონდა მაგთის მიდგომა ჯერ კიდევ “ქვევრი”-ს გადაღებიდან – აიღო რაღაც “ჩვენებური” და მასზე ააგო თემა (მაგთისატის ბოლო რეკლამა მაგალითად გურიაში), მაგრამ ეს ადვილი არაა და მნიშვნელოვანი ბიუჯეტიც სჭირდება;
3. გათვლა მიზნობრივ საზოგადოებაზე. ვინ არის ARAY -ს მიზნობრივი საზოგადოება? გგონიათ ინტერნეტ საზოგადოებაზეა გათვლა? ეს რგოლი აშკარად ჩანს, რომ ტელევიზიისთვისაა შექმნილი. თავის მიზნობრივ აუდიტორიას (რომელიც აზრზე არ არის საიდანაა რგოლი “გადმოკატავებული”) კი ორიგინალურად მიმართავს (მიუხედავად 1:1 ასლისა).
ცხადია ეჭვი მაქვს თვითონაც იციან, რომ ეს ასე არ გაუვათ და პროფესიული საზოგადოება გაკიცხავს მათ, მაგრამ ხომ იცით, ხანდახან მიზანი ამართლებს საშუალებას;
Pros მხარდამჭერი არგუმენტები:
1. დამკვეთისთვის იაფია. არ არის საჭირო უზარმაზარი დროის და ფულის ხარჯვა მოსამზადებელ ეტაპზე. ხედავ ნიმუშს და უკვე აკეთებ. დიდი რესურსი იზოგება;
2. იდეის მოფიქრება საჭირო არაა, ადაპტირებაა საჭირო მხოლოდ. ფაქტიურად მზა რგოლებს არჩევენ, შემდეგ კი დიდი ენერგია გადაღებაში იხარჯება. ვაღიარებ, რომ ქართული გადაღება უფრო მომეწონა, ვიდრე ორიგინალი;
3. კეთდება ტელევიზიისთვის, კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიისათვის, რომელიც არ იცნობს “მსოფლიო ტენდენციებს”. ტელეაუდიტორია “მცირე წუნს“ აიტანს;
Cons საწინააღმდეგო არგუმენტები:
1. პროფესიულ საზოგადოებაში დიდი მინუსი და „თავის მოჭრა“. თუმცა ისიც ვახსენოთ, რომ რამდენი მარკეტერი იქნება სულ ამ ქვეყანაში ვისაც ეს საკითხი ესმის? საქართველოზე კიდევ ჰო, შეიძლება არ ვიდარდოთ, მაგრამ თავი ხომ გინდა გამოყო მსოფლიო მასშტაბით, როგორც სარეკლამო სააგენტომ? თუ ერთი დღით მოვედით „ბაზარზე“?
2. კოპირება, სავარაუდოდ ორიგინალის ავტორთან და ა.შ. შეთანხმების გარეშე. ეს საავტორო უფლებების დარღვევაა. აქ კი სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს რგოლს, ვინაიდან სათანადო საჩივარის შემთხვევაში (კონკურენტის მხრიდან მაგალითად), შეიძლება კომპანია სასამართლო დავების ხარჯმა გაანადგუროს;
3. ინტერნეტ საზოგადოებაში იმიჯს ვერ იხვეჭ, თუმცა ფაქტია, რომ ვრცელდება. ხანდახან ხალხის „ყბაში ჩავარდნა“ სწორედ, რომ მიზანია. მთავარია დაგეგმეს თუ არა ის, რაც მიიღეს;
4. პირადად მე ეს მსიამოვნებს თუ არა, ეს სხვა თემაა. ფაქტი ისაა, რომ ეს ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას მსოფლიო მასშტაბით ჭრის თავს – “მოგვეჭრა თავი რაიონული მასშტაბით ამხანაგო ღინტუ!” – გახსოვთ ხომ ეს ფრაზა?
რა ვუშველოთ ამ მდგომარეობას?
აუცილებელია რეკლამის ასოციაციის შექმნა, რომელიც თამაშის წესებს დაადგენს. ამ ასოციაციის შექმნა 2012-მდე წარმოუდგენელი იყო სარეკლამო ბაზრის კონტროლის გამო, მაგრამ დღეს ბაზარი თავისუფალია, დღეს ყველა თავის ჭკუაზეა. ძალთა გადანაწილება ჯერ კიდევ არ ჩანს დასრულებული, წესრიგი არაა, არც პატრონი არაა!
ვითომ გადაიდგმება რამე ნაბიჯი თუ … მოვიშველიო Marketer.ge-ს ერთ-ერთი მკითხველის შეფასება?
ავტორი: ტარიელ ზივზივაძე