როცა ღვინის დალევაზე დაფიქრდებით, პირველი რას წარმოიდგენთ ხოლმე? ალბათ, ასოციაციებს მინის ბოთლებთან მივყავართ და არა, ქილებთან… თუმცა იგი უამრავ შეგრძნებას გპირდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კომფორტზე, რომელიც მის დალევას ყველგან შესაძლებელს ხდის — ჩვენ დღეს Archer Roose-ზე გესაუბრებით.
კონკრეტული ბრენდი ინდუსტრიაში საკმაოდ ძლიერი რეპუტაციით სარგებლობს და ხარისხიან ღვინოზე, გემოსა თუ არომატზეა ფოკუსირებული. შესაბამისად, ქილაში რომ ღვინო კარგი აღარ იქნება, ეს აზრიც უნდა მოაშოროთ თქვენს გონებას. მეტიც, მისი თანადამფუძნებელი ჰოლივუდის მსახიობი ელიზაბეტ ბენკსია… ახლად დასახული მიზნების მისაღწევად კი, რაც ბრენდის მოდერნიზებასა და მეტად ჰოლისტიკური დიზაინის შექმნას გულისხმობდა, სარეკლამო სააგენტოსა და დიზაინის სტუდია Colossus-ს დაუკავშირდნენ.
და როგორ უპასუხა ამას გუნდმა? უპირველესად, წარდგენილი ღვინოებიდან ყველა დალიეს… შემდგომ კი ბრენდის პოზიცია 4C მოდელის მიხედვით შეისწავლეს და მომხმარებლებთანაც მჭიდროდ იმუშავეს, რათა უკეთ გაეგოთ, რისი გამოსწორება იყო საჭირო, რა ღირებულებები და საჭიროებები გააჩნდა მას — აი, ასე მივიდნენ ცოცხალი ფერების პალიტრამდე, განახლებულ შეფუთვასა და ტიპოგრაფიამდე, რომელსაც საოცარი ილუსტრაციებიც ამშვენებს.
„ჩვენ ვმუშაობდით, რათა დიზაინის სისტემა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, სახალისო და ინკლუზიური, რაც დრამატულად განსხვავდება არსებული ღვინის კატეგორიისგან“, — განმარტავს გრეგ ალმეიდა, შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ტიპოგრაფია და შეფუთვა
სათაურისა და მსგავსი წარწერებისთვის ბრენდი Quincy CF-ს იყენებს, რომელსაც მათივე თქმით, როგორც ძველი, ისე თანამედროვე მახასიათებლები აქვს. სხვა ტექსტებისთვის კი Cora-ს მიმართეს…
აი, რაც შეეხება შეფუთვას, ალბათ, უკვე შეამჩნევდით, რომ ბრენდის დიზაინის ცენტრში მათი სიმბოლოა წარმოდგენილი, რომელიც მრავალი ვარიანტის შემდეგ აარჩიეს. ახლა კი კვლავ ქილაში ღვინის ჩამოსხმის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, კომპანიაში ტრადიციული მიდგომებისგან გადახრის იდეა მოეწონათ, თანაც ქილა მეტად ეფექტური და ეკომეგობრულია, გადამუშავებადი შეფუთვა ტრანსპორტირებისას ნაკლებსაც იწონის და ნახშირბადის ემისიებს ამცირებს.
ფოტოგრაფია და ილუსტრაციები
ის, რასაც სურათებზე ხედავთ, ფოტოგრაფ ნინა გალანტის ნამუშევრებია, რომლებსაც დამატებითი ესთეტიკა და სტილის ნამდვილად ელეგანტური მიდგომა ფოტოგრაფმა ლეონარდ გრეკომ შესძინა. ისინი კიდევ ორ ილუსტრატორთან ნათან იოდერთან და ფილიპ ჰარისთან ერთად მუშაობდნენ. როგორც ამბობენ:
„თამაშის სახელი ძველებური ილუსტრაციების სტილის ქორწინება იყო თანამედროვე იუმორის ირონიასთან…“.