„ლეო ინსტიტუტი“ წარმოგიდგენთ სტატიების სერიას პიროვნული ზრდის თემაზე. ლეოს გუნდის წევრების მიერ მომზადებული ოთხი ბლოგპოსტი დაგაფიქრებთ და საშუალებას მოგცემთ self-mastery-ით (საკუთარ თავზე დახელოვნებით) შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული შემაწუხებელი ფაქტორები; ასევე, შექმნათ ის, რაც გულით გინდათ.
დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე თუ რა არის რეალობა. რისგან შედგება, როგორია, რამდენად ვცხოვრობთ რეალობაში და ა.შ. ზოგს ეს აზრი განსაკუთრებით იტაცებს, ზოგს კი რაღაც უაზრობად მიაჩნია. ბევრი ფილმი გადაუღიათ ამ თემაზე მათ შორის „მატრიცა“, “The Truman Show” და შედარებით ახალი “Free Guy”. ამ ფილმა სახალისოდ შემახედა მოვლენებზე – რა ვიცი, რომ თამაშში არ ვცხოვრობ და რა ვიცი, რომ დაპროგრამებული არ ვარ?
მაქვს კი არჩევანი ჩემს რეალობაზე? შემიძლია ის შევქმნა რაც მე მინდა? რა წარმართავს მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში?
შეიძლება არის კიდეც ჩემი ცხოვრება თამაში ან ფილმი. ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს და არ მგონია, რომ პასუხის ძიებამ ან ჭეშმარიტებამდე მიმიყვანოს ან ჩემს ცხოვრებას რამე არგოს – შეიძლება ცოტა პესიმისტი ვარ? არ ვიცი, ალბათ იმდენადაც არ მანაღვლებს ეს საკითხი, რომ მას ბევრი დრო დავუთმო.
ფილმებს თავი დავანებოთ და ალეგორიად რომ შევხედოთ – განა არ არის ჩემი ცხოვრება დაპროგრამებული? განა არ მიყვება რაღაც კანონზომიერებებს? ზოგიერთი მათგანი ჩემი ნების მიღმაა, მაგალითად გრავიტაცია. როგორც არ უნდა მინდოდეს მაღალი სართულის ფანჯრიდან რომ გადმოვხტე მიზიდულობის ძალა მიწისკენ დამექაჩება და რაიმე ხელსაწყოებით თუ არ ვარ აღჭურვილი – დავეცემი. ზოგიერთი კანონზომიერება კი ჩემს ხელთაა – მთელ ღამეს სერიალის ყურებას თუ გადავაყოლებ მეორე დღეს სამსახურში გამოუძინებელი და მოთენთილი მივალ.
ზოგიერთი კანონზომიერება მომწონს, მიხარია, ჩემს გულს სილაღით და სიყვარულით ავსებს, ღიმილს მგვრის სახეზე. მე სიმარტივე მიყვარს. მაგალითად, ეზოში ჩიტის სახლები დავკიდე და ერთ-ერთ მათგანში ჩიტებმა ბუდე გაიკეთეს. ვზივარ ახლა ნახევარი დღე და დურბინდით ვუყურებ. ეს ჩემი მაგალითია, მაგრამ უამრავი სხვა შეიძლება მოვიყვანოთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რეალობა, რომელიც მოგვწონს, ვქმნით და ძალიანაც კარგი – გვინდა, რომ გაგრძელდეს ასე.
თუმცა, არის მეორე მხარეც. მოვლენები და რეალობა, რომელიც არ მომწონს. როგორც სერიის წინა ბლოგებში ვისაუბრეთ – არასასიამოვნო რეალობამ შეიძლება თავი მსხვერპლადაც გაგრძნობინოს. ეს აზრები შეიძლება შენთვისაც იყოს ნაცნობი: „უნდა გავაკეთო ასე“, „ვალდებული ვარ“, „განა მე მინდა, მაგრამ აბა სხვანაირად როგორ“, „მე რა შუაში ვარ? ცხოვრებაა ასეთი!“, „ოჯახში არ გამიმართლა“, „ნორმალურ ქვეყანაში რომ დავბადებულვიყავი…“ ყველას ჩვენი აზრები გვაქვს. თუ აღმოაჩინე შენ რა მსგავსი აზრი გიტრიალებს ხოლმე დამეთანხმები, რომ ნამდვილ მოცემულობად, ჭეშმარიტებად მიგაჩნია. „მთავრობის ბრალია, თორე აბა მე უმუშევარი ვიქნებოდი?!“, „ფული რომ მქონოდა ბევრს მივაღწევდი“. აქვე დავამატებ – რა არის რწმენა? რწმენაში ვგულისმობ მტკიცე დაჯერებას, რაღაცას რაც ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. რწმენა არის ფიქრი, რომლისაც გჯერა. თუ გჯერა, რომ ადამიანი კეთილსინდისიერი უნდა იყოს ეს არის ფიქრი, რომლისაც ღრმად გწამს.
და რა? ის რომ ჩვენი ცხოვრება დაპროგრამებული გამოდის. პროგრამირების ენა კი ჩვენი ფიქრებია. რაც უფრო მეტად გვჯერა ამ ფიქრის მით უფრო ღრმად არის გამჯდარი ჩვენში, მით უფრო დიდ გავლენას ახდენს რეალობაზე და მით უფრო მეტად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. და აი სასწაული – ფიქრების არჩევა შეგვიძლია. დიახ, შეგვიძლია „პროგრამისტის“ როლში გადავინაცვლოთ.
მე ასე ვუყურებ ამ საკითხს – ცხოვრება ერთი მაქვს (ალბათ, ამ მომენტში ეგრე მგონია), ვცხოვრობ (სასიხარულო ფაქტია) და ბარემ კარგად ხომ არ მეცხოვრა? ხომ მაინც ცოცხალი ვარ და ბარემ ხომ არ შემექმნა ის რაც მე მინდა, ისეთ განწყობაზე გამეტარებინა, როგორიც მე მინდა და არ ავყოლოდი გარემო ფაქტორებს. მაგალითად, მე როგორი ცხოვრება მინდა რომ დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა – მე მინდა ნათელი ცხოვრება, ბევრი სასიხარულო მომენტით, აღმოჩენებით, თავგადასავლებით, სიყვარულით. მე არ მინდა, რომ ცხოვრებაში მქონდეს ბევრი სტრესი, დაძაბულობა, კონფლიქტი.
და მე შემიძლია შევცვალო ჩემი პროგრამა ისე, რომ მეტი ისეთი რამის მჯეროდეს რაც მეხმარება ნაცვლად იმისა, რომ დავრჩე იმ ფიქრებში, რომლებსაც უარყოფითი ემოციები შემოაქვთ ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი არჩევანია დღეს როგორ გავატარებ, როგორი დღე მექნება და რას ვიგრძნობ.
მოდი მაგალითი მოვიყვანოთ.
მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი ემოცია ხანმოკლეა. თანამედროვე ნეიროლოგიას თუ დავუჯერებთ ადამიანის გონებაში ემოცია საშუალოდ 90 წამი გრძელდება. 90 წამი. კი ბატონო საშუალო მაჩვენებელია. ვთქვათ, რომ ყველაზე ძლიერი ემოცია რამდენიმე წუთი ან შეიძლება საათი გრძლედება. საათი. და არა დღე, კვირა, თვე, წელი და წლები. ანუ რა გამოდის?
მეგობარს კინოში წასვლაზე თუ შევუთანხმდი და ნახევარი საათით ადრე დამირეკა „უი, ბოდიში ვერ მოვდივარო“ ჩემი წყენა მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება? და 5 წუთში შემიძლია ისევ დადებით განწყობაზე ვიყო და ჩვეულებრივად გავაგრძლო ცხოვრება? უცნაურია. მე ხომ მჭირდება, რომ რამდენიმე საათით გავებუტო, ვიწუწუნო იმაზე, რომ ვერავის ენდობი ამ ცხოვრებაში, რომ გეგმები ჩამიშხამეს, რომ მე ძალიან მიდნდოდა და აი, გადამაგდეს… მე სულ გადაგდებულის როლში ვარ….
კინოში გადაგდებაზე თუ არ მოგდის ეს აზრები სხვა რამეზე იფიქრე – მაგალითად, საცობებზე. „მაგვიანდება! და უბედურებაა, ყველაფერი გადათხარეს! ეს სად ეტენება ერთი?! გამატარეთ კაცო ხალხი არა ხართ?! რამდენი საათი უნდა ვიჯდე აქ…“ ამას კითხულობ ალბათ და ფიქრობ, ხო მერე? ეს ხომ ეგრეა? ეგ ხომ მოცემულობაა. კი ეგრეა. გეგმა გქონდა და სხვის გამო ვერ ასრულებ. ეგრეა. არ გინდა საცობში დგომა და გიწევს დგომა. ეგრე თუ განვაგრძობთ ფიქრს ვიცით რა განწყობაზეც ვიქნებით.
გთავაზობ არჩევანს – ხარ საცობში. ეგ არის მოცემულობა. საცობში რა განწყობაზე იქნები ეგ უკვე შენი არჩევანია. გქონია დღეები როცა ძალიან მაგარ განწყობაზე ხარ, მუსიკა გაქვს აწეული და კარაოკე გაქვს მანქანაში მოწყობილი? და არაუშავს რომ საცობია. ან შეიძლება აუდიო წიგნების მოყვარული ხარ და საცობი ის იშვიათი დრო არის შენს ცხვორებაში როცა შეგიძლია სამსახურისგან და ოჯახისგან შენთვის გამოყო დრო და შენთვის საინტერესო წიგნს მოუსმინო, ან პოდკასტს; ან გამოიყენო ეს დრო რომ იფიქრო? შენი არჩევანია როგორ გინდა, რომ გაატარო ეს დრო – რომელსაც მაინც იქ გაატარებ – თუ არ გადაწყვეტ რომ მანქანა მიაგდო და ფეხით წახვიდე. თუ ეგ გადაწყვიტე და ტრასაზე დგახარ და მერე სიგნალებით აგიკლეს – ეგეც შენი არჩევანი იყო.
ხშირია ხოლმე ცხოვრებაში სიტუაცია, როცა სხვის გამო გერევა გეგმა. პირად ცხოვრებაშიც და სამსახურშიც. სხვა თუ არ აკეთებს თავის საქმეს და შენ მასზე ხარ დამოკიდებული ავტომატურად გავლენას ახდენს. შეგიძლია იყო გაბრაზებული – ნება შენია. მაგალითად, სხვა თუ აგვიანებს და შენ გიწევს დარჩენა გვიანობამდე შეგიძლია იწუწუნო, როგორი უსამართლოა ცხოვრება, სხვისი უპასუხისმგებლობის გამო შენ როგორ გიწევს გვიანობამდე მუშაობა, საერთოდაც არ მოგწონს დიდად ეს სამსახური… ესეც ვიცით რა ემოციას გამოიწვევს.
აბა როგორ შეიძლება იფიქრო კარგზე როცა გვიანობამდე გიწევს სამსახურში დარჩენა, არადა შენც გინდოდა იმ კინოზე წასვლა!
სინამდვილეში ნება შენია
უბრალოდ შენს არჩევანს აუცილებლად მოყვება კანონზომიერი შედეგები. შენი ნებაა ადგე და წახვიდე. ბოდიში მოიხადო და ხვალეზე გადადო საქმე. არ არის ისეთი რამე რისი გადადებაც შეიძლება? მაინც შენი ნებაა! შეგიძლია ადგე და წახვიდე! კი, შეიძლება სამსახური დაკარგო ამ არჩევანის გამო. მაგრამ, ნება შენია!
ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო, რომ შენი არჩევანია გქონდეს ეგ სამსახური, ეგ ოჯახი, ეგ ტანსაცმელი. შენ აარჩიე. იტყვი აბა რა მექნაო? ფული ხო მინდა? საჭმელი ხომ უნდა ვჭამო? კი ბატონო – დაფიქრდი იმაზე რა გინდა. თუ გინდა, რომ სამსახური შეინარჩუნო იმისათვის, რომ „საჭმელი ჭამო“, „გადასახადები გადაიხადო“, „ბავშვები სკოლაში ატარო“ და ასე შემდეგ – ეს უკვე შენი არჩევანია. თუ შენ მუშაობ იმიტომ, რომ გინდა ბავშვები კარგ სკოლაში ატარო. შენი სურვილია, რომ ეს შექმნა. კი ყველაფერს თავისი შედეგი აქვს. სამსახურს თუ დაკარგავ მაშინ შეიძლება კარგ სკოლაში ვეღარ ატარო. შენ აკეთებ არჩევანს. და ოპ, ახლა მნიშვნელოვანი მომენტი – მას შემდეგ რაც აარჩიე, შემდეგი რეალობის წინაშე დგები – შენ აარჩიე გვიანობამდე დარჩენა იმიტომ, რომ ეს გეხმარება შენს ცხოვრებაში იმის შექმნაში რაც შენთვის ღირებულია და მას შემდეგ რაც ეგ არჩევანი გააკეთე – ნება შენია როგორ განწყობაზე აარჩევ დარჩენას. არჩევ, რომ იყო შფოთვაში, მერე სახლში მიხვიდე და იქაც იჩხუბო. თუ არჩევ, რომ სირთულეებს მშვიდად დაუპირისპირდე. არჩევ, რომ პასუხისმგებლობა აიღო შენს ემოციებზე.
სწორად გამიგე, არავის უთქვამს, რომ სირთულეები არ იქნება. რაღაცეები ხდება,
ცხოვრება ხდება და ამ ცხოვრებაში როგორ გაატარო დრო და თავი როგორ იგრძნო უკვე შენი ნებაა.
[პარტნიორის კონტენტი]