7
Jun
2019

“ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა ახალი ქართული სტილი” – არჩილ გაბრიჩიძე #თაობა

7 Jun 2019

#თაობის დღევანდელი რესპონდენტი არჩილ გაბრიჩიძეა (aksed)  – ახალგაზრდა მუსიკოსი განსხვავებული რეპერტუარით. დღესდღეობით მუსიკა მისი საყვარელი საქმეა და ცდილობს, სულ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ტრეკები შექმნას. მის დღევანდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Marketer.ge არჩილს გაესაუბრა:

დიმიტრი შუბითიძის ფოტო

M: ვინ არის არჩილ გაბრიჩიძე?

არჩილ გაბრიჩიძე – ვცდილობ ყველანაირად გავიზარდო იქამდე, რომ საკუთარ თავს ვუწოდო მუსიკოსი. თავს არტისტად ვთვლი, ოღონდ არა მხოლოდ მუსიკალური კუთხით – ვარ მემონტაჟეც, გეიმერიც , პროფესიონალურად ვთამაშობდი counter strike go-ს. კომპიუტერზე მეტად არავინ და არაფერი მიყვარს. დღეში შემიძლია, 10 საათი ვიჯდე და არ ავდგე. კომპიუტერთან ჯდომის პერიოდს ვიყენებ პროდუქტიულად და ვსწავლობ რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ პროგრამას .

M: როგორი იყო შენი პირველი შეხება მუსიკასთან?

პირველი შეხება მუსიკასთან ბავშვობაში მქონდა. 6-დან 8 წლამდე დავდიოდი პიანინოზე, მქონდა კონცერტებიც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან მოახდინა დიდი გავლენა ჩემს მუსიკალურ მომავალზე. თუმცა, რასაკვირველია, გარკვეული მუსიკალურობა და რითმის გრძნობა შემძინა. ხოლო ელექტრონული მუსიკისადმი სიყვარული ჩემი ძმის დამსახურებით გამიჩნდა ასევე ბავშვობიდანვე.

M: როდის შექმენი პირველი ტრეკი და რა ჟანრის მუსიკას ქმნი ზოგადად?

საერთოდ ვცდილობ, ჟანრებად არ დავყო მუსიკა, რადგან ეს დაყოფა ჩარჩოებში მსვავს. უფრო სტილებად ვყოფ, სტილებს ტვინში არსებულ კონკრეტულ ხმებს ვეძახი ( ხოდებს – ამის ქართულ ლამაზ სიტყვას ვერ ვიხსენებ). ხოლო, სტილს რაც შეეხება, კონკრეტულ ეტაპზე ვაკეთებ გეტო სტილის მუსიკას, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი ჟანრი შევიდეს (მაგ. გეტო ჰაუსი, გეტო ტექნო, გეტო ელექტრო, გეტო ქართული ესტრადა) ყველაფერი შეიძლება გეტო სტილის იყოს. საერთოდ ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა ახალი ქართული სტილი. რაც შეეხება პირველ ტრეკს, ის 3 წლის წინ გავაკეთე, მაშინ, როდესაც თითქმის არანაირი თეორიული ცოდნა არ მქონია – მხოლოდ გემოვნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტრეკი დაიკარგა. გამოქვეყნება კი დავიწყე 1 წლის წინ, როდესაც ოდნავ მაინც მივუახლოვდი ჩემთვის სასურველ  შედეგს, თუმცა ყოველი ახალი ტრეკის მერე გაზრდას ვგრძნობ.

M: მუსიკალური კუთხით რას საქმიანობ დღესდღეობით?

ვარ 10SuliDj-ს წევრი, რომლის Party-ებზეც დავიწყე რეალურად დაკვრა, ჩემს მეგობარ DJ Sendnudes-თან ერთად მქონდა დუეტი (Ben D. Over) რომლითაც ვუკრავთ ხოლმე ზოგადად.

M: შენი მუსიკა ცოტათი ამოვარდნილია თბილისში დომინირებული ჟღერადობისგან, რამდენად გეძლევა ადგილობრივ ვენიუებზე თავის წარმოჩენის შანსი?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ დიჯეის არ უნდა აფასებდნენ პროდაქშენით, რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ზოგადად მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, რომ თუ ვიღაც კარგ ტრეკებს აკეთებს ესე იგი, ის ძალიან კარგად უნდა უკრავდეს. ჩემი აზრით, ეს არის აბსურდი. ბევრ ადგილობრივ ვენიუზე დამიკრავს, თქვენ წარმოიდგინეთ, იქამდე, სანამ საერთოდ ტრეკს გამოვაქვეყნებდი.

M: საუნდქლაუდზე უკვე რამდენიმე ტრეკი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, აპირებ თუ არა, უახლოეს მომავალში შეკრიბო საუკეთესოები და რომელიმე ლეიბლზე დაარელიზო?

მომავალში ვაპირებ, რომ ქართული ჟღერადობის ლეიბლი გავკეთო რომელიც მხოლოდ მუსიკის განვითარებაზე იმუშავებს და არა კონკრეტული სახელების. No fame just music..

M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

ეს სიმღერა იმიტომ შევარჩიე, რომ არ გეგონოთ, მხოლოდ ერთი განხრით შემიძლია მუსიკის კეთება..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა