ამჯერად, გაგაცნობთ პროექტს, სადაც დიზაინ სტუდია Vice Versa-მ არქიტექტურული ესთეტიკა ღვინის ვიზუალური იდენტობის ნაწილად აქცია. დიზაინის გუნდმა ბრენდ Avandari-ის ეტიკეტზე მუშაობისას შთაგონება ქართული და ევროპული არქიტექტურული ელემენტებიდან – თაღებიდან და სარკმელებიდან აიღო, რითაც ღვინის ორ განსხვავებულ ხაზს შორის შექმნა კონტრასტი. ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოებისთვის გამოყენებულია გოთური ფერადი ვიტრაჟები, რაც პროდუქტის პერფექციონისტულ ხასიათს გამოხატავს. ქვევრის ღვინოებისთვის კი დიზაინერებმა ქართული ისტორიული ტაძრების სარკმლის ფორმა აირჩიეს, რითაც პროდუქტის ექსპერიმენტული, თავგადასავლებისკენ მიდრეკილი ბუნება წარმოაჩინეს.
გიორგი ღუდუშაური, არტ დირექტორი: „პროექტისთვის შთაგონების წყაროდ ქართული და ევროპული არქიტექტურული ელემენტები – თაღები და სარკმელები შევარჩიეთ. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევდა, ვიზუალურად გაგვემიჯნა ორი განსხვავებული ხაზი: ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები და ტრადიციული ქვევრის ღვინოები.
Vice Versa-ს დიზაინის გუნდის ამბიციური მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ვიზუალური იდენტობა, რომელიც არღვევს ტრადიციული ღვინის ეტიკეტების მიმართ არსებულ მოლოდინებს და სრულად გამოხატავს „ავანდარის” დუალისტურ ბუნებას – ერთი მხრივ, კანონიკური მიდგომით შექმნილი ღვინოები, მეორე მხრივ კი, მოუსვენარი, ექსპერიმენტებისკენ მიდრეკილი ხაზი. როგორც დიზაინერების გუნდისთვის, ასევე დამკვეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ეტიკეტები, რომლებიც გამორჩეულ პოზიციონირებას მოიპოვებდნენ მომხმარებლის თვალში და არ ჩაიკარგებოდნენ ღვინის მაღაზიების დატვირთულ თაროებზე. დღევანდელი შედეგებით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა.
ბრენდინგზე ვიმუშავეთ: არტ დირექტორებმა – გიორგი ღუდუშაურმა, ტანიტა გონგაძემ, და კრეატივ დირექტორებმა: რამაზ დავითურმა და ნატა აქულაშვილმა.“
ავტორი: თამარ მეფარიშვილი


























