ალბათ, ამ სტატიის წაკითხვისას ყველას ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი“ გაგახსენდებათ…
ახალი აპლიკაცია Archiv მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად ნანახი ნივთები – ავეჯი, ქანდაკებები, მცენარეები, ქუჩის ობიექტები და სხვა დეტალები – ციფრულ კოლექციად შეინახონ.
Archiv გრაფიკული დიზაინერის, დევიდ მაკგილივრეის პროექტია და ამ ეტაპზე ბეტა რეჟიმში მუშაობს. მომხმარებელი უბრალოდ იღებს ფოტოს, აპლიკაცია კი გამოსახულებას ამუშავებს, ასწორებს განათებას, პერსპექტივასა და ფონს და ობიექტს უფრო მოწესრიგებულ, არქივისთვის დამახასიათებელ ვიზუალს აძლევს.
სისტემა Google-ის AI ტექნოლოგიას იყენებს და ფოტოს დამატებით ობიექტის მოკლე აღწერასა და ძირითად ინფორმაციას ურთავს.
აპლიკაციის იდეა თავდაპირველად ქვების ციფრული კოლექციიდან დაიწყო. მაკგილივრეის სურდა, სეირნობისას ნაპოვნი საინტერესო ქვები გადაეღო და მათ შესახებ მეტი გაეგო. მოგვიანებით მიხვდა, რომ იგივე მიდგომა თითქმის ნებისმიერ ნივთზე შეიძლებოდა გავრცელებულიყო.
Archiv ავტომატურად ახარისხებს ფოტოებს სხვადასხვა კატეგორიად, ხოლო მომხმარებლებს ერთმანეთის კოლექციების ნახვა და გაზიარებაც შეუძლიათ.
მომავალში აპლიკაციას შესაძლოა 3D ვიზუალიზაციის ფუნქციაც დაემატოს და სისტემამ მომხმარებლის კოლექციებში განმეორებადი ინტერესებიც გამოავლინოს.
Archiv-ის იდეა მარტივია – ციფრული ინსტრუმენტის დახმარებით ადამიანებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ ფიზიკურ გარემოს და შეინახონ ის დეტალები, რომლებიც სხვა შემთხვევაში მალევე დაავიწყდებოდათ.













