in

ბედნიერი თანამშრომელი, ანუ Temet Nosce, როგორც „არდის“ მთავარი პრიორიტეტი

თანამედროვე სამყაროში კორპორაციები უფრო და უფრო მეტად ზრუნავენ თანამშრომლის კმაყოფილებაზე. არაერთი საერთაშორისო კვლევა და პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომ დასაქმებულის ბედნიერება დადებითად აისახება კომპანიის ფუნქციონირებაზე. საბედნიეროდ, ქართულ რეალობაშიც არსებობენ ისეთები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი სწორედ თანამშრომლის ბედნიერებაა. სადაზღვევო კომპანია „არდი“ დაარსების დღიდან ზრუნავს დასაქმებულთა კმაყოფილებასა და განვითარებაზე. ბოლო პერიოდში კი, ამ პრიორიტეტმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება გახდა საჭირო. ამ მიმართულებით კომპანიაში მიმდინარე პროცესებსა და მიღებულ შედეგებზე Marketer.ge „არდის“ ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსს, ნია მღვდელაძეს ესაუბრა:

რას ნიშნავს „არდისთვის“ ბედნიერი თანამშრომელი და რატომ არის ეს კომპანიის მთავარი პრიორიტეტი?

ნია მღვდელაძე: „არდის“ მთავარი საზრუნავი „არდელები“ არიან. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ მათ ისეთ გარემოში უწევდეთ მუშაობა, სადაც უსმენენ, აფასებენ და ხელს უწყობენ; იქ, სადაც თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, ხედავენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის პერსპექტივებს, რომელიც აქ შეუზღუდავია. „არდიში“ გვაქვს არაერთი წარმატებული ტრანსფორმაციის მაგალითი, რიგითი ოპერატორიდან მაღალი რგოლის მენეჯერამდე. ეს კი მხოლოდ ჯანსაღი გარემოს ფარგლებშია შესაძლებელი.

კომპანიაში კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი წარმატება დაკავშირებულია თითოეული „არდელის“ წარმატებასთან. ერთგვარი კომპანიის მამოძრავებელი მოტო გვაქვს, რომ არდი არის სწორედ არის ისეთი – როგორიც „არდელები“ არიან, ცალ-ცალკე და ერთად!

როგორ ადგენთ თანამშრომლის ბედნიერებას და რას ნიშნავს Temet Nosce კვლევა?

Temet Nosce – ანუ იცნობდე საკუთარ თავს იმ გარემოში, სადაც ხარ, სადაც მოღვაწეობ, აუცილებელი პირობაა ბედნიერებისთვის. სულ ახლახან, ჩავატარეთ „არდის“ „ბედნიერების ინდექსის“ კვლევა, სრული ანონიმურობის დაცვით, მომზადდა კითხვები, რითიც თანამშრომლებს მივეცით საშუალება მაქსიმალურად გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები, კრიტიკაც და მადლიერებაც. ძალიან პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „არდიში“ მუშაობა ჩვენს თანამშრომლებს არათუ მოსწონთ, არამედ უყვართ და ამოტივირებთ. ასევე მივიღეთ საინტერესო შეფასებები და რჩევები, რომელსაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ. სწორედ ბედნიერების კვლევის შემდეგ, გაჩნდა იდეა „ონლაინ“ სემინარისა, სახელწოდებით „ბედნიერების გარშემო“. ეს სემინარი რამდენიმე „ონლაინ“ სესიისგან შედგება და მისი მიზანია საკუთარი ბედნიერების არსში გარკვევა, ბედნიერების ხელისშემშლელი, თუ ხელისშემწყობი ტენდენციების გაცნობიერება და არასასურველი ჩვევების სასურველით ჩანაცვლება, ჩვენი საერთო კეთილდღეობის გაზრდა, უფრო პოზიტიური, პროდუქტიული მუშაობისა და სავსე ცხოვრებისათვის. ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი წარმატება, მხოლოდ  ბედნიერი თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდით მიიღწევა.

რამდენად იმოქმედა ქვეყანაში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სამუშაო პროცესზე და როგორ გაიარა ერთგვარი გამოცდა კომპანიამ?

პანდემიის პერიოდში, როგორც ყველამ, ჩვენც ახალ რეალობაში გადავინაცვლეთ. რა თქმა უნდა, გამოწვევა იყო ერთის მხრივ კომპანიის შეფერხებების გარეშე მუშაობის და ამავე დროს, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებით დავძლიეთ და 48 საათში ვადაპტირდით ახალ, ვირტუალურ გარემოსთან. ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ დავინახეთ ერთიანობის ძალა, როცა ყველა თანამშრომელი მუშაობდა როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი.

მიუხედავად ასეთი ზომებისა, კომპანიის სრულფასოვნად ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა იმ თანამშრომელთა გარეშე, რომელთაც ყველაზე რთულ მომენტებშიც უწევდათ ფრონტის წინა ხაზზე დაუღალავი შრომა და უწყვეტ რეჟიმში ადამიანების მომსახურება. ესენი არიან ჩვენი ოჯახის ექიმები, რომელთა შრომა, ერთგულება და თავდადება არის ჩვენი კომპანიისათვის ძალიან დასაფასებელი და სამაგალითო. მათ უსაფრთხოებაზე მაქსიმალურად ვიზრუნეთ,  განსაკუთრებული დამცავი ეკიპირებითა და ინდივიდუალური ტრანსპორტირების ჩათვლით.

ამჟამად როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი? რა შეიცვალა რეგულაციების შეცვლის შემდეგ?

ახალი რეგულაციების თანახმად, ივნისის თვეში ყველა წესის დაცვით გავხსენით სერვისცენტრები. ხოლო ოფისებში თანამშრომლების ნაწილი შეცვლილი სამუშაო გრაფიკით დაბრუნდა, დანარჩენი ნაწილი კი საოფისე სივრცეში მუშაობს საკუთარი სურვილის ან საჭიროების მიხედვით. ვფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდი გარკვეულ პერმანენტულ კვალს დატოვებს და დისტანციურად მუშაობა განუყოფელი ნაწილი გახდება თითოეული „არდელის“ ცხოვრებაში. ვგეგმავთ ინდივიდუალურ, თანამშრომლისთვის მაქსიმალურად სასურველი სამუშაო გრაფიკების შემუშავებას, რაც ერთი მხრივ შეუწყობს ხელს მათი პირადი და სამუშაო ცხოვრების იდეალური ბალანსის პოვნას და ამასთან, კიდევ უფრო გაზრდის მათ ინდივიდუალურ პერფორმანსს „არდის“ საერთო წარმატებაში. ვფიქრობთ, რომ ასე გაცილებით სწორია გაზომვა თითოეული თანამშრომლის მიერ მიღწეული შედეგების და არა მათი ფიზიკური ადგილმდებარეობით. თუ რომელიმე ჩვენი თანამშრომელი ჩათვლის, რომ გაცილებით პროდუქტიულად შეუძლია იმუშაოს მისთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან, მას ამის სრული უფლება აქვს.

როგორია მომავლის „არდელი“?

მომავლის „არდელი“ უკვე კარგად იცნობს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, უნარებს. მას ნაპოვნი აქვს ჰარმონიული ბალანსი სამსახურებრივ და პირად ცხოვრებას შორის. უკეთ მართავს საკუთარ დროსა და რესურსებს. დაშვებული შეცდომების არ ეშინია, ვინაიდან იცის, რომ გამოცდილება აძლიერებს მასაც და კომპანიასაც. მომავლის „არდელი“ აუცილებლად მწვანეა. არა მხოლოდ „არდის“ ლოგოტიპის გამო, არამედ მისი ცხოვრების წესით. ეკოლოგია მხოლოდ შესაფუთი მასალა არაა და ვცდილობთ, რომ აღვზარდოთ ეკო-ცნობიერება ჩვენშიც. უახლოეს მომავალში, ჩვენი ქაღალდი ციფრული იქნება, ხოლო ხე – უფრო მეტი და ჩვენი დარგულიც. მომავლის „არდელი“ – ბედნიერია იმიტომ, რომ მუდამ სიახლის ძიებაშია, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის – მეგობრებისთვის, თანამოაზრეებისთვის, ქვეყნისთვის.

 

[პარტნიორის კონტენტი] 

21-23 აგვისტოს, ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ – მარკ მენსონის წიგნის პრეზენტაცია, „შერატონ ბათუმში“