ბოლო წლების მანძილზე სამსახურიდან მილიონობით ადამიანი გაათავისუფლეს და ამ საფრთხის წინაშე დღესაც უამრავი დასაქმებული დგას. თუმცა ახლა უფრო მეტად მიმართავენ არა პირდაპირ სამსახურიდან გათავისუფლების მეთოდს, არამედ იმას, რაც ჩვენთვის „ჩუმი გათავისუფლების“ სახელით არის ცნობილი.
მაშინ, როცა კომპანია თანამშრომელს ათავისუფლებს, ორივე მხარე ფინანსური, ფსიქოლოგიური და იურიდიული ხარჯების საკითხის წინაშე დგება. ამის თავიდან ასაცილებლად კი ზოგიერთი ცდილობს, შექმნას იმდენად მტრული სამუშაო გარემო, რომ ადამიანებს უბიძგონ, თავად დატოვონ სამსახური. თუმცა დღეს ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Meta და Tesla უფრო ხშირად მიმართავენ ირიბი, ანუ „ჩუმი გათავისუფლების“ მეთოდს, როგორც სამუშაო ძალის შემცირების სტრატეგიას ფართო მასშტაბზე.
უფრო უარესი კი ის არის, რომ ბევრი თანამშრომელი ვერ იაზრებს, რა არის „ჩუმი გათავისუფლება“ ან რა უნდა გააკეთონ, როცა ეს მათაც შეემთხვევათ. სწორედ ამიტომ, კვლევით ის საერთო ინდიკატორები გამოავლინეს, რომლებიც თანამშრომელს დაეხმარება, მიხვდეს, როდის უბიძგებენ მას სამსახურიდან წასვლისკენ.
„ჩუმი გათავისუფლების“ გამაფრთხილებელი ნიშნები
სამსახურებრივ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული ცვლილებები:
- მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გადაცემა სხვა თანამშრომლისთვის
- თანამშრომლის დაქვეითება ან სამუშაო აღწერილობის შეცვლა
- დაპირებული ახალი შესაძლებლობების არმიცემა
- არაგონივრული მიზნების დაწესება
- თანამშრომლისთვის ისეთი პასუხისმგებლობის მინიჭება, რაც არასასურველი და შეუსაბამოა მისი პოზიციისთვის
- თანამშრომლისთვის ხელის შეშლა, რათა მიიღოს დამსახურებული დაწინაურება
კომპენსაციასთან დაკავშირებული ცვლილებები:
- ხელფასების შემცირება
- თანამშრომლისთვის ხელის შეშლა, რათა დამატებითი მუშაობით მეტი შემოსავალი მიიღოს
- დაპირებული ყოველწლიური ბონუსებისა და ხელფასის გაზრდის უგულებელყოფა
სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ცვლილებები:
- სამუშაო საათების შეცვლა
- სამუშაო დატვირთვის გაზრდა არაგონივრული და წარმოუდგენელი დონით
- თანამშრომლის იძულება, შეიცვალოს სივრცე
- ისეთი შეღავათების წართმევა, როგორებიცაა ოფისი ან საპარკინგე ადგილი
ზედამხედველთან ურთიერთობის ცვლილებები:
- კარიერის მიმართულების განხილვისა და უკუკავშირის მიწოდების თავიდან არიდება
- თანამშრომლის უსამართლოდ შეფასება, მკაცრი უკუკავშირის მიწოდება ან მუდმივად მისი გაკრიტიკება
- „მოჩვენებითობა“ ან შეხვედრების ხშირი გაუქმება
- კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის არმიწოდება, რაც უკავშირდება თანამშრომლის სამსახურსა და პასუხისმგებლობებს
- თანამშრომლის დაუფასებლობა მისი მუშაობის გამო და კიდევ უარესი, სხვისი აღიარება
ამ ცვლილებების გამოცდა ნამდვილად რთული საკითხია… თუ თქვენი სამსახური ან ზედამხედველი თავს არაკომპეტენტურად გაგრძნობინებთ, არ გაფასებთ, გსტრესავთ და თავს იზოლირებულადაც თვლით, ბუნებრივია, რომ მას სურს, სამსახური თქვენივე ნებით დატოვოთ. კვლევაში მონაწილეთა ნაწილმა ამის საპასუხოდ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო, ნაწილმა კი ამ პრობლემის მოგვარება და წინსვლა შეძლო. აქ კი ისინი შემდგომი 10 ტაქტიკური ნაბიჯის გადადგმას გვთავაზობენ.
რა უნდა გააკეთოთ, თუ „ჩუმ გათავისუფლებასთან“ გაქვთ საქმე?
1. რაციონალურად შეაფასეთ სიტუაცია
ნამდვილად ჩუმად გათავისუფლებენ? თუ სიტუაციას ზედმეტად აანალიზებთ? არსებობს თუ არა ობიექტური გარემოებები, რომლებსაც შეუძლია ახსნას თქვენი მენეჯერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება? ეს არასასურველი ცვლილებები მხოლოდ თქვენკენაა მომართული თუ მთელი გუნდისკენ? მგრძნობიარე და არაკომფორტულ სიტუაციაში, მარტივია, ადამიანთა ქმედებების არასწორი ინტერპრეტაცია. თუ თქვენი სამსახური ნამდვილად აუტანელი გახდა და ეს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც ვნებს, ალბათ, დროა აქედან წამოხვიდეთ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, სანამ იმოქმედებთ, დარწმუნდეთ, რომ ზუსტად აფასებთ არსებულ სიტუაციას.
2. ცოდნა არის ძალა
იმის უზრუნველსაყოფად, რომ იცოდეთ, რა ტიპის ცვლილებებია მისაღები და რა ტიპის, არა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თქვენი კომპანიის წესებსა და რეგულაციებს გაეცნოთ. ასევე, უნდა იცოდეთ დაწინაურებისა და ხელფასის გაზრდის კრიტერიუმები, უნდა გქონდეთ ინფორმაცია თქვენი კონკრეტული პროფესიის ხელშეკრულების შესახებ, როცა საქმე ეხება ანაზღაურების მასშტაბებსა და კომპენსაციის სტრუქტურებს. რეფერენსის ამ ჩარჩოს შეუძლია დაგეხმაროთ, უკეთ განსაზღვროთ, თქვენი გამოცდილება კომპანიისა და ინდუსტრიისთვის ტიპურია, თუ სამსახურიდან ირიბად გათავისუფლებენ.
3. ჩაინიშნეთ კარგი რაღაცები
გააკეთეთ თქვენი მიღწევების ჩანაწერები. დარწმუნდით, რომ წარმოადგენთ ღირებულებას, რომელიც თქვენ კომპანიას დაამატეთ ხელშესახები და რაოდენობრივი შედეგებით.
4. ჩაინიშნეთ ცუდი რაღაცები
თანაბრად მნიშვნელოვანია იმ ჩანაწერების გაკეთება, სადაც თქვენ არასწორად მოგექცნენ. ეს მოიცავს ელ.ფოსტებს, შეფასებებს, დაწერილ უკუკავშირებსა და სხვა. ამასთან, დარწმუნდით, რომ ჩაწერთ განსხვავებულ ინციდენტებს, რომლებმაც თავი დაუფასებლად და იზოლირებულად გაგრძნობინეს.
5. ურთიერთობა დაამყარეთ ღიად და პროაქტიულად
თუ თქვენი სიტუაცია გაწუხებთ, მიმართეთ ზედამხედველს და ღიად და გულწრფელად გაესაუბრეთ იმის შესახებ, რასაც გრძნობთ. იყავით მაქსიმალურად კონკრეტული და ეცადეთ, ფოკუსირდეთ იმ ტაქტიკურ გზებზე, რომლითაც თქვენს მენეჯერს შეუძლია რაღაცები გააუმჯობესოს.
6. ისწრაფეთ კანონიერი დახმარებისკენ
ზოგჯერ ადვოკატთან გასაუბრება დაგეხმარებათ, შეაფასოთ არსებული სიტუაციის სიმძიმე და განსაზღვროთ საუკეთესო გზა მის მოსაგვარებლად. ხშირად კი ზედამხედველისთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ თქვენ გაიარეთ ადვოკატთან კონსულტაცია, რომ ხელი შეუშალოთ მას „ჩუმად გათავისუფლებაში“.
7. დაიცავით თქვენი მენტალური ჯანმრთელობა
„ირიბ გათავისუფლებასთან“ დაკავშირებულმა სტრესმა, შესაძლოა, დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას. ამ ცვლილებებთან გამკლავება რომ შეძლოთ, კარგი იქნება თუ თერაპევტს, მრჩეველს ან სხვა პროფესიონალს გაესაუბრებით. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს, ოჯახსა და კოლეგებს, რომელთაც შეუძლიათ თქვენი დახმარება ან ტაქტიკური რჩევის მოცემა.
8. ჩუმად უკან დახევა
ამ მიდგომას თავისი უკუჩვენებებიც აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა განიხილავთ საუკეთესო გზას, ჩუმად უკან დახევა ყველაზე ეფექტური ვარიანტი შეიძლება იყოს. ეს დაგეხმარებათ, შეამსუბუქოთ ის სტრესი, რომელიც „ჩუმად გათავისუფლებასთან“ არის დაკავშირებული. უკან დახევა კი მოიცავს სამსახურში აუცილებელი მინიმუმის გაკეთებას.
9. იმოქმედეთ კანონიერად
ჩუმი თუ ირიბი გათავისუფლების ნაწილი ის არის, რომ იგი ართულებს კანონიერი ქმედებების გადადგმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არსებობს. ლეგალური საქმის აგება რომ შეძლოთ, დაგჭირდებათ დაამტკიცოთ, რომ კომპანიამ ფუნდამენტურად და უსამართლოდ შეცვალა თქვენი სამუშაო პირობები. ამ ცვლილებებმა კი რეალური ზიანი მიაყენა თქვენს შემოსავლებსა და კეთილდღეობას.
10. სანამ წახვალთ, მოლაპარაკება აწარმოეთ
საბოლოოდ, თუ თქვენთვის აშკარაა, რომ კომპანიას თქვენი გაგდება უნდა და თქვენც გადაწყვეტთ, რომ აღარ ღირს გაჩერება, ეს პირდაპირ არ თქვათ. სანაცვლოდ, წამოიწყეთ გულწრფელი დისკუსია თქვენს ხელმძღვანელთან და მიუთითეთ თქვენს მოსაზრებაზე — კომპანია ცდილობს სამუშაო ძალის შემცირებას და ისეთ პირობებს გთავაზობთ, რომ თანახმა ხართ სამსახურიდან წახვიდეთ. მაგალითად, შესთავაზეთ ნებაყოფლობითი წასვლა დადებითი რეკომენდაციების, დასაქმების მხარდაჭერის ან ნებისმიერი იმ სარგებლის სანაცვლოდ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, თქვენ ვერ მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურთ, მაგრამ თუ თქვენს კომპანიას უნდა, თავად წახვიდეთ და მათ არ გაგათავისუფლონ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული ბერკეტი გაქვთ. ამიტომ, არ დატოვოთ ფული მაგიდაზე, როცა კარიდან გახვალთ…
თუმცა უნდა ვაღიაროთ, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე გასაკეთებლად… მაგრამ, როცა თქვენ იცით, რა ნიშნებს უნდა დააკვირდეთ და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, ე. ი. გაქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა არსებული პრობლემა მოაგვაროთ. ხოლო მიუხედავად იმისა, რას გადაწყვეტთ, ყოველთვის გახსოვდეთ, როგორც ამ, ისე მომდევნო სამსახურებში თქვენ დაფასებას იმსახურებთ.
წყარო: HBR