in

მზად ხარ ფრილანსერობისთვის?

„სამსახური?! – დიახ, ამაღელვებელია… ყოველდღე განსხვავებულია“, –  გვითხრა ჰენრიმ. ჰენრიმ, ბიოლოგიის PhD-მ, რომელმაც კარიერა იმისთვის მიატოვა, რომ საკუთარი ბიზნეს-სამეცნიერო კონსალტინგი დაეწყო. ზოგადად, დამოუკიდებლად მუშაობა მოსწონდა. თუმცა, გამოწვევებიც არ აკლდა, მაგალითად: მოულოდნელი სამუშაო გადაწვა, ფინანსური არასტაბილურობა და კონფლიქტი კლიენტის მოლოდინებსა და მოთხოვნებს შორის.

მაშინაც კი, როცა კომპანიები თანამშრომლებს ისეთ პირობებს უქმნიან, რომ მათ ორგანიზაციასთან კულტურული ღირებულებები აღმოაჩინონ, სტაბილურობის განცდაც ჰქონდეთ და კარიერული ტრაექტორიაც ნათელი იყოს, მიუხედავად ამისა, ბევრი, ჰენრის მსგავსად, ფრილანსერად მუშაობას ამჯობინებს.

ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ფრილანსსამსახური აშშ-ში, გასული 5 წლის განმავლობაში, 3.7 მილიონამდე გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ 3 ამერიკელიდან, 1, სრულიად ან ნაწილობრივ, დამოუკიდებლად მუშაობს. ფრილანსერად მომუშავე ადამიანები ცდილობენ, რომ პროფესიულ საქმიანობაში ავტონომიურობას მიაღწიონ.

დღესდღეობით, ჩვენ ცოტა ვიცით იმის შესახებ, როგორ შეიძლება პროფესიონალის გამოცდილება შეიცვალოს, რომ მივიჩნიოთ – ის ფრილანსერობისთვის მზადაა. თუმცა, შევეცდებით, გაგიზიაროთ, ის გამოწვევები და უპირატესობები, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობას შეიძლება მოჰყვეს:

ამის გასარკვევად, ფსიქოლოგების ჯგუფმა 307 დამოუკიდებელი კონსულტანტი და ორგანიზაციაში მომუშავე 94 კონსულტანტი ონლაინ გამოკითხეს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში – „რა კრიტერიუმები უძღვის წინ თქვენს წარმატებასა და პროფესიულ კმაყოფილებას?“

დამოუკიდებელი კონსულტანტები ამბობდნენ, რომ ფრილანსერობა მათ სამუშაო და პირადი ცხოვრების დაბალანსების შესაძლებლობას აძლევთ და რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ადეკვატურ ანაზღაურებასაც. ბევრმა მათგანმა ისიც თქვა, რომ უფრო მეტად პროდუქტიულები იყვნენ და მეტ ინტელექტუალურ გამოწვევასთან შეეძლოთ გამკლავება. როგორც მათ თქვეს, ფრილანსერობის ყველაზე დიდი პლუსი თავისუფლება იყო, რაც სასურველი თანამშრომლებისა და პროექტების არჩევაში გამოიხატებოდა. შესაბამისად, დამოუკიდებელი კონსულტანტები უფრო კმაყოფილები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც კომპანიებში სრული განაკვეთით, იმავე საქმიანობას ეწეოდნენ.

კვლევის მონაწილეების, დაახლოებით, 67% ამბობდა, რომ უფრო მეტს ან იმავეს გამოიმუშავებდა იმასთან შედარებით, როცა კომპანიაში სრულ განაკვეთზე მუშაობდა. დრამატულად შემცირებული იყო ფრილანსერობის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურება – თუ საკონსულტაციო კომპანიებში ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფ ქალებსა და მამაკაცებს ხელფასებს შორის სხვაობა, დაახლოებით, 30% იყო, ფრილანსერობის შემთხვევაში, ეს 3%-მდე იყო დასული.

მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სარგებელისა, ფრილანსერების თქმით: „ეს ყველასთვის არაა – ძალიან ბევრ კომპრომისზე გვიწევს წასვლა, რომელზეც ბევრი უარს იტყოდა“.

სწორედ ამიტომ, ფრილანსერობის 4 ძირითადი გამოწვევას გაგიზიარებთ: 

გარანტია: როცაფრილანსერებს მათს ყველაზე დიდ გამოწვევაზე ჰკითხეს, დამოუკიდებელი კონსულტანტების ნახევარმა აღნიშნა საქმიანობაში არაპოგნოზირებადობა და არასტაბილურობა. ერთ-ერთი ხსნიდა, რომ ის მუდმივად წუხდა, ექნებოდა, თუ არა შემდეგი პროექტი. ზოგი აღნიშნავდა ცვალებად შემოსავალზე… რაზეც თანხმდებოდნენ, იყო გამოსავალი, რომელიც თვითონვე უნდა მოეფიქრებინათ და რაც გულისხმობდა უსაფრთხოების საკუთარი კრიტერიუმების შექმნას.

სხვადასხვა სამუშაოს მართვა: დამოუკიდებელი პროფესიონალები თავიანთთვის არიან – ანუ მათ უწევთ ისეთი საქმეების კეთებაც, რომელზეც კომპანიის შემთხვევაში, ცალკე დეპარტამენტი იზრუნებდა. ამის გამო, თავიდან მაინც, ბევრი მათგანი მუდმივად გაყიდვების რეჟიმზეა მომართული და საკუთარი საქმიანობის სასიამოვნო მომენტს ხელიდან უშვებს, იღლება და შესაძლოა, ასე მუშაობას თავიც კი მიანებოს.

იზოლაცია: ფრილანსერობას თავისუფლება და ავტონომია მოაქვს, თუმცა ის, ასევე, მარტო მუშაობასაც გულისხმობს. მაშინაც კი, თუ ფრილანსერებს კლიენტის გუნდის წევრებთან ერთად მუშაობა უწევთ, ჯგუფის სრულფასოვან წევრად თავს მაინც ვერ გრძნობენ. გამოკითხვისას, ბევრმა აღნიშნა, რომ მოენატრათ კოლეგების ყოლა, რომლებთანაც იდეების გაზიარებას შეძლებდნენ და ა.შ. იზოლაციის მართვა ფრილანსერობის ერთ-ერთი ყველაზე გაუთვალისწინებელი გამოწვევაა.

თვითბრენდინგი: კომპანია საქმეს ბაზარზე კარგ მოთამაშეებთან იჭერს და შენ არ გიწევს კლიენტების მოზიდვაზე ზრუნვა. ზემოხენებული ჰენრი დროს ხშირად ხარჯავდა უფასოდ რჩევების გაცემაში და დიდ ძალისხმევად უჯდებოდა მდომარეობამდე მისვლა, რომ კლიენტები შეთანხმებულიყვნენ, რომ „მოდი, ჩვენ გვინდა, ამაში ფული გადაგიხადოთ“. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითბრენდინგი, როგორ შეფუთავ საკუთარ თავსა და ცოდნას, პროფესიონალურ გამოცდილებას.  

გამოკითხვის შედეგად, გარკვეულ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომ დამოუკიდებელ კონსულტანტებს კულტივირებული აქვთ სამი შესაძლებლობა, რის შედეგადაც, ფრილანსერობის გამოწვევებს  უმკლავდებიან და ესენია: პროაქტიულობა, ფსიქოლოგიური მედეგობა და მენტალური სიმარჯვე.

პროაქტიულობა: ინიციატივიანი ხარ და იდეები გაწუხებს? როგორ იღებ ახალ დავალებებსა და სირთულეებს, რამდენად აქტიურად ხარ ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში, ინტერესიანი, ცნობისმოყვარე შეიძლება შენზე ითქვას? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ეძებდე განვითარებისთვის ახალ გზებს, გსურდეს საკუთარ საქმეში ექსპერტობა. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია იყო პროაქტიულობის დონე, მით მეტი იყო კარიერული კმაყოფილების დონეც და საკუთარი საქმიანობის წარმატებულად შეფასების შემთხვევაც.

ფსიქოლოგიური მედეგობა: დამოუკიდებელ პროფესიონალებს, ასევე, სჭირდებათ, რომ ფსიქოლოგიური მედეგობა განივითარონ, ანუ „ისწავლონ, როგორ შეიყვარონ მოულოდნელობები და გამოწვევები“. ფსიქოლოგიური მედეგობის გაზრდა ნიშნავს სწავლას, როგორ ფოკუსირდე სამუშაოზე და შეინარჩუნო პროფესიონალიზმი მაშინაც კი, როცა „ტურბულენტურ ზონაში“ გიწევს საქმის კეთება.

მენტალური სიმარჯვე: დამოუკიდებლად საქმიანობა მენტალურ სიმარჯვესაც მოითხოვს, რაც ნიშნავს საკითხის სხვადასხვა პერსპექტივით დანახვას. რამდენიმე რესპონდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან რთულია, როცა ძალიან ბევრ პროექტზე გიწევს მუშაობა, იყო სიტუაციის შესაბამისად, მოქნილი და ადაპტირებადი. თუმცა, მენტალური სიმარჯვე, როგორც წესი, პირდაპირ ითარგმნება მეტ სამუშაოსა და რა თქმა უნდა, მეტ ფინანსურ სარგებელში. ერთ-ერთი სტრატეგია, სიტუაციის სხვადასხვა პერსპექტივით დანახვისთვის, განსხვავებული აუდიტორიასთან ურთიერთობაა, მაგალითად, სხვადასხვა ფორუმზე გამოთქმული აზრით, გატანილი პროექტით და მიღებული უკუკავშირით.

კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ გამოკითხულიდან, 30 ადამიანი, რომლებმაც ფრილანსერობიდან ისევ კომპანიებში გადაინაცვლეს, დაბალი ფსიქოლოგიური მედეგობა და მენტალური სიმარჯვე გამოავლინეს.

ამიტომ, თუ ფრილანსერობა გინდა, ინვესტიციის ჩადება მოგიწევს ამ უნარების განვითარებაში… იმისთვის, რომ სანამ ამ კარიერულ ნახტომს გააკეთებ, კარგად გაიაზრო ის უპირატესობები და გამოწვევებიც, რომელსაც დამოუკიდებლად საქმიანობა მოგიტანს.

წყარო: HBR



კანის საუკეთესო ფილმებში And Then We Danced მე-7 ადგილზეა

გაერთიანებული AVON და Natura & Co გლობალურ ბაზარზე ლიდერობას გეგმავს