ალცჰაიმერის ასოციაციის მონაცემებით, დაავადება, რომელიც იწვევს კოგნიტიურ დაქვეითებას და მეხსიერების დაკარგვას, ამჟამად დაახლოებით 6.7 მილიონ ამერიკელზე მოქმედებს. ამავდროულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 55 მილიონი ადამიანი იტანჯება დემენციით, ტერმინი, რომელიც ზოგადად ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი თერაპია, რომელსაც ალცჰაიმერის შედეგების თავიდან აცილება შეიძლება, თავად დაავადება განუკურნებელი რჩება. ამასთან დაკავშირებით, სარეკლამო სააგენტო Area 23-მა ინოვაციური იდეის ტესტირება გადაწყვიტა: რა მოხდებოდა, თუ დაავადების მქონე ადამიანებს მეხსიერების შენარჩუნებაში ხელოვნური ინტელექტით დაეხმარებოდნენ?
რა თქმა უნდა, მეცნიერული თვალსაზრისით, AI-ს ალცჰაიმერთან მიმართებით გამოყენება სიახლეს არ წარმოადგენს. ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში მკვლევრები აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიას, რათა დაავადების ნევროლოგიური საიდუმლოებები ამოხსნან… თუმცა ეს კონკრეტული სარეკლამო სააგენტო ახალი სამედიცინო მოწყობილობის განვითარებაზე არ ყოფილა ორიენტირებული — სანაცვლოდ, ადამიანის წმინდა ჩვევაზე ფოკუსირდნენ, რომელიც ქმნის არა მხოლოდ მარკეტინგის, არამედ ურთიერთობებისა და პირადი იდენტობის სახეს. საუბარია ამბის თხრობაზე (storytelling).
ასე დაიბადა bAIgrapher, ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტის ცხოვრების ისტორიას მუდმივ არტეფაქტად აქცევს — მეხსიერების ბანკად. როგორც ამბობენ, ამ მოდელს დაავადების პროგრესის შენელება შეუძლია, პაციენტებს კი ერთგვარი კომფორტი ექმნებათ, რადგან მარტივად შეძლებენ მოგონებებში დაბრუნებას.
bAIgrapher-ის კონცეფცია ემყარება რემინისცენციურ თერაპიას, ფსიქოლოგიური მკურნალობის ფორმას პაციენტებისთვის, რომლებიც თავის ტვინის დაზიანებებს და კოგნიტიურ დაქვეითებას ებრძვიან. თერაპიის მიზანია მოგონებების შენარჩუნება და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება. შესაბამისად, აღნიშნული AI მოდელის გამოყენებისას, მომხმარებელი ცხოვრებისეულ კითხვებს პასუხობს — ამ ინფორმაციას სისტემა აგროვებს და თანმიმდევრულ ნარატივად გარდაქმნის. „ყველა ჩვენგანი იმსახურებს ბიოგრაფიულ ჩანაწერს, მაგრამ ყველა არ ვართ ბენჯამინ ფრანკლინი. აი, აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტის როლიც“, — აღნიშნავს ტიაგო ფერნანდესი, , Area 23-ის კრეატიული დირექტორი.
პაციენტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანონ თხრობაში, მის სისრულესა თუ სრულყოფილებაში. ამ მხრივ, bAIgrapher „არის თერაპია არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ოჯახისთვისაც“.
ეთიკური საკითხების კუთხით, ზოგიერთი შიშობს, რომ ჩვენ ჩვენი გონების გასაღებს AI-ს გადავცემთ… თუმცა შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი გონების, მეხსიერებისა და მოგონებების დაცვა/შენარჩუნებაში დაგვეხმარება.