15
Sep
2017

Area.ly – პლატფორმა სასტუმროების მართვის გასამარტივებლად – Leavingstone-ის მესამე სტარტაპი

15 Sep 2017

Startauperi
Startauperi


Area.ly Leavingstone-ის მიერ შექმნილი სამენოვანი პლატფორმაა, რომელიც სასტუმროს მფლობელების მიერ ბიზნესის თანამედროვედ და მოწესრიგებულად სამართავად შეიქმნა (ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე). ლივინგსტონში მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყეს და პარტნიორობას მიაღწიეს Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა კომპანიებთან. Area.ly-ს სისტემაში მოხვედრა, მის ვებგვერდზე, ონლაინ განაცხადის ფორმის შევსებითაა შესაძლებელი. სტარტაპი ლივინგსტონისთვის სიახლე არ არის, რადგან სააგენტოს პორტფელში სარეკლამო სფეროსგან დამოუკიდებელი ორი სტარტაპი უკვე არსებობს: „ნებულა“ (www.nebula.ge) და „ჯეოლაბი“ (www.geolab.edu.ge). Area.ly-ს მომსახურების შექმნის იდეაზე, მის მიზანსა და იმ პრობლემებზე, რასაც სტარტაპის არსებობა უმკლავდება, ამ და სხვა საკითხებზე მარკეტერი პროექტის მენეჯერს, ნიკა ჯინჭველაძეს „ლივინგსტონიდან“ ესაუბრა:

M: იდეა როგორ გაგიჩნდათ, რომ Area.ly შეგექმნათ და რა პრობლემას ჭრის პლატფორმის არსებობა?
თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაგვიჩნდა. მათ სჭირდებოდათ, დავხმარებოდით ეფექტური ციფრული სარეკლამო კამპანიებით Google-სა და Facebook-ზე, თუმცა, წარმოუდგენელია ნებისმიერი სახის ოპტიმიზაცია, თუ კომპანიას არ გააჩნია შესაძლებლობა, ელექტრონულად აღრიცხოს მიღებული შედეგები. უფრო დეტალური კვლევისას კი გამოჩნდა, რომ პრობლემა მხოლოდ შედეგების აღრიცხვა არ იყო. საჭირო იყო, პლატფორმა უმარავი სხვა ოპერაციის სამართავადაც, რომლებიც სასტუმროების ყოველდღიური ცხოვრების რიტმის თანმდევი პროცესია. პროგრამული უზრუნველყოფით სასტუმროს საქმეების წარმოება ათწლეულების განმავლობაში სტანდარტად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უცებ კი აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში, უკეთეს შემთხვევაში, ექსელი წარმოადგენს სასტუმროს მართვის სისტემას და ძირითადად – ფურცლებისა და საწერი კალმების ამარა ხდებოდა ოპერირება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ინსტრუმენტი, რომელიც ყველა პრობლემას ერთდროულად მოაგვარებდა.

M: რა არის Area.ly-ს მთავარი მიზანი?
სისტემა საშუალებას აძლევს ამ კონკრეტული ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომ ცოცხალ რეჟიმში, ავტომატურად აკეთოს ის საქმე, რისთვისაც აქამდე უამრავი დრო დაეხარჯებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ სარგებლისა, სისტემის მთავარი მიზანი მაინც გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა.
Area.ly-ს პარტნიორ სასტუმროებს არ სჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ სტუმრებს მიაწოდონ საკუთარ სერვისზე დეტალური, რეალურ დროში განახლებადი, ინფორმაცია. თანაც ეს ერთდროულად გააკეთონ  ყველგან, სადაც შეიძლება ეძებდეს მას თავად დამსვენებელი.

M: რის საშუალებას აძლევს საიტის მომხმარებლებს Area.ly?
აქამდე ადმინისტრატორებს უწევდათ ხელით ეკონტროლებინათ 4, მაქსიმუმ 5 ონლაინ ჯავშნების არხი და ესეც წარმოუდგენელი შრომისა და შეცდომების ფასად. ხდებოდა გადაჯავშნები, ანუ ერთდროულად შეიძლება მოსულიყო ორი სტუმარი ერთი და იმავე ნომრის ჯავშნით. Area.ly-ის დახმარებით კი, მათ შეუძლიათ საკუთარი სასტუმროს ნომერი გაყიდონ ათეულობით არხზე, პარალელურად, დამატებით ადამიანური რესურსის ჩართვის გარეშე. ერთი წყაროდან მოსული ცვლილება, მომენტალურად აისახება მთლიან სისტემაში. ასევე, საშუალება აქვთ, დანაკარგის გარეშე იქონიონ საკუთარი კლიენტების ელექტრონული ბაზა, ჰქონდეთ სტატისტიკა და აკონტროლონ დინამიკა. ყოველთვის შეუძლიათ, ნახონ გაყიდვები და შეადარონ იგი ნებისმიერ პერიოდს.
უფრო დეტალურად კი, Area.ly-ის სამი მოდული აქვს: ადმინისტრაციული, ბუქინგის და ონლაინ ჯავშნების მოდული. მათზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მთავარია კომპანიას ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტსა და ნებისმიერი სახის ციფრულ მოწყობილობაზე.

ადმინისტრაციული მოდული, სასტუმროსთვის საჭირო ყველა ამოცანას ასრულებს: ჯავშანი, გაყიდვა, გაუქმება და ა.შ. აგრეთვე, ისეთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, როგორებიცაა: კლიენტის გადაყვანა სხვა ნომერში, დამატებითი დანახარჯების მიბმა ნომერზე, ინვოისის შექმნა და გადახდის დადასტურება. დამკვეთს შეუძლია, შეისწავლოს საკუთარი ბიზნესის მუშაობის ტენდენციები, ცვალოს ფასები ნებისმიერი თავისთვის სასურველი პირობით, დაამატოს იუზერები ან თუნდაც ელექტრონულად აწარმოოს დოკუმენტაციის მართვა.

ადმინისტრაციულ მოდულში განხორციელებული ცვლილება დამოუკიდებლად განახლდება ყველა არხისთვის. მაგალითად, თუ სასტუმროში ერთი კონკრეტული საიტიდან დაიჯავშნა ნომერი, ჯავშანი ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენ საიტებზეც. ადმინისტრაციულ მოდულში შეცვლილი ფასი კი ცოცხალ რეჟიმში წავა ონლაინ არხებშიც.ბუქინგის მოდული კლიენტებთან უშუალო, სწრაფი და უპრობლემო კომუნიკაციის საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ხერხით ეკონტაქტება დამკვეთი თავის კლიენტს, იქნება ეს სასტუმროს კუთვნილი ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ ფეისბუკი. Area.ly მიაწვდის სასტუმროებს მზა ფუნქციონალს, რომლიც ყველგან მარტივად ინტეგრირდება.

ონლაინ ჯავშნების მოდულს არ სჭირდება ადმინისტრაციული მართვა. Area.ly-ის სისტემაში ჩართვით, დამკვეთის სასტუმრო მოხვდება ყველა იმ არხში, სადაც ინტეგრირებულია უკვე თავად Area.ly. ნებისმიერი ოპერაცია ერთი არხიდან, ავტომატურად მოხვდება ყველა სხვა დანარჩენში.

ერთთვიანი საცდელი რეჟიმი შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც სისტემით დაინტერესდება. ეს პერიოდი საკმარისი დროა იმისთვის, რომ გაყიდვების ზრდითა და ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებით მიღებული სარგებელი თვალსაჩინო გახდეს, რასაკვირველია, უფასოდ.

განხილვა