in

500 Georgia-ს მონაწილე Arena Games – WEB3 თამაშების ქართული პლატფორმა

უკვე მეოთხე წელია, რაც საერთაშორისო აქსელერატორი 500 Global საქართველოში  500 Georgia-ს პროგრამას ახორციელებს და სტარტაპებს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს. პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბება, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნა, გლობალური ინვესტორების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვა. აღნიშვნას იმსახურებს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპერების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.

წელს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეავსეს სტარტაპებმა 40 ქვეყნიდან. ახალი პროგრამის ფარგლებში, დამატებით 12 სტარტაპის გადამზადება დაიწყო. მათ შორისაა Arena Games, რომელიც WEB3 თამაშების პლატფორმაზე აერთიანებს დეველოპერებსა და თამაშის მოყვარულებს. დეტალებზე მისი დამფუძნებლები, მარი გიორგობიანი და მიხეილ დიდებულიძე გვიყვებიან.

M: გვიამბეთ, როგორია სტარტაპის კონცეფცია?

Arena Games არის WEB3 თამაშების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თამაშის დეველოპერებსა და მოთამაშეებს. დეველოპერებისთვის ჩვენს შევქმენით სოფტი, რომელიც მოიცავს ბლოკჩეინ ინსტრუმენტებს. ადვილი იმპლემენტაციის შედეგად, ეს სოფტი ტრადიციულ თამაშებს ბლოკჩეინთან აკავშირებს, რის შედეგადაც თამაში იდება ჩვენს პლატფორმაზე. მოთამაშეებისთვის კი არენა გეიმსი არის WEB3 თამაშების სთორი, სადაც ადვილად – ერთი ექაუნთის შექმნით – მათ აქვთ წვდომა ათობით სხვადასხვა ჟანრის WEB3 თამაშთან.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

პლატფორმის მომხმარებლები, ერთი მხრივ, არიან ტრადიციული თამაშების დეველოპერები, რომელთაც საშუალება აქვთ საკუთარი თამაშები გამოუშვან ჩვენს პლატფორმაზე, მეორე მხრივ კი, ის მოთამაშეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ თამაშებით.

M: სტარტაპის იდეაზე მუშაობისას, რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლისთვის?

ჩვენი გუნდი კრიპტო სფეროში 2017 წლიდან მუშაობს, ბლოკჩეინ პლატფორმების განვითარების კუთხით. ამასთან, 2019 წელს დავაარსეთ თამაშების დეველოპმენტის სტუდია „სამბრელა“, რომელმაც 20-ზე მეტი თამაში შექმნა ამ დრომდე. ჩვენ, როგორც პატარა დეველოპერულმა სტუდიამ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ყველა ის პრობლემა, რას არსებობს ტრადიციულ გეიმინგ ბაზარზე. დაახლოებით ერთი წლის წინ, გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ჩვენი გამოცდილება ბლოკჩეინსა და თამაშების დეველოპმენტში და შეგვექმნა WEB3 გეიმინგ პლატფორმა, რომელიც ერთ ადგილას გააერთიანებდა დეველოპერებსა და მოთამაშეებს. ასე დაიბადა „არენა გეიმსი“.

M: როგორ განვითარდა სტარტაპი დაარსებიდან დღემდე?

უკვე ერთი წელია, გუნდი პროექტის განვითარებაზე მუშაობს. პლატფორმის MVP უკვე გაშვებულია და ამ მომენტისთვის, 6000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. დამატებულია 2 თამაში, ხოლო აქსელერაციის პერიოდში, კიდევ რამდენიმეს ჩავუშვებთ.

M: განვითარების რა შესაძლებლობას გაძლევთ 500 Georgia? რითაა მნიშვნელოვანი თქვენთვის პროექტში მონაწილეობა?

ჩვენთვის, როგორც ბლოქჩეინ კომპანიისთვის, მნიშვნელოვანი იყო ასეთ რეპუტაციულ სააქსელერაციო პროგრამაში მოხვედრა. ჩვენთვის ეს ნიშნავს საკუთარი ბიზნეს მოდელისა და პროექტის აღიარებას. 500-ის კომპანიებს აქვთ ყველა ის ინსტრუმენტი, რათა განავითარონ სტარტაპი, მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები, გლობალურ ბაზარზე გავიდნენ და გახდნენ საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემის წევრები – ეს იყო ძირითადი მიზნები, თუ რატომ გადავწყვიტეთ აპლიკაციის შეტანა. 

M: რა პერსპექტივას ხედავთ სამომავლოდ და რა გეგმები გაქვთ?

უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ ახალი თამაშების დამატებას და პლატფორმის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ჩვენი პლატფორმისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია არის პირველი სამიზნე ბაზარი, ამიტომ რესურსებს ამ ბაზარზე წარმატებული გაშვებისა და განვითარებისკენ მივმართავთ.

 

Amazon-მა ახალი Echo Pop-ის დინამიკი გამოუშვა

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი Emonomy ემოციებს მარკეტინგულ საზომად იყენებს