3
Dec
2019

პირველი ქართული კინო-თამაში – ანუ როგორ შეიქმნა “არენა”?

3 Dec 2019

“არენა” უკვე ეკრანებზეა. სათავგადასავლო კინო-თამაშის პრემიერა 2 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში შედგა. “არენა” პირველი შემთხვევაა ქართულ კინოინდუსტრიაში, როდესაც სრულმეტრაჟიან ფილმს აქვს თამაშის დატვირთვაც. სიუჟეტს არ აქვს ერთიანი აუტლაინი, ამდენად, ყველაფრის მართვა სრულად მაყურებელზე (მოთამაშეზე) არის დამოკიდებული. “არენას” განხილვისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფილმ Bandersnatch-ს ახსენებდნენ ხოლმე. რასაკვირველია, მარტივია ვინმეს ეფიქრა, რომ “არენა” Black Mirror-ის ანარეკლია, თუმცა, ავტორების თქმით, პროექტის გადაღება Bandersnatch-ის გამოსვლამდე დაიწყო.

ფილმი Adjarabet.com-ის ინიციატივით შეიქმნა. მასზე JWT Metro-მ იმუშავა, ფროდაქშენს კი Metro Production გაუძღვა. არენას რეჟისორი დავით ბორჩხაძეა, დამდგმელი ოპერატორი – ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზის მფლობელი გიორგი შველიძე, სცენარი კი ლაშა შრუტე მილორავას, ივა ფეზუაშვილს და მარი ბექაურს ეკუთვნით. გადაღებები მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც რამდენიმე ლოკაცია შეირჩა. თავდაპირველად კრეატიულმა ჯგუფმა გადასაღებ ადგილად წყალტუბო აირჩია. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები და სპეციალური საგადასაღებო სივრცეც მოეწყო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, “არენას” ყურებაც და თამაშიც უკვე შესაძლებელია, ჩვენ კი, მისი შექნის დეტალებით დავინტერესდით.

M: პირველ რიგში, საინტერესოა, აჭარაბეთი რატომ დაინტერესდა ფილმის გადაღებით?

ნინი გუჯაბიძე, adjarabet.com-ის PR სამსახურის ხელმძღვანელი: აჭარაბეთი ლიდერია გემბლინგის ინდუსტრიაში და როგორც ინოვატორმა კომპანიამ, რომელიც მუდმივად სიახლეებზეა ორიენტირებული, ჩვენ შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელსაც ანალოგი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც არ გააჩნია. ჩვენ ინდივიდუალურ გამოცდილებას შევუქმნით თითოეულ ადამიანს, რადგანაც ისინი თვითონ მართავენ თამაშს.

M: თქვენ ახსენეთ, რომ მსგავსი მასშტაბის ფილმი არ ყოფილა. განგვიმარტეთ, რა თვალსაზრისით?

ფილმში ქართველი ცნობილი სახეები და მსახიობები არიან ჩართული. ქართველებთან ერთად ცნობილი ბრაზილიელი საფეხბურთო ლეგენდა რივალდოც იღებდა მონაწილეობას. ფილმისთვის სპეციალური საუნდტრეკიც შეიქმნა. ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.

“არენაზე” მუშაობის დეტალებზე, საკომუნიკაციო სააგენტო JWT Metro-ს კრეატივ დირექტორი, ეკა ყიფიანი გვესაუბრა:

M: როგორი იყო ბრიფი, რომელიც “აჭარაბეთისგან” მიიღეთ?

ამოცანა იყო აჭარაბეთისთვის ისეთი უნიკალური ინტერაქტიული გამოცდილების შექმნა, რისი პრეცედენტიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არსებობდა. მასში უნდა ყოფილიყო თავმოყრილი ყველა ის თამაში, რაც ამ ბრენდს აქვს. ბრიფი იყო ძალიან ამბიციური და თამამი. ჩვენ განვიხილეთ აჭარაბეთში შემუშავებული პირველადი იდეა და მისი შთაგონებით დავიწყეთ ფიქრი.

ამ კონტენტით ჩვენ პროდუქტების გაცნობა კი არა უფრო თამაშის მართვის გამოცდილების მიწოდება გვსურდა. სადაც ადამიანები დაინახავენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს და იქნებიან ისტორიის მთავარი და ერთადერთი მმართველები. სწორედ ასე შეიქმნა ინტერაქტიული კინო-თამაშის იდეა. 

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მუშაობა?

ყველაფერი რთული იყო: სცენარი, კასტინგი, პრეპროდაქშენი, გადაღების რეჟიმი, მონტაჟი, მუსიკა. ყველაზე რთული პროექტია, რაც კი ოდესმე გვქონია. ინტერაქტიული თამაში მოიცავს გმირის ისტორიას და მასში ინტეგრირებულ თამაშის გამოცდილებებს. თითოეული გადაწყვეტილება ცვლის მიმდინარეობას და მოქმედებს დასასრულზე. მთელი პროექტი ერთგვარი თავსატეხია, რომელიც ძალიან ფრთხილად და იდეალური სიზუსტით უნდა ააწყო. რამე რომ გამოგრჩეს, პროექტი ჩავარდება და თამაში არ შედგება. გულწრფელად უნდა ითქვას, ამ ყველაფერს ვერ ამოვხსნიდით, რეჟისორ დავით ბორჩხაძის გარეშე. 

დაგეგმარება იყო ურთულესი, რადგანაც არაპროგნოზირებადი იყო, რეალურად, რამდენი წუთი გვქონდა გადასაღები (აქვე ვიტყვი, რომ საბოლოოდ, 3 საათზე გრძელია თამაშის ყველა განვითარება ერთად აღებული). 

ასევე სირთულეს წარმოადგენდა გადაღების ლოკაცია. ის გარემო რაც ჩვენ გვინდოდა ფიზიკურად არ არსებობდა, ამიტომ უმეტესი სივრცისთვის მოხდა წყალტუბოს სანატორიუმის კედლებში სივრცეების ფაქტიურად 0-დან აშენება. ამ სივრცეების შემქმნელია დამდგმელი მხატვარი დათო ჭყოიძე.

M: როგორც სააგენტოსთვის რას ნიშნავს არენაზე მუშაობა? რითაა გამორჩეული და ახალი?

აკეთო ის, რაც ჯერ არ გაგიკეთებია – ყველაზე საინტერესო და თანაც, საშიში გამოწვევაა. მით უმეტეს, როდესაც ისეთ რამეზე გვაქვს საუბარი რაც მსოფლიოშიც დაწყებით სტადიაზეა. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ჯერ კიდევ არ იყო გამოსული “ბანდერსნეჩი” (Black Mirror), შესაბამისად, ძალიან ბევრი რამე ჩვენით უნდა გაგვეთვალა და გვესწავლა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი არსებობის განმავლობაში ყველაზე მძიმე და რთული პროექტი იყო, ასე მგონია რაღაც სასწავლებელი დავამთავრეთ. უდიდესი, კოლოსალური გამოცდილება მივიღეთ, რასაც მომავალში გემრიელად გამოვიყენებთ.

რავიცი თავად ის რომ ეს არის 1 საათიანი კინო-თამაში, ყველაფერი მასში ახალი და გამორჩეულია. ასევე, ინტერაქცია საკმაოდ საინტერესო მიზნისთვის არის გაკეთებული, რაც მესიჯს “მართე თამაში” პირდაპირ გადმოცემს.

ფილმზე მუშაობა, “არენას” რეჟისორმა, დავით ბორჩხაძემ შეაფასა:

“პროექტი საინტერესო იყო პირველ რიგში იმით, რომ იყო ფილმიც და თან თამაშიც. ასეთი პრეცედენტი ერთი “ბანდერსნეჩი” იყო, რომელიც ბოლომდე ინტერაქტიულიც არაა, მხოლოდ ფილმია ინტერაქტიული. აქ კი ეს ყველაფერი თამაშით ხდება. ეს იყო მთავარი გამოწვევა. ყველაფრით განსხვავებული პროექტია, მასშტაბურობით, სცენარით, სპეციფიკურობით… უამრავი რამის სინთეზი იყო საჭირო. ფილმი ბევრ სივრცეს მოიცავდა. ჩვენი ამოცანა იყო, ეს სივრცეები ისე გვეჩვენებინა, რომ ერთ მთლიანობად აღექვა მაყურებელს. ეს კი, ძალიან რთული იყო.

ამ ფილმმა ბევრი რამ შეცვალა რეკლამის ინდუსტრიაში. სარეკლამო ინდუსტრიაში ასეთი ბიუჯეტით კეთების ფუფუნება, როგორც წესი, არ არის ხოლმე, ან თუ ყოფილა, უცხოელი სპეციალისტები ჩამოჰყავდათ ხოლმე. ახლა კი, პირველად მოხდა, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი, თავიდან ბოლომდე ქართულია. ამან ბევრად აწია თამასა. რაც შეეხება კინოს, რთული სათქმელია, მაგრამ შესაძლოა, ვინმესთვის შთაგონების წყაროდ იქცეს და ტრაგედიების გარდა, ამ მიმართულებით ფილმის გადაღების სურვილი გაუჩინოს.”

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა