in

„არგაჩერება“ საბავშვო კონსტრუქტორებიდან ტექნოლოგიურ ინჟინრობამდე – ლევან კონტუაძე

ბავშვობაში ვერც წარმოიდგენდა, რომ კონსტრუქტორებითა და მათემატიკის ოლიმპიადებით ადრეული გატაცება, ტექნოლოგიების მიმართულებით წაიყვანდა და მოგვიანებით, „დიდობაში“, საქართველოს ბანკის Digital Tribe-ში საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი გახდებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ლევან კონტუაძემ 6-წლიანი პროფესიული გზა განვლო სხვადასხვა ინდუსტრიაში. მუშაობდა საავტომობილო, საცალო ვაჭრობისა და ელ.კომერციის მიმართულებით, სადაც QA მენეჯერად დაიწყო და IT ბიზნეს ანალიტიკოსის, პროდუქტის მფლობელისა და სისტემების არქიტექტორის პოზიციები განვლო. საქართველოს ბანკში მოხვედრამდე, კარიერის დასაწყისში, მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ფიზიკა-მათემატიკაში ამზადებდა. ბანკში შრომა მალე დაუფასდა და წელიწად-ნახევარში მენეჯერულ პოზიციაზე აღმოჩნდა. ამჟამად, ის ხელმძღვანელობს გუნდს, რომელიც ასიათასობით მომხმარებლისთვის ქმნის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს. ეს აპლიკაციები ადამიანებს ყოველდღიური საბანკო ოპერაციების მარტივად შესრულებაში ეხმარება. ლევანი არ ჩერდება და სამომავლოდ უფრო სიღრმისეულად გეგმავს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანურ სწავლების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

„საკმაოდ პატარა ვიყავი, მშობლების ნაჩუქარმა პირველმა კონსტრუქტორმა მალე ყველა სხვა სათამაშო რომ ჩამინაცვლა. მთელი დღეების განმავლობაში, ნახაზიდან სხვადასხვა კონსტრუქციას დამოუკიდებლად ვაწყობდი, საკუთარი ინტერპრეტაციებით. ალბათ, ეს იყო პირველი ნიშანი, რომ ინჟინერია ჩემი მოწოდება გახდებოდა. მოგვიანებით, მათემატიკამ გამიტაცა, მაგრამ ჩემი ცნობიერების ნამდვილი ჩამოყალიბება მეშვიდე კლასიდან დაიწყო, როდესაც ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარე. იქ გავიცანი საერთო ინტერესების მქონე თანატოლები, რომლებთან ერთადაც ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას და რამდენჯერმე ჰაკათონშიც ვცადეთ ბედი. ამ გამოცდილებებმა კიდევ უფრო დამაახლოვა ტექნოლოგიურ სამყაროსთან და ამ მიმართულებით მეტის სწავლის სურვილი გამიჩინა.

პროფესიულ ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩემმა ფიზიკის ლექტორმა. მისი პროფესიონალური მიდგომები, როგორც საგანმანათლებლო, ასევე მოქალაქეობრივ საკითხებში, დღემდე მისაბაძია ჩემთვის. რაც შეეხება უშუალოდ კარიერულ განვითარებას, გვერდს ვერ ავუვლი ჩემს პირველ მენეჯერს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ ზრდაში. მან მასწავლა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი და რა ძირითად ღირებულებებს უნდა ატარებდეს გუნდის მენეჯერი.

კარიერული გზის გაკვალვამდე, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ვამზადებდი ფიზიკა-მათემატიკაში, თუმცა თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ეს მხოლოდ დროებითი საქმიანობა იყო. მინდოდა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა უფრო ტექნიკური მიმართულებით გამომეყენებინა და შემექმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც ფართოდ გავრცელდებოდა და ადამიანებს დაეხმარებოდა.

ერთხელაც, საუნივერსიტეტო მეილზე ვაკანსია მოვიდა – საავტომობილო კომპანია QA მენეჯერს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა, გადავწყვიტე, ბედი მეცადა. რამდენიმე წარმატებული გასაუბრების შემდეგ ამიყვანეს და ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები დეველოპმენტის მიმართულებით. მაშინ, რთულად მეჩვენებოდა სრული სამუშაო გრაფიკი და ის უამრავი უცხო ტერმინი, რომელიც დღის განმავლობაში მესმოდა. თუმცა, როგორც კი პროცესებს ალღო ავუღე, ჩემმა ყოველდღიურობამ, გამოწვევებით დატვირთულობასთან ერთად, ინტერესი შეიძინა.

კარიერის საწყის ეტაპზე ხშირად ვიცვლიდი პოზიციებს და სხვადასხვა პროფილის კომპანიებში გადავდიოდი. ეს მიდგომა საშუალებას მაძლევდა, გამეცნო ახალი ადამიანები და მაქსიმალურად განმევითარებინა პროფესიული უნარ-ჩვევები. ექვსი წლის განმავლობაში ვიმუშავე საავტომობილო, საბანკო, რითეილ და ელექტრონული კომერციის სექტორებში სხვადასხვა პოზიციებზე: QA (Quality Manager), IT BA (IT Business Analyst), PO (Product Owner), SA (Solution Architect), ამჟამად კი EL (Engineering Lead)-ის პოზიციაზე ვარ.

ამ გამოცდილებამ, სრულიად მოულოდნელად, საქართველოს ბანკამდე მომიყვანა. მეგობრების წრეში, სპონტანურად დაგეგმილ საღამოზე გავიცანი ჩემი მომავალი მენეჯერი. გაცნობითი საუბრის პროცესში გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი პროფესიული გზების შესახებ და შეხვედრიდან ერთ წელიწადში, ზუსტად იმ პერიოდში დამიკავშირდა, როდესაც ახალი გამოწვევების ძიების პროცესში ვიყავი. ასე აღმოვჩნდი საქართველოს ბანკში Solution Architect-ის პოზიციაზე, რის შემდეგაც დაახლოებით წელიწად-ნახევარში Engineering Lead-ის პოზიციაზე დავწინაურდი.

პროფესიული საქმიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეხმარება. მიყვარს მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც წარმატების მიღწევას მიადვილებს. ჩემი ყოველდღიურობა მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსეა, რაც გამოიხატება მსხვილი ბიზნეს-ამოცანების ტექნიკური გადაწყვეტების მოფიქრებასა და მათ რეალიზებაში. განსაკუთრებულ სიამაყეს მგვრის ის ფაქტი, რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტები ასიათასობით ადამიანს ემსახურება, უმარტივებს მათ ყოველდღიურობას და უზოგავს დროს. განსაკუთრებით მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლების ალგორითმები, რომლებიც აქტუალური გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად იქმნება და პირდაპირ უკავშირდება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას.

დღეს, საქართველოს ბანკის Digital Tribe-ის დინამიკური და მეგობრული გარემო, გუნდური მუშაობა და ინოვაციური იდეების გაცვლა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კოლეგები, განსაკუთრებით გუნდის წევრები, ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს და მავსებს ენერგიით.

მიღწეული შედეგებით არასდროს ვკმაყოფილდები. მუდმივად ვითვალისწინებ უკუკავშირს და ვცდილობ, ფეხი ავუწყო ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. აქტიურად ვსწავლობ და ვაკვირდები თანამედროვე ტენდენციებს, რათა ჩემი ცოდნა ყოველთვის აქტუალური იყოს. რაც მეხმარება, მუდმივად ვიყო ტექნოლოგიური ცვლილებების ეპიცენტრში და არ გავჩერდე.”

[პარტნიორის კონტენტი]

გარემოზე ზრუნვის უძველესი ტრადიციები და მათი გამოყენება დღევანდელ სამყაროში

შიშებთან მეგობრობა – როგორ იქცა თეკო მამალაძის ფანტაზია საერთაშორისო კომიქსად