იმ დროს, როდესაც მდგრადობა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, გადამუშავება ხშირად განიხილება, როგორც ნარჩენების შემცირებისა და გარემოს დაცვის მთავარი გადაწყვეტა. თუმცა, ყველა მასალა, რაც ჩვენ გარშემოა, ერთნაირად არ არის შექმნილი – ჩვენი ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის გადამუშავებადი, განსაკუთრებით, პლასტმასის გარკვეული ტიპები და რთული მასალები. ისინი ხშირად ხვდება ნაგავსაყრელებზე, უარეს შემთხვევაში – ბუნებაში მიმოფანტულ ადგილებში. იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი ნარჩენი გადამუშავებადი და რა კეთდება ამ გლობალური გამოწვევის გადასაჭრელად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, გავიგოთ, რა სხვაობაა მყარ და რბილ პლასტმასას შორის
მყარი პლასტმასებია წყლის ბოთლები, საკვების კონტეინერები და სათამაშოები. რბილი კი პლასტიკური პარკები, საკვები შესაფუთი ლენტი და მოქნილი შეფუთვა. მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის ორივე ტიპს გადამუშავების პრობლემები აქვს, მყარი უფრო მიღებულია გადასამუშავებელი სამსახურების მიერ.
რომელია ის ნარჩენები, რომლებიც არ გადამუშავდება
ამ სათაურის ქვეშ იგულისხმება ისეთი ნივთები, რომელთა ხელახლა გამოყენება ჩვეულებრივი გადამუშავების სისტემებით შეუძლებელია. გავრცელებული მაგალითებია:
- პლასტმასა
- კომპოზიტური მასალები (მაგალითად, წვენის კოლოფები ან ჩიფსების პარკები, რომლებიც დამზადებულია პლასტმასის, ალუმინის და ქაღალდის ფენებისგან)
- დაბინძურებული ნივთები (მაგ., ცხიმიანი პიცის ყუთები, გამოყენებული ქაღალდის ხელსახოცები)
- ელექტრონული ნარჩენები შერეული მასალებისგან (ელემენტები, ტელეფონები, ტელევიზორები და სხვა)
- თაბაშირ-მუყაო და სხვა სამშენებლო მასალა
- სარკეები და სითბოგამძლე მინა
- ტანსაცმელი სინთეტიკური ბოჭკოებისგან, რომელთა დაშლაც შეუძლებელია
ამ მასალების გადამუშავება არ ხდება ეკონომიკური არაპრაქტიკულობის ან გადამუშავების ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.
რატომ არის ზოგიერთი პლასტმასის გადამუშავება რთული
- პლასტმასა არაგადამუშავებადი ნარჩენების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა. მის შემადგენლობაშია ისეთი ნივთიერებები და ნაერთები, რომლებიც არ იშლება და დიდხანს რჩება გარემოში;
- პოლიმერის ტიპი: ისეთ პლასტმასებს, როგორიცაა PVC ან პოლისტიროლი, აქვთ დაბალი გადამუშავების მაჩვენებლები და ტოქსიკურია დამუშავების დროს;
- შერეული მასალები: მრავალი ფენისგან დამზადებული ნივთები (მაგალითად, ლამინირებული საკვების პაკეტები). მათი ერთმანეთისგან გამოყოფა ძნელია და ამიტომ არ ხდება გადამუშავებაც;
- ზომა და ფორმა: თხელი პლასტმასის ფირები ან პატარა თავსახურები ხშირად სრიალებს დახარისხების მანქანებში;
- დაბინძურება: საკვების ნარჩენები ან დანამატები გადამუშავებას შეუძლებელს ან არაეფექტურს ხდის.
პრობლემის მასშტაბები
ყოველწლიურად 300 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა იწარმოება, რომლიდანაც, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 9% გადამუშავდება. არაგადამუშავებადი პლასტმასის უმეტესობა ნაგავსაყრელებზე, ნაგვის დამწველ ქარხნებში ან ოკეანეებსა და ლანდშაფტებს აბინძურებს.
მოხმარების ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ პრობლემა გაუარესდება და ნარჩენების მართვის სისტემებს ამ ტემპის შენარჩუნება უჭირთ.
პრობლემის მოგვარების რა ვარიანტები არსებობს
ქიმიური გადამუშავება
მექანიკური გადამუშავებისგან განსხვავებით, რომელიც ფიზიკურად შლის პლასტმასას, ქიმიური გადამუშავება ცვლის მასალის ქიმიურ სტრუქტურას. ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა პიროლიზი და დეპოლიმერიზაცია, შეუძლიათ პლასტმასის გადამუშავებად მასალად ან საწვავად ქცევა. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Brightmark, Agilyx და Loop Industries, დიდ ინვესტიციებს დებენ ამ ტექნოლოგიის გაფართოებაში.
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი ალტერნატივები
მკვლევრები და მწარმოებლები იკვლევენ მცენარეულ ალტერნატივებს ტრადიციული პლასტმასის შესაცვლელად. სიმინდის სახამებლისგან, შაქრის ლერწმისგან ან წყალმცენარეებისგან დამზადებული ბიოპლასტმასები შექმნილია ისე, რომ უფრო ადვილად დაიშალოს სამრეწველო კომპოსტირების ობიექტებში, ეფექტურობით კი მათი ჩვეულებრივი პლასტმასისგან გარჩევა ნამდვილად გაგიჭირდებათ.
სპეციალური დიზაინი
ბრენდებმა უნდა გადახედონ შეფუთვის დიზაინს, რათა პროდუქტების გადამუშავება გაადვილდეს. მაგალითად, მრავალმასშტაბიანი ლამინატებიდან ერთმასშტაბიან ალტერნატივებზე გადასვლა ამარტივებს დამუშავებას. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Nestlé და Unilever, აიღეს ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ყველა შეფუთვა გადამუშავებადი ან მრავალჯერადი გამოყენების იყოს. სასურველია, მათ სხვებმაც მიბაძონ.
მწარმოებლის პასუხისმგებლობა
სულ უფრო მკაცრდება კანონმდებლობა, რომელიც ვალდებულებას აკისრებს სამომხმარებლო საქონლის მწარმოებლებს. მათ ევალებათ უკან დაბრუნების პროგრამების დამუშავება და დაფინანსება, აგრეთვე, ინვესტირება გადამუშავების ინფრასტრუქტურაში.
მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება
საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესება გადამუშავების შესახებ და შეგროვების სისტემების გაფართოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგიერთ ქალაქში დანერგილია ისეთი ნივთების ჩაბარების პუნქტები, როგორიცაა პლასტიკური ფირები და ელექტრონიკა. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივა არაგადამუშავებადი ნივთების უკან დაბრუნების პროგრამებით.
ერთობლივი პასუხისმგებლობა
რთულად გადამუშავებადი მასალების პრობლემის გადაჭრა თანამშრომლობით მიდგომას მოითხოვს. მთავრობებმა უნდა განახორციელონ ეფექტური პოლიტიკა, ინდუსტრიებმა უნდა დანერგონ ინოვაციები და ინვესტიციები მდგრად ალტერნატივებში, ხოლო მომხმარებლებმა უნდა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. პროგრესის მიღწევის მიუხედავად, წინსვლის გზა დამოკიდებულია ინოვაციების გაგრძელებასა და ცირკულარული ეკონომიკისკენ გადასვლაზე, სადაც ნარჩენები მინიმუმამდეა დაყვანილი და რესურსები ხელახლა გამოიყენება.
რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.