in

„არგოს“ საქართველოში KÖNIG PILSENER-ის ჩამოსხმის ლიცენზია გადაეცა

გერმანული ლუდი KÖNIG PILSENER უკვე ლუდსახარში „არგოს“ პორტფელშია. მათი ჩამოსხმული პროდუქტი უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. 0,5, 1, 2 და 2,5 ლიტრიან შუშის შეფუთვას ზაფხულში ქილის ჩამოსხმაც დაემატება.

BOG
BOG

როგორ მიიღო „არგომ“ KÖNIG PILSENER-ის ჩამოსხმის ლიცენზია, რა სიახლეებს სთავაზობს  ბრენდი ქართველ მომხმარებლებს და  როგორი იქნება მისის სარეკლამო კამპანია საქართველოში?! „მარკეტერი“ მარკეტინგის მენეჯერს, შოკო ჩაჩუას ესაუბრა:

„პირველი მარტიდან, ლუდსახარში „არგოს“ პორტფელი გაფართოვდა. ჩამოვასხით ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ბრენდი KÖNIG PILSENER, რომელიც ლუდსახარში „ბიტბურგერის“ (Bitburger) მფლობელობაშია. შესაბამისად, მათგან გადმოგვეცა ბრენდის ჩამოსხმის ლიცენზია“.

M: როგორ აღმოჩნდა KÖNIG PILSENER „არგოს“ პორტფელში?

ქართულ  კომპანიას, რომელიც აქამდე  KÖNIG PILSENER-ს ასხამდა, წელს კონტრაქტი დაუმთავრდა. „ბიტბურგერის“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ჩვენთან გადმოეტანათ ბრენდის წარმოება. ეს ყველაფერი რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი. ტექნოლოგიურად და აღჭურვილობით დღეს „არგო“ მართლაც რომ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის მთავარი ტექნოლოგი BJOERN STEGEMEYER „ბიტბურგერის“ წარმომადგენელია. KÖNIG PILSENER ყოველთვის პოზიციონირდებოდა, როგორც წარმატების სიმბოლო, ლუდების მეფე, ხარისხი კი მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო და იქნება. სწორედ ამიტომ მიიღო „არგომ“ ამ ბრენდის ჩამოსხმის ლიცენზია.

M: და ეს იქნება ლიცენზირებული და არა, ქართული ლუდი?

ლუდის წარმოების სფეროში არის ორი მიმდინარეობა: ადგილობრივი და ლიცენზირებული ლუდი, სხვა შემთხვევაში პროდუქტი იმპორტირებულია. როდესაც ქართული კომპანია იღებს ლიცენზიას და შესაბამისად, უფლებას, აწარმოოს საერთაშორისო ბრენდი, მიღებული პროდუქტი ლიცენზირებულია. ჩვენს პორტფელში აქამდე ლუდი „ჰოლანდია“ (კომპანია „ბავარიის“ მფლობელობაშია) იყო, ახლა კი მას KÖNIG PILSENER დაემატა. მომხმარებელი უნდა დააკვირდეს ეტიკეტს, ნახოს მისი მწარმოებელი ქვეყანა და ამის მიხედვით განასხვავოს უცხოეთშია ჩამოსხმული ლუდი (იმპორტირებული), თუ ლიცენზირებული, საქართველოში დამზადებული პროდუქტია. აღსანიშნავია, რომ ყოველი ჩამოსხმის შემდეგ, პროდუქცია გაიგზავნება გერმანიაში, ბიტბურგერის ლუდსახარშში შეამოწმებენ ხარისხს და მხოლოდ მათი დასტურის შემდეგ გავა ქსელში „არგოში“ ჩამოსხმული KÖNIG PILSENER.

M: რაც შეეხება KÖNIG PILSENER-ის რებრენდინგს . . .

2018 წლიდან, KÖNIG PILSENER, მთელს მსოფლიოში ოდნავ, სახეცვლილი, რებრენდირებულია. ვიზუალურად უფრო თანამედროვე გახდა, აღარ აქვს ეტიკეტზე რამდენიმე ჩარჩო. განახლებული ბრენდი მეტად გახსნილი და ჰაეროვანია. ეტიკეტის მახასიათებელ გვირგვინს დაემატა ღუზა, სახელწოდებაც ოდნავ შეცვლილი დახვეწილია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები შენარჩუნებულია – მედალიონები. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბრენდინგის ნაწილი არ არის. რეალურად, მედალიონი ლუდის მიერ მოპოვებული ჯილდოებია. ნებისმიერი ბრენდი სიამაყით გამოსახავს მათ ეტიკეტებზე. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ეს ჯილდოები (მედალიონები) ბრენდინგის  ნაწილად აღიქმება, მაგრამ მსოფლიო კულტურით, როგორც აღვნიშნეთ, ასე არ არის.

M: ხომ არ შეიცვალა ბრენდის პოზიციონირებაც?

KÖNIG-ი პილსნერის ტიპის ლუდია, რომელიც 1516 წელს შეიქმნა. ეს ბრენდი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ხარისხიან პროდუქტად ითვლება. მისი ხარისხი მისი წარმატებაა. შესაბამისად, პოზიციონირება, რებრენდინგის შემდეგაც უცვლელია.

M: როგორი იქნება განახლებული ბრენდის სარეკლამო კამპანია?

სარეკლამო კამპანიები ბაზრებისა და მოთხოვნების მიხედვით განსხვავებულია. საქართველოში ბრენდს ცნობადობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ყველა ჩვენს აქტივობაში ხაზს გავუსვამთ, რომ ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი.

[R]

კიდევ ერთი ქართველი ოკეანეს გადაღმა! – მარი ლეჟავას გამოცდილება და პერსპექტივები შტატებში

Hilton Garden Inn-ის ლოგოს ქართული ადაპტაცია