18
Sep
2018

არიანა ჰაფინგტონი – ყველაზე გავლენიანი ბერძენი, იკაროსის შემდეგ

18 Sep 2018

ცხოვრებაში, მცირე წარმატების მისაღწევადაც კი, ბევრი შრომა, დიდი ენერგია, მუდმივი აქტიურობა და ძლიერი მოტივაციაა საჭირო. ამაში მარტივად დავრწმუნდებით, ჩვენთვის ცნობილი, თუნდაც, რამდენიმე ადამიანის ისტორია რომ გავიხსენოთ. ხშირად გვსმენია, სრულიად „ნულიდან“ დაწყებული და იმპერიებად ქცეული კომპანიების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, არც არიანა ჰაფინგტონის ისტორიაა გამონაკლისი – ქალის, რომელიც მთელი ამერიკისთვის და არა მხოლოდ, წარმატების, მოტივაციის, ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

„ამერიკელი ხალხის ბერძენი გურუ“ 1950 წლის 15 ივლისს, ათენში დაიბადა. დღეს არიანას ნამდვილ გვარს, სტასინოპოულოს, თითქმის, აღარავინ ახსენებს, მისი სახელი ბერძნულად (არიანა – „arete”) სრულყოფილებას, ეფექტურობას ნიშნავს. საბერძნეთში დიდხანს არ უცხოვრია, მშობლების განქორწინების შემდეგ, ლონდონში გადავიდა, დედასთან და დასთან ერთად. თავდაპირველად, ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. არიანა ოცნებობდა, „კემბრიჯში“ ესწავლა, რაც, დიდი წვალების შემდეგ, მაინც აისრულა და სტიპენდიაც მოიპოვა. მალე, დისკუსიების მოყვარული ჰაფინგტონი კემბრიჯის სადებატო ორგანიზაციის, Cambridge Union-ის პრეზიდენტი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ კი ეკონომიკაში მიიღო ხარისხი.

არიანას ცხოვრებაში დიდი როლი მისმა პირველმა გატაცებამ – ბერნარდ ლევინმა ითამაშა, რომელიც სატელევიზიო შოუში გახდა. მალე, წერა დაიწყო, ბერნარდი კი მისი წიგნების რედაქტორი იყო. პირველი წიგნი „The Female Woman”, რომელიც ფემინისტურ შეხედულებებს აკრიტიკებდა, „ბესთსელერად“ იქცა. მეოთხე წიგნში, ჰონორარის სახით, კი არიანამ რეკორდული თანხა – 150 ათასი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

არიანა ჰაფინგტონი, 1975 წელი

ჰაფინგტონის ცხოვრება, ერთი შეხედვით, ძალიან წარმატებული ჩანს, თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. მეორე წიგნის („After Reason“) დაბეჭდვაზე, რომელიც დასავლური საზოგადოების არასწორ ცხოვრებისეულ ხედვებს ეხება, 36-მა გამომცემელმა უთხრა უარი. მაგრამ არიანასთვის ეს ფაქტი დამაბრკოლებელი ნამდვილად არ ყოფილა. ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ, არიანა და ბერნარდი დაშორდნენ.

წარმოშობით ბერძენი მწერლის ახალი და საინტერესო ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ გაიცნო ცნობილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეწარმე, მაიკლ ჰაფინგტონი, რომლის გვარსაც დღემდე ატარებს. წყვილი 1986 წელს დაქორწინდა და ორი ქალიშვილი შეეძინა. არიანა ამ პერიოდისთვის უკვე ღიად აფიქსირებდა საკუთარ კონსერვატიულ შეხედულებებს. ამ პერიოდში შექმნა პირველი ვებგვერდი – resignation.com, რომელშიც მოურიდებლად მოუწოდებდა ბილ კლინტონს უფლებამოსილების მოხსნისკენ. 1997 წელს მაიკლი და არიანა განქორწინდნენ. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მაიკლი ბისექსუალი იყო.

არიანა და მაიკლ ჰაფინგტონები, 1986 წლი

არ უნდა დაგვავიწყდეს არიანას, როგორც ხალხის საყვარელი მწერლის, შემოქმედებითი მოღვაწეობაც. აღსანიშნავია, რომ ძალიან აინტერესებდა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები. პირველი ბიოგრაფიული წიგნი ოპერის ვარსკვლავ, მარია კალასზე დაწერა. „მარია კალასი: ქალი ლეგენდის უკან“ (“Maria Callas: The Woman Behind the Legend”) – ასე უწოდა ნამუშევარს. მალევე გამოსცა მეორე ნაშრომი პაბლო პიკასოს ცხოვრებაზე.

არიანამ კიდევ ერთი ახალი ცხოვრება ლოს-ანჯელესში დაიწყო. წლების განმავლობაში კონსერვატორული შეხედულებების შემდეგ, ლიბერალი გახდა. აქტიურად გამოჩნდა პოლიტიკურ „სცენაზეც“. 90-იანი წლების ბოლოს, უკვე ღიად ეწინააღმდეგებოდა ნატოს წევრი ქვეყნების თვითმფრინავების მიერ სერბეთის დაბომბვას, ხოლო 2003 წელს – ირანის ომს. ამავე წელს კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში მონაწილეობდა. ერთ-ერთ კონკურენტს არნოლდ შვარცნეგერს შემდეგი სიტყვებით დაუპირისპირდა: „ჰამერი ჰიბრიდის წინააღმდეგ“.

არიანა და მისი კონკურენტები (Arnold Schwarzenegger, Gary Coleman), 2003 წლი

2005 წელი არიანას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ამ დროს შექმნა ყველასთვის ცნობილი ონლაინ პლატფორმა – The Huffington Post, სადაც ლიბერალ კომენტატორებთან ერთად, ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. წლების განმავლობაში განიხილავდა სხვადასხვა თემატიკას, დაწყებული პოლიტიკიდან, სპორტით და ბიზნესით დამთავრებული. 2008 წელს, ონლაინ პლატფორმა, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ძლიერ და გავლენიან ბლოგად დაასახელეს. 2011 წელს, არიანამ, The Huffington Post-ი, ცნობილ ვებ პორტალს AOL-ს (America Online), 305 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

2007 წელს არიანა ჰაფინგტონს საკუთარ ოფისში, გული წაუვიდა და დაეცა. შედეგად სახე დაიზიანა.  დიაგნოზი – გადაღლილობა. ამიტომ, წამოიწყო კამპანია, რომლის მიზანი იყო სამსახურსა და ჯანმრთელობას შორის ბალანსის შენარჩუნება. მისი აზრით, ეს საკითხი კომპანიებისთვის აუცილებლად წინა პლანზე უნდა გადმოსულიყო. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „მე ვიყავი ჟურნალების გარეკანზე – „თაიმსმა“, 100 ადამიანს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანად დამასახელა. დაცემის შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე, ნუთუ ეს იყო ის წარმატება, რაზეც საუბრობდნენ?“. 2014 წელს არიანამ გამოსცა წიგნი სახელწოდებით “Thrive”, რომლის ინსპირაციაც სწორედ მისი დაცემა გახდა.

2014 წელს არიანამ გამოსცა წიგნი სახელწოდებით “Thrive”, რომლის ინსპირაციაც სწორედ მისი დაცემა გახდა.

„ადამიანს ფეხების გარდა, კიდევ სჭირდება საყრდენი. მან უნდა შეანელოს თავისი ცხოვრებისეული სიჩქარე, შეიგრძნოს თითოეული მომენტი. დიდ ამბიციებს, შეუძლია, ჩვენს ცხოვრებაში დისჰარმონია შემოიტანოს.  სამყარო უკეთესი ადგილი იქნებოდა, თუ ბოსები/მმართველები არ გამოიჩენდნენ სიხარბეს, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ“, – ამ სიტყვებით მან უკმაყოფილება გამოთქვა იმ კომპანიების მიმართ, სადაც თანამშრომლების ჯანმრთელობას ყურადღებას არავინ აქცევდა.

არიანა მუდმივად აკრიტიკებდა ამერიკელ პოლიტიკოსებს. საკუთარი ხედვების და მსოფლმხედველობის წარმოჩენას თავისი წიგნებით ცდილობდა. არასდროს წყვეტდა დებატებს სხვადასხვა საკითხზე და ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერასაც იმსახურებდა. მისი წიგნები მუდმივად „ბესთსელერები“ იყო. მაგალითად, მეცამეტე წიგნი, „როგორ ცდილობენ ჩვენი პოლიტიკოსები საშუალო ფენის მიტოვებას და ღალატობენ ამერიკულ ოცნებას“. პოლიტიკის გარდა, წერდა კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ადამიანების ცხოვრებაზე. ამ ყველაფრის გამო, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, რომ Forbes-ის მიხედვით, 100 ყველაზე ძლიერ ქალს შორის 52-ე ადგილი დაიკავა. (2014 წლის მონაცემებით).

არიანა, პოლიტიკის გარდა, წერდა კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ადამიანების ცხოვრებაზე. ამ ყველაფრის გამო, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, რომ Forbes-ის მიხედვით, 100 ყველაზე ძლიერ ქალს შორის 52-ე ადგილი დაიკავა

2016 წელს არიან Huffington Post-იდან წავიდა, რომ Thrive Global-ისთვის ეხელმძღვანელა. ეს არის სტარტაპ კომპანია, რომლის იდეაა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

საინტერესოა რომ, მიუხედავად არიანას გადატვირთული გრაფიკისა, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ძილს.

„როდესაც 8 საათი მძინავს, ვგრძნობ სხვაობას. ვიცი, რომ მეტად ნაყოფიერი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ“ – ამბობს ჰაფინგტონი და ყველას მოუწოდებს, რომ საკმარისი დრო დაუთმონ ძილს.

არიანა ჰაფინგტონი: როდესაც 8 საათი მძინავს, ვგრძნობ სხვაობას. ვიცი, რომ მეტად ნაყოფიერი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ

ერთ-ერთ TEDx-ის ფორმატის ვიდეოში არიანა საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, უძილობისა და  გადაღლილობისგან როგორ გული წაუვიდა.

„ყველაფერი, რაც სასარგებლოა პერსონალურ დონეზე, რასაც შეუძლია, მოიტანოს ხალისი, მადლიერება და ეფექტურობა ჩვენს ცხოვრებაში და იყოს კარგი ჩვენი კარიერისთვის, კარგია მსოფლიოსთვისაც. ამიტომ, მოგიწოდებთ, დახუჭოთ თვალები და აღმოაჩინოთ დიდი იდეები, რომლებიც ჩვენს შიგნით თვლემენ, ჩააქროთ თქვენი ძრავები და ძილის ძალა აღმოაჩინოთ“.

არიანა ჰაფინგტონი: აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის, რაზეც ოცნებობთ, მიუხედავად იმისა, გეშინიათ თუ არა

„აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის, რაზეც ოცნებობთ, მიუხედავად იმისა, გეშინიათ თუ არა“ – ეს ის მრწამსია, რომელსაც არიანა ჰაფინგტონი დღემდე მისდევს. უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი საკუთარი სიმამაცით, შემტევი ბუნებით, ენერგიით. დღემდე ყველასთვის საყვარელი არიანა ჰაფინგტონი არის ქალი, რომლისთვისაც არ არსებობს ბარიერები და ყოველ ახალ გამოწვევას ენთუზიაზმით უყურებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გიყვარდეს საკუთარი თავი, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, იმსახურებდე საყოველთაო აღიარებას“.

აუცილებელია, ვახსენოთ არიანას სიტყვები, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის უდიდეს მოტივაციად იქცა:

„მთავარია, გაანადგუროთ ხმა, რომელიც თქვენს თავშია და გეუბნებათ, რომ არაფერი გამოგივათ, ამისთვის დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლა დაგჭირდებათ, მაგრამ თუ მოინდომებთ, შეუძლებელი არაფერია“.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა