კალათაში ჩაწყობილი ნატურალური პროდუქტები ჩვენს გულებში სითბოსა და ბავშვობაში წაკითხული ზღაპრების მოგონებას ქმნის. ისეთი ძვირფასი ქართული პროდუქტები, როგორებიცაა ტყემალი, ჩურჩხელა, ჩირი და სხვა, იმსახურებს იმას, რომ ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს და ქართული ტრადიციული ხარისხიანი პროდუქცია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით იწარმოებოდეს.
ამიტომ მოგიყვებით კომპანიაზე, რომელსაც ორიენტირი სწორედ ქართულის შექმნაზე აქვს. მისი სახელწოდებაა „ქართული კალათა არისტეუსი”, რომელიც სახელითვე გვეუბნება, რომ საქართველოში დამზადებულის პოპულარიზაციას ეწევა.
კომპანია დაარსდა 2015 წელს და მას შემდეგ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებელს ნაირნაირ ქართულ ნაწარმს სთავაზობს. ესენია: ყველი, ტყემალი, აჯიკა, სანელებლები, კახური ზეთი, თაფლი, მურაბა, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილის ჯემები, ჭაჭა, ჩაი, ბაჟე და ჩირები. მიუხედავად იმისა, რომ ჩამონათვალი არც ისე მწირია, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კიდევ დაამატებენ ქართულ პროდუქტებს.
ქართული კალათის ნაწარმი შეგიძლიათ სასაჩუქრე შეფუთვითაც შეიძინოთ და გემრიელი ნაკრები საყვარელ ადამიანებს საჩუქრად მიართვათ.
„ტურისტებთან გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ დავინახეთ, რომ საჭირო იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც საქართველოში ჩამოსული ტურისტებიც შეძლებდნენ ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა საკვები პროდუქტის შეძენას სასაჩუქრე შეფუთვით”, – ვაკო ელისაბედაშვილი, თანადამფუძნებელი.
როგორც ყველა დამწყებ კომპანიას, „ქართულ კალათასაც” პირველ ეტაპზე სირთულეების გამოვლა მოუწია. როგორც თავად იხსენებენ, პირველი მაღაზია პატარა სუპერმარკეტი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ფოკის მონასტერთან, რამდენიმე ფერმასთან და ფიზიკურ პირებთან. ბაზარზე ცოტა იყო ის პროდუქტები, რომლებიც მათ თავიანთი წარმოებისთვის სჭირდებოდათ და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, კომპანიამ გადაწყვიტა, თვითონ შეექმნა ხარისხიანი პროდუქტები, რომელსაც სასაჩუქრე შეფუთვაც ექნებოდა. ასევე, საჭირო იყო მწარმოებლის პოვნა, ვისაც მოეწონებოდა იდეა და ითანამშრომლებდა მათთან.
„პირველ რიგში, დავინახეთ, რომ ამ იდეას ჰქონდა პერსპექტივა, რომ რასაც ვაკეთებთ, საინტერესოა არა მხოლოდ ჩამოსული ტურისტისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც. დღევანდელი არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტების შიდა ბაზარზე პოპულარიზაციითვის”, – ვაკო ელისაბედაშვილი, თანადამფუძნებელი.
რას ნიშნავს არისტეუსი?
ბრენდის დასახელება ბერძნული მითოლოგიიდანაა აღებული. ის იყო ბერძნული ღვთაება, რომელსაც მიეწერება მეფუტკრეობის აღმოჩენა. ასევე მან შემოიტანა ვაზისა და ზეთისხილის კულტივაცია და იყო მწყემსების მფარველი. კომპანიამ არისტეუსის ეს ამბები თავის კონცეფციასთან დააკავშირა და სახელწოდებაც ამის მიხედვით შეირჩია.
სამომავლო გეგმები
გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონში, კომპანია მრავალპროფილურ საწარმოს აშენებს, სადაც ხილის გადამუშავება, შრობა, ჩურჩხელების, ცივი გამოწურვის ზეთების წარმოება იქნება შესაძლებელი.
„ხშირად გვაქვს შემოთავაზება, რომ ექსპორტზე გავიტანოთ პროდუქტი. პირველი რიგის მიზანია, საწარმოს დასრულება, რათა შევძლოთ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და ამის შემდეგ ექსპორტის განხორციელება უფრო მარტივი და რეალური იქნება. ასევე, უახლოესი მიზანია, ასორტიმენტის მნიშვნელოვნად გაზრდა, თუმცა რა პროდუქტები დაგვემატება, ამაზე ჯერ არ ვისაუბრებთ”, – ვაკო ელისაბედაშვილი, თანადამფუძნებელი.
როგორც იცით, ქართული კომპანიების შესახებ რუბრიკაში Made in Georgia გიყვებით, რომელიც საქართველოს ბანკის კამპანია გახლავთ და მისი მიზანია, საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს გაუწიოს პოპულარიზაცია. ამ კამპანიაში ჩართული კომპანიები ბანკისგან სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობენ. ასევე, ბანკმა დაამზადა სტიკერების ნაკრები, რომლის გადმოწერაც შეუძლია კომპანიას და ეს სტიკერი მიანიშნებს, რომ პროდუქცია საქართველოშია დამზადებული.