21
Jul
2015

არომა მარკეტინგი – მომხმარებელთან კომუნიკაციისა და განწყობის სტიმულირება

21 Jul 2015

Startauperi
Startauperi


aromaარომა მარკეტინგი ახალი მიმართულებაა სფეროში, თუმცა უკვე საკმაოდ აქტუალურია და მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი წამყვანი კომპანია იყენებს. შპს “არომა მარკეტინგმა” ამ მიმართულების საქართველოში დანერგვა გადაწყვიტა. ამ თემასთან დაკავშირებით მარკეტერი, არომა მარკეტინგის წარმომადგენელს – ირინა დუმბაძეს ესაუბრა.

M: რა არის არომა მარკეტინგი ? 

არომა მარკეტინგი არის მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მისი განწყობის, სურვილების სტიმულირების ეფექტური საშუალება. ის ადამიანში ქვეცნობიერის დონეზე მოქმედებს და სხვადასხვა სურნელის თვისებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა განწყობებს იწვევს. თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი სურნელებზე ინდივიდუალურია.

როგორც ბრენდინგში არსებობს არქეტიპები, არომა მარკეტინგშიც არსებობს ისეთი „არქეტიპული“ სურნელები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანში ერთნაირ ან მსგავს განწყობას, მოგონებას, სურვილებს აღძრავენ, მაგალითად, ყავის, პურის, ვანილის, ალუბლის, თივის და სხვა ტიპის სურნელები.

M: რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების დანერგვა საქართველოში?

არომა მარკეტინგი შედარებით ახალი მიმართულებაა სფეროში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიები გააცნობიერებენ არომატების გავლენის ძალას მომხმარებელსა და ბრენდზე და აიტაცებენ ახალ ტენდენციას.

საქართველოში გამოცდილება ამ მიმართულებით ფაქტობრივად არ არსებობს. ეს მიმართულება ახლა ინერგება და ჩვენც ტექნიკურ საკითხებზე მუდმივად გავდივართ კონსულტაციებს ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან. ჩვენი პროდუქტის დანერგვა ტექნიკურად მარტივია, რადგან ის ერგება როგორც სავენტილაციო სისტემას, ისე დახურულ სივრცეებს.

M: აქვთ თუ არა კომპანიებს საკუთარი არომატი საქართველოში ? რამდენად მიმზიდველია ქართული ბაზარი ? 

ინტერესი მარკეტინგში ამ მიმართულების დანერგვის მიმართ დიდია, თვითონ სფეროა ძალიან მიმზიდველი და საინტერესო. გაცილებით ღრმა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რადგან ის ადამიანის გრძობებსა და გონებაზე აქტიური სტიმულივით მოქმედებს. სურნელს ვერ გაექცევი, რადგან ის სუნქვის ნაწილი ხდება. ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი და ვამუშავებთ ახალ შეთავაზებებს. ამ დარგში კლიენტების დასახელება უხერხულობას იწვევს, არ არის სასურველი ყველამ იცოდეს რის გამო ყიდულობს პროდუქტს, რა სიამოვნებს ამა თუ იმ სივრცეში გაცილებით დიდხანს როცა ჩერდება.   კლიენტების დასახელების თემა იყო პირველი, რაც ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან გავიარეთ.

M: როგორ ხდება არომატის შერჩევა ? და შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური სუნის შექმნა ? 

ჩვენს კომპანიას, რომელიც გერმანული „რეიმა ეარ კონცეპტის“ წარმომადგენელია საქართველოში 250 ზე მეტი სურნელი აქვს ადგილზე და, ამასთან ერთად, ექსკლუზიური სურნელის შექმნის შესაძებლობა ჩვენს ქარხანაში, ლაიფციგში.

ჩვენი პროდუქციის უპირატესობა ისაა, რომ თვითონ სურნელი შეიცავს ორ კომპონენტს: აბსორბერს- რომელიც სრულიად აღმოფხვრავს უსიმოვნო სუნს და არომატს, რომელსაც სივრცეში ის სურნელი შემოაქვს, რომელიც თქვენ აირჩიეთ.

M: სუნის შერჩევა არც ისეთი მარტივია, როგორ უნდა მივიდეს მომხმარებელი საბოლოო გადაწყვეტილებამდე? 

ამ მიმართულებით ჩვენ კვლევებს ვიყენებთ. როცა მომხმარებელს თავად მოსწონს რამდენიმე სურნელი, ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვატესტირებთ მას და ვიყენებთ ტესტირების სხვადასხვა მეთოდებს. ეს მეთოდი გამომდინარეობს იქედან, სად უნდა იყოს განთავსებული სურნელი და რა ტიპის ბრენდი იყენებს მას. ასევე, მნიშვნელობა აქვს ბრენდირებულ სურნელზე ვსაუბრობთ – რომელიც ბრენდს აძლიერებს იდენტურობის მიმართულებით, თუ არსებული სურნელებიდან ვირჩევთ ერთ-ერთს. თუ ბრენდირებული სურნელია, მაშინ ვიკვლევთ ბრენდის დაპირებისა და სურნელის შესაბამისობას მომხმარებელთა აღქმაში.

არომა მარკეტინგის შედეგია მომხმარებლის ლოიალობა ბრენდის მიიმართ და გაყიდვების ზრდა.

 

განხილვა