რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედოთ, ომი ყოველთვის საშინელებაა… ანადგურებს არა მხოლოდ შენობებსა და ინფრასტრუქტურებს, არამედ ადამიანების სიცოცხლესაც… საუკუნეების განმავლობაში კი ომის დროს დანგრეული შენობების აღდგენა დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ხოლო დღეს არსებული ტექნოლოგიებითა და რესურსებით, როცა სიჩქარე და ადაპტირება პრიორიტეტი გახდა, მოდულურ დიზაინს ვეღარაფერი შეედრება. კონკრეტული კონცეფცია მას ქვეყნის ინფრასტრუქტურის, კონკრეტულად კი სკოლების აღსადგენად იყენებს, რათა ახალგაზრდები დაიცვან და ისეთი განათლება მისცენ, რითაც ომისგან თავისუფალი სამყაროს შექმნას მოახერხებენ…

ისიც მართალია, რომ მოდულური სახლები თუ სხვა შენობები სიახლე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი მოხერხებულობის, ეკონომიურობისა და სივრცის მაქსიმალურად ათვისების მიზნით არის შექმნილი. ეს ელემენტები ნებისმიერი სიტუაციისთვისაა სასარგებლო… შენობები გარკვეული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სწრაფად უნდა აშენდეს, თუმცა იმდენად მოქნილი უნდა იყოს, რომ სხვა მიზნითაც გამოიყენონ.

REVIVAL არქიტექტურული დიზაინის კონცეფციაა, რომელიც კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებას ბლოკების სისტემის გამოყენებით ცდილობს. თითოეულ ბლოკს ფოლადის ჩარჩო და დასაკეცი დიზაინი აქვს, თავდაპირველად, შესაძლოა, გადაზიდვის კონტეინერს მიამსგავსოთ, თუმცა, მისგან განსხვავებით, ალუმინის ჩარჩოთი დამზადებული კედლის ფილები აქვს, რომელიც ბამბის მსგავსი იზოლაციით ივსება.

კარგი კი ის არის, რომ ეს ბლოკები კონკრეტული მიზნების გათვალისწინებით შეიძლება შეიქმნას, იქნება ეს საცხოვრებელი, სამედიცინო, სასადილო, სპორტული თუ საკლასო ოთახები. საცხოვრებელ განყოფილებაში 4 ადამიანი თავსდება, რაც აბაზანასა და სამზარეულოსაც მოიცავს, შემდეგ კი ბლოკების ერთმანეთზე განთავსებით იგი მრავალი ოჯახისთვის დიდ საცხოვრებელ კომპლექსად იქცევა.

მოდულარული არქიტექტურული სისტემის უპირატესობა ის არის, რომ თუ, მაგალითად, სამედიცინო დანიშნულების ბლოკი საჭირო აღარ იქნება, მისი სხვა მიზნით გამოყენებას მალევე მოვახერხებთ ან საერთოდ შეგვიძლია დავშალოთ და სხვა ადგილზე გადავიტანოთ. დიახ, ეს გარკვეულ შრომას მოითხოვს, თუმცა იმდენს არა, რამდენიც სკოლის თავიდან აშენებას დასჭირდებოდა… ხოლო იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც მის ასაგებად არის საჭირო, უფრო ეფექტური და ეკონომიურიცაა, რითაც ომის დროს განსაკუთრებით სასარგებლოც ხდება.












