in

რა უნდა ვიცოდეთ არითმიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე? – ინტერვიუ თოდუას კლინიკის არითმოლოგთან

„კარდიოლოგიის გვირგვინი“ – ასე უწოდებს არითმოლოგიას ჩვენი რესპონდენტი, რომლისთვისაც გულის რიტმის მართვა ყოველდღიური გამოწვევაა. თანამედროვე სამყაროში, სადაც სტრესი და გადაღლა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხშირად გვიჭირს გავარჩიოთ, სად მთავრდება ემოციური ფონი და სად იწყება რეალური, ფიზიკური საფრთხე. გულისცემის უეცარი „ამოვარდნა“, აჩქარება მოსვენებულ მდგომარეობაში ან გენეტიკური წინასწარგანწყობა – ეს ის ნიშნებია, რომელთა იგნორირებაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. თუმცა, დიაგნოსტიკის დახვეწასთან ერთად, მედიცინას პასუხებიც უფრო ზუსტი და ეფექტიანი აქვს. 

დღესდღეობით, კლინიკებში არათუ არითმოლოგთა სრულყოფილი გუნდის, არამედ ინდივიდუალური მედიკოსის არსებობაც ერთგვარ ფუფუნებად იქცა. თოდუას კლინიკაში ამ დეპარტამენტის შექმნა გასული წლის ერთ-ერთი უახლესი და მასშტაბური სიახლე იყო. გახსნიდან დღემდე გულის რიტმის დარღვევების სრულფასოვანი შეფასება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა 500-მდე პაციენტმა გაიარა და ჯამში, 1000-ზე მეტი სამედიცინო მომსახურება ჩატარდა. რეგიონში კი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა თოდუას კლინიკა, სადაც გულის რითმის დარღვევების მკურნალობა უმაღლესი თაობის Medtronic-ისა და Abbott-ის ინოვაციური სისტემებით დაიწყო. 

როდის არის აბლაცია „ოქროს სტანდარტი“, რატომ „გაახალგაზრდავდა“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები , ასევე რა შესაძლებლობებს უქმნის დღეს თოდუას კლინიკა პაციენტებს? – ამ თემებზე Marketer-ს თოდუას კლინიკის არითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მინდია ბუცხრიკიძე ესაუბრა.

M: როდის დგება დღის წესრიგში არითმოლოგთან ვიზიტი და არსებობს თუ არა პრევენციული შემოწმების სტანდარტი?

არითმოლოგია კარდიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და რთული განშტოებაა, რომელსაც მე პირობითად „კარდიოლოგიის გვირგვინსაც“ ვუწოდებ. მედიცინის განვითარებასთან ერთად დაგროვდა იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაცია და კვლევა, რომ ერთი ექიმის მიერ ყველა მიმართულების სიღრმისეული მართვა შეუძლებელი გახდა. სწორედ ამან გამოიწვია სპეციალიზაცია: ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია და არითმოლოგია.

რაც შეეხება პაციენტის მიმართვიანობას – სიმპტომები ინდივიდუალურია. ზოგიერთი პაციენტი არითმიას საერთოდ ვერ გრძნობს, ზოგი კი მძაფრად აღიქვამს. საყურადღებოა, თუ მოსვენებულ მდგომარეობაში გრძნობთ გულისცემის უჩვეულო აჩქარებას, შენელებას ან რიტმის დარღვევას, ე.წ. ამოვარდნებს. ნორმად ითვლება წუთში 55-დან 90-100-მდე დარტყმა (ნორმოსისტოლია). ნებისმიერი გადახრა ამ ნიშნულიდან, რომელიც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან, საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვის ოჯახურ ანამნეზშიც ფიქსირდება უეცარი კარდიოლოგიური გარდაცვალების შემთხვევები. არსებობს გენეტიკური სინდრომები (მაგალითად, ბრუგადას სინდრომი, გახანგრძლივებული QT ინტერვალი), რომლებიც შესაძლოა ფარულად მიმდინარეობდეს და პირველივე გამოვლინება ფატალური აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში სკრინინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

M: თოდუას კლინიკაში მუშაობის პროცესში რა აჩვენა თქვენმა პრაქტიკულმა დაკვირვებამ. როგორ იწყება და  როდის როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ არითმოლოგიურ დიაგნოსტირებას საჭიროებს?

არითმია „ჰაერზე“ არ იწყება, მას ყოველთვის აქვს მაპროვოცირებელი ფაქტორი – იქნება ეს სტრესი, ადრენალინის მოჭარბება, უძილობა თუ გადაღლა. თუმცა, პაციენტისთვის დამოუკიდებლად დიფერენცირება რთულია. გავრცელებული მიდგომა, რომ „ეს მხოლოდ ნერვების ბრალია“, ხშირად შეცდომაა, რადგან ემოციური ფონის უკან შესაძლოა რეალური არითმია იმალებოდეს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.

აქვე უნდა გავმიჯნოთ ფიზიოლოგიური ტახიკარდია: ფიზიკური დატვირთვისას გულისცემის მატება ბუნებრივია, მაგრამ ის უნდა იყოს რიტმული და დატვირთვის შეწყვეტის შემდეგ ნელ-ნელა დაუბრუნდეს ნორმას. თუ აჩქარება ქაოსურია ან მოსვენებისას არ ლაგდება, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია.

M: რა ტიპის არითმიებია ყველაზე გავრცელებული საქართველოში და მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თოდუას კლინიკაში არსებული ტექნოლოგიური ბაზა სრულად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. უახლესი აპარატურა გვაძლევს საშუალებას, მინიმუმამდე დავიყვანოთ გართულებების რისკი და გავზარდოთ პროცედურის ეფექტიანობა.

გლობალური სტატისტიკის მსგავსად, საქართველოშიც დომინირებს წინაგულთა ფიბრილაცია, იგივე „მოციმციმე არითმია“. 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს დიაგნოზია თითქმის ყოველ მესამე-მეოთხე ადამიანთან გვხვდება. ასევე ხშირია ახალგაზრდებში დამატებითი გამტარი გზებით გამოწვეული ტახიკარდიები და ექსტრასისტოლიები.

მკურნალობა იყოფა ორ მიმართულებად: მედიკამენტური და ინტერვენციული (აბლაცია).

როდესაც საქმე გვაქვს ანატომიურ პრობლემასთან – მაგალითად, დამატებით გამტარ გზასთან, მედიკამენტი განკურნებას ვერ უზრუნველყოფს, ის მხოლოდ დროებით თრგუნავს სიმპტომს. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა პაციენტი, რომელმაც მთელი ცხოვრება წამალი უნდა სვას, თანაც ისე, რომ გარანტირებული შედეგი არ ჰქონდეს. ასეთ დროს „ოქროს სტანდარტი“ არის აბლაცია – პროცედურა, რომლის დროსაც ვიპოვით და „ვაუვნებელყოფთ“ არითმიის კერას. ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 98-99%-ია.

რაც შეეხება მოციმციმე არითმიას, აქ აბლაცია ემსახურება ინსულტისა და გულის უკმარისობის პრევენციას, თუმცა დაავადების სირთულიდან გამომდინარე, რეციდივის რისკი შედარებით მაღალია (დაახლოებით 30%). გადაწყვეტილება ყოველთვის მიიღება რისკისა და სარგებლის შეფასებით.

M: სტატისტიკაზეც ვისაუბროთ – შეინიშნება თუ არა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების „გაახალგაზრდავება“?

დიახ, ეს ტენდენცია თვალშისაცემია, თუმცა ამას ორი ძირითადი ახსნა აქვს. პირველი – გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ ის პათოლოგიები, რაც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა.

მეორე მიზეზი კი ცხოვრების წესია. გაზრდილი სტრესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, არაჯანსაღი კვება – ეს ყველაფერი აჩქარებს დაავადების გამოვლინებას.

სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. სიმპტომების დროული ამოცნობა და ექიმთან ვიზიტი არის საუკეთესო პრევენცია ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

M: ვისაუბროთ ტექნოლოგიურ მხარესა და თოდუას კლინიკის შესაძლებლობებზე. რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენთან მსოფლიო დონის სერვისი?

არითმოლოგია არის მაღალტექნოლოგიური სფერო, სადაც წარმატება პირდაპირ კავშირშია აპარატურის ხარისხთან. ჩვენ შევდივართ გულში სპეციალური კათეტერებით, ვიყენებთ რენტგენსა და ურთულეს სანავიგაციო სისტემებს, რათა მილიმეტრის სიზუსტით ვიპოვოთ დაზიანებული უბანი.

რეგიონში პირველად, თოდუას კლინიკის ცენტრალურ ფილიალში პაციენტები სარგებლობენ Medtronic-ის უახლეს Nitron™ CryoConsole გულის კრიოაბლაციის სისტემით, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და ინოვაციური ტექნოლოგიით. ასევე, ხელმისაწვდომია თანამედროვე 3D‑ნავიგაციის აპარატი – Abbott EnSite X EP System IV განახალებული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც გულის რითმის დარღვევების დიაგნოსტიკისა და რადიოსიხშირული აბლაციისათვის უკონკურენტოა.

M: პაციენტებს ხშირად აშინებთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა აბლაცია, პეისმეიკერი ან დეფიბრილატორი. მარტივად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ეს პროცედურები?

აბლაცია არის არითმიის კერის გაქრობა. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ორ მეთოდს: რადიოსიხშირულს (მაღალი ტემპერატურით მოწვა) და კრიოაბლაციას (მოყინვა). მეთოდის არჩევა ხდება კონკრეტული არითმიის ტიპის მიხედვით.

პეისმეიკერი გამოიყენება ბრადიკარდიის დროს, როდესაც პულსი კრიტიკულად დაბალია. ეს პატარა მოწყობილობა აკონტროლებს გულისცემას და საჭიროების შემთხვევაში აწვდის იმპულსს, რათა გულმა სათანადო სიხშირით იმუშაოს.

იმპლანტირებადი დეფიბრილატორი (ICD) არის უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის მქონე პაციენტებისთვის. თუ აპარატი დააფიქსირებს სიცოცხლისთვის საშიშ არითმიას (მაგ. პარკუჭთა ფიბრილაციას), ის მომენტალურად ახდენს ელექტროშოკს გულის შიგნით და აღადგენს ნორმალურ რიტმს. ეს არის რეანიმაცია, რომელიც პაციენტს მუდმივად თან დაჰყვება – მთაში, თვითმფრინავსა თუ ძილში.

M: როგორია მკურნალობის პროცესი და პაციენტის მართვის სტრატეგია კლინიკაში?

მედიცინა არ არის ერთი მსახიობის თეატრი. წარმატებული მკურნალობა გუნდურ მუშაობას ეფუძნება. პაციენტებს ერთ სივრცეში სრული, მულტიდისციპლინური მომსახურების მიღების საშუალება აქვთ, რასაც თოდუას კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტებთან არითმოლოგიის გუნდის მჭიდროდ თანამშრომლობა ქმნის. პროცესში, არითმოლოგთან ერთად, აქტიურად არიან ჩართული კარდიოლოგები, ანესთეზიოლოგები, საჭიროების შემთხვევაში – ენდოკრინოლოგები და ნევროლოგები. მედიკოსის კლინიკური ხედვა თანამედროვე გაიდლაინებსა და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას ეფუძნება, რაც პაციენტებისათვის მაღალი დონის და უსაფრთხო სერვისს უზრუნველყოფს.

უმეტესწილად (90-95%) პროცედურები არის გეგმიური. პაციენტი გადის სრულ წინასაოპერაციო კვლევას, ფასდება ყველა რისკი და მხოლოდ პაციენტის სრული მზადყოფნის შემთხვევაში ინიშნება პროცედურა. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რჩება კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 24-48 საათის განმავლობაში, რაც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

[R]

Apple-ში ახალი, დასაკეცი iPhone-ების ერა იწყება?

როგორ შეცვლის AI ონლაინ გაცნობის აპლიკაციების გამოცდილებას