in

არსენალის სტადიონს ახალი ნამუშევრებით აფორმებენ

ბოლო 12 წლის განმავლობაში ემირატების სტადიონი, ჩრდილოეთ ლონდონში, არსენალის ლეგენდარული ფეხბურთელების გამოსახულებებით იყო მორთული. ამ ნაცნობი სახეებიდან ბევრი კვლავ დარჩება შენობის ექსტერიერის ნაწილად, მაგრამ სრულიად განსხვავებულ — ბევრად უფრო პერსონალურ სტილში, რადგან კლუბი სტადიონს ნამუშევრების ახალი ნაკრებით რთავს.

ახალი დიზაინი რვა ნამუშევრისგან შედგება, რომლებიც ტერნერის პრიზის მფლობელი მხატვრის, ჯერემი დილერის, გრაფიკოს დიზაინერის, დევიდ რუდნიკისა და სატირული ილუსტრატორის, რუბენ დანგურის დახმარებით შეიქმნა. ამავდროულად, პროექტში მონაწილეობას იღებდნენ არსენალის ყოფილი ფეხბურთელები, პერსონალი და გულშემატკივრები.

ნამუშევრებში წარმოდგენილნი არიან გამორჩეული მოთამაშეები და მენეჯერები — მათ შორის ტიერი ანრი, ალექს სკოტი, იან რაიტი და არსენ ვენგერი. მაგალითად, Victoria Concordia Crescit კომპოზიცია შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის ნახატებით, ხოლო კლუბის ემბლემა ამ ორ სრულიად განსხვავებულ კონტექსტს შორის ქმნის კავშირის.

ჯერემი დელერის მიერ ჩაფიქრებული რამდენიმე ელემენტი ეფუძნება კლუბის იკონოგრაფიას, როგორიცაა ქვემეხი და ერმინის გრაფიკული მოტივი. ნამუშევარი ასევე საუბრობს ფეხბურთის მჭიდრო ურთიერთობაზე ტექსტილთან, ბანერების შემქმნელი ედ ჰოლის დახმარების წყალობით, რომელმაც ხელით შექმნა რამდენიმე ბანერი, შემდეგ კი ფოტოებისთვის გადაიღეს.

რაც შეეხება შრიფტს, არსენალი Northbank-ის ახალი საკლუბო შრიფტის შეცვლილ ვერსიას იყენებს, რომელიც სტადიონის ტიპოგრაფიითაა შთაგონებული. ამავდროულად, Eighteen Eighty-Six-ში, კლუბის დაარსების წლისადმი მიძღვნილ კომპოზიციაში, გამოყენებულია რუდნიკის მიერ შექმნილი შრიფტი. „ჩვენი იდეა იყო, შეგვექმნა ნაკრები, რომელიც მოიცავს როგორც არსენალის სინონიმურ შაბლონებს და სიმბოლოებს, ისე სუფთა ტიპოგრაფიულ სისტემას“, — განმარტავს დიზაინერი.

კიდევ ერთი კომპოზიცია ეძღვნება 150 ოფიციალურ მხარდამჭერ ჯგუფს მთელს მსოფლიოში, აერთიანებს 187 ხელნაკეთ ბანერს და დროშას.

მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნამუშევრები დამონტაჟდება ემირატების სტადიონის გარშემო და აჩვენებს მზარდ ინტერესს დიზაინისა და ფეხბურთის კვეთის მიმართ.

როგორ მივიღოთ მეტი სარგებელი სამსახურებრივი ამბების მიმოხილვიდან?

რა უნდა გააკეთოთ, თუ მთელი დღე ჯდომა გიწევთ?