26
Feb
2019

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IV)

26 Feb 2019

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.

mBank QR
mBank QR

 

კომპანიის ისტორიის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს:

„როგორც ვთქვი, მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლებოდა, ახალი ცხოვრება კარზე გვიკაკუნებდა და ჩვენ ან უნდა გაგვეღო, ან სამუდამოდ ჩავკეტილიყავით. ნელნელა ვსწავლობდით ახლებურ ცხოვრებას. სამი თვე ვმსჯელობდით ქსეროქსის აპარატი გვეყიდა თუ არ გვეყიდა. ჩვენი გუნდის წევრი ალიკა არობელიძე ითვლიდა, ერთი ფურცლის გატარება რა ღირს, რამდენი გვჭირდება, ფორმულები შეადგინა და დაასკვნა, რომ ჩვენ თუ ქსეროქსს ვიყიდით, თანხას 12 წელიწადში ამოვიღებთ, ამიტომ ამას აზრი არა აქვს, ჯობია, გარეთ გავიდეთ და ასლი გადავიღოთ ხოლმეო. ვუხსნიდი, ქსეროქსს სხვა ფუნქციებიც აქვს, კომპილაციას, მონტაჟს აკეთებს. თეთრ, ლამაზ ფურცელზე რომ დავბეჭდეთ ჩვენი პროექტები და ნახეს, ვაა, სად დაბეჭდეთო? – გვეკითხებოდნენ. აი, კიდევ ერთხელ, საიდან მოვდივართ.

დიდი მოვლენა იყო ფაქსის აპარატის ყიდვა. საბჭოთა კავშირში ასეთი აპარატები კაგებეს მკაცრ კონტროლზე ჰქონდა აყვანილი. ფაქსით ხომ ნახატის, ნაწერის, უწყების დოკუმენტების გადაცემა შეიძლებოდა. მივედით საყიდლად და ვეკითხებით, კაგებედან ცნობა უნდა მოვიტანოთ? არა, ნომერი აიღეთ, დააყენეთ და მერე დაგარეგისტრირებენო. კაგებეში რომ მივედით, ჯერ გვითხრეს, ის შვებულებაშია, იმას არ ეხებეო. ერთი კვირა ვიარეთ, მერე გვითხრეს, თავი დაგვანებეთო. ესეც  საოცარი იყო.

სიტყვა დეველოპმენტი მაგრად გვჭრიდა ყურს. ვერ ვეგუებოდით. ამას დაემთხვა ის, რომ 1991 წელს ამერიკაში ვიყავით მე და თამაზ ლობჟანიძე და იქ ვნახე პატარა კოტეჯების მშენებლობები. პირველად იქ ვნახე თაბაშირ-მუყაო, მჩატე კედლები, გამარტივებული და ეფექტური სამშენებლო ტექნოლოგიები. მერე ვიყავი ბელგიაში და იქაც დეველოპერულ კომპანიებს ვეცნობოდი. გავიგეთ, რა არის მიწის დეველოპმენტი და სხვა ბევრი რამ.

შოთა ყავლაშვილმა, იმ პერიოდში თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო, ერთი მშენებელი გამოგვიგზავნა: „მზიურის“ მოსაზღვრე ტერიტორია აინტერესებდა. მოვიდა ის კაცი და გვეუბნება: აქ და აქ, მინდა ორი თერთმეტსართულიანი კოოპერატიული სახლის აშენება. იცოდეთ, ჩვენ არაფერი არ გვეშლება, ვიცით: Кесарю кесарево! – გაჩუმდა და დაამატა: – И даже больше! – მოკლედ, გაგვაგებიანა, კარგად ვიხდიო. წარმოიდგინეთ, რუსულად, თანაც  გამოკვეთილი მეგრული აქცენტით ნათქვამი ეს – „კეისარს კეისრისა და უფრო მეტი“, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა.

მე და როსტიკას მაგიდები მიდგმული გვქონდა და ისე ვისხედით, რომ ერთმანეთს  პირისპირ ვუყურებდით. დავიწყეთ ფიქრი, რა ვქნათ? „უფრო მეტიც“, რა მოვთხოვოთ? ჯერ ვთქვით, სახელოსნო გამოვართვათო. მაშინ ამ გზით არქიტექტორები სახელოსნოებს იღებდნენ. ჩვენც ამაზე ვფიქრობდით. მერე ირაკლიმ თქვა: იმას რატომ მოვთხოვოთ, მოდი, ჩვენ ავაშენოთ და ჩვენვე გავყიდოთო.

ასე დავიწყეთ ფიქრი კომერციულ ბინათმშენებლობაზე“.

“არსის” 30–წლიან ისტორიას მომდევნო სტატიებშიც შემოგთავაზებთ. კიდევ ბევრი საინტერესო ეტაპი გვაქვს მოსათხრობი…

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა