4
Apr
2019

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IX)

4 Apr 2019

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – „არსი“ 30 წლისაა.

„არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი თორნიკე აბულაძე

როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, არანაკლებ საინტერესო ეტაპის თხრობას „არსის“
აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე განაგრძობს:

მესამე კურსის შემდეგ, 2000 წელს, მე და ჩემი მეგობარი ირაკლი ვაჩნაძე ევროპაში სამოგზაუროდ წავედით. აქედან გავყევით ზურაბ ჟვანიას, ჰანოვერში გამოფენაზე ჩარტერული რეისით მიდიოდა. 60 დღეში 17 ქალაქი მოვიარეთ. მართალია, თითქმის, ვმათხოვრობდით, უსახლკაროებს მუყაოებს ვართმევდით, რომ დაგვეგო და პარკში დაგვეძინა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, მაშინ შევედი არქიტექტურის „მუღამში“. 28 ოქტომბერს ჩამოვედი. პოლიტექნიკური ინსტიტუტის კედლებში ყოფნა აღარ მსიამოვნებდა და აკადემიური ავიღე. ორი კვირა არ იყო გასული, ნანამ, ჩემმა მომავალმა ცოლმა, მითხრა: ასე არ გამოვა ჩვენი ურთიერთობა. მაგარი უსაქმური ყოფილხარ. ევროპაში წახვედი, აკადემიური აიღე, აქეთ-იქით „დაეხეტები“. გია აბულაძის შვილი რომ ხარ, ინსტიტუტში ამის გამო თვალს ხუჭავენ და ყველაფერი „გაგდისო“. მე ვუთხარი, ზეგ ვიწყებ მუშაობას-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. მას მერე სულ ვახსენებ, მე ხომ უსაქმური ვარ!

15 ნოემბერს გიამ მითხრა, მე მეტი აღარ შემიძლია. ვალი ცოტა დარჩა, იქნებ წლის ბოლომდე დამეხმაროო. ჩამომიწერა გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები. 45 დღეში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი.

ასეთი სიტუაცია იყო: „ივერთბაკი“ რომ გაკოტრდა, „არსმა“ ფულად დაკარგა 810 000 დოლარი, რომელიც ორ მილიონ-ნახევრამდე ავიდა თავისი ჯარიმებით. იმ დროისათვის დარჩენილი იყო გასასტუმრებელი ბოლო 800 ათასი დოლარი, მაგრამ იყო ბინები ხილიანსა და ყიფშიძის ქუჩებზე დაუსრულებელ სახლებში.

პირველი, რითიც მივედი კომპანიაში, იყო ის, რომ ვიყავი ,,молодой и злой“. ბევრ რამეში გია არ მეთანხმებოდა, მე უკან არ ვიხევდი. ჩვენი კამათი ისე რთულდებოდა, რომ დედაჩემი დაგვემუქრა, ერთად აღარ დაგინახოთო…

ბაზარი იყო ძალიან შეცვლილი. ერთი მაგალითი ავიღოთ, 1994 წელს 65 ათასი გადაიხადა კაცმა და იყიდა ბინა ასაშენებელ სახლში. მერე, „ივერთბანკის“ კრიზისი რომ დაიწყო და მშენებლობა გაჩერდა, „არსმა“ დაუბრუნა ის 65 ათასი და კიდევ რაღაც ჯარიმები. მაგრამ ზუსტად ის ბინა მერე მე მხოლოდ 13 ათასად გავყიდე, მეტად ვერა. ასეთი მინუსი გვქონდა.

მერე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სესხი აგვეღო. პირველი განაცხადი „თიბისი“-ში შევიტანეთ და დაგვიკმაყოფილეს. ეს იყო პირველი სესხი, რაც ბანკმა მშენებლობისთვის გასცა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ და „თიბისი“ ერთად ვვითარდებოდით, ერთად ვხვეწდით ფორმებს. ეს მათთვისაც ახალი იყო. სესხი 210 ათასი დოლარი ავიღეთ 2001 წლის 10 მარტს და დაიწყო გაჩერებული ხილიანის აღდგენა. პრობლემა ის იყო, რომ გაყიდვა ძალიან ჭირდა, თანაც „არსს“ ცუდი სახელი ჰქონდა ვალების გამო და ესეც აგდებდა ფასს. 30 სამაკლერო კომპანია ჩამოვწერე, ვინც არსებობდა და დავუკავშირდი. ყოველ თვე, ერთსა და იმავე დღეს, ჩვენს მშენებარე სახლებს ვუღებდი ფოტოებს, ვაბეჭდინებდი, მაკლერებს ვურიგებდი, რომ საქმე წინ მიდის და პროგრესი დაენახათ. კლიენტებს დავყვებოდი და ბინებს ვაჩვენებდი.

„არსი“ თავისი სტრუქტურით იყო არქიტექტორული სტუდია, იყვნენ მხოლოდ არქიტექტორები და ბუღალტერი ნელი კიკნაძე. მინდოდა, ვინმე დამხმარე ამეყვანა. გიამ მირჩია მამუკა მირზიაშვილი. შემდეგ მოვიდა არჩილ ბოხუა, არჩილი ფინანსებში კარგად ერკვეოდა. 2002 წელს თიკო რატიანი მოვიდა. გია უნდა წასულიყო ბორჯომის განვითარების მთავარ არქიტექტორად და ასისტენტი სჭირდებოდა. ერთმა მეგობარმა თიკო რატიანი მირჩია, თიკო მოვიდა, გია ბორჯომში აღარ წავიდა, თიკო დარჩა ჩვენთან.

იმ დროს უკვე წამოსულები იყვნენ სხვა კომპანიები. „ცენტრ პოინტი“ გრგვინავდა, „იბერია“, „აქსისი“ იწყებდნენ. ისინი თუ ნულიდან იწყებდნენ, ჩვენ მინუსზე ვიყავით, მნიშვნელოვან მინუსზე.

დავპარტნიორდით ორ მარკეტინგულ კომპანიასთან ,,ჯეპრა“ და „ედ კორპორაცია“. მათთან ერთად დავსხედით და დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეუმჯობესებინა სახელი. იმ დროს ჩვენი მესიჯი იყო – „არსს“ ვალები აქვს, შემდეგი უნდა ყოფილიყო – „არსი“ ვალებს ისტუმრებს, მერე კი – „არსმა“ ვალები გაისტუმრა. ვალი თუ გაისტუმრა, უფრო ძლიერ კომპანიას ნიშნავს, ვიდრე ის, რომელსაც ვალები არ ჰქონია. ავიღეთ  შემდეგი სესხი, შემდეგი, შემდეგი და წინ წავიდა საქმე.

2002 წლის შემოდგომაზე ხილიანზე მოვაწყეთ კედლის მოხატვის აქცია. გია აბულაძის იდეა იყო და გია ბუღაძის  სტუდენტებმა მოხატეს გრძელი, ნაცრისფერი ბეტონის კედელი. ასეთი ღონისძიება პირველი იყო ქალაქში და ამავე დროს, ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის ნიშანი გახდა. ისევ გახმაურდა „არსის“ სახელი.

როცა ხილიანის სახლები დააპროექტეს, დიდი ფართობის ბინები პირველად „არსმა“ დაგეგმა და მოთხოვნაც დიდი იყო. 2001-ში, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ, უკვე ბევრი კომპანია არსებობდა, და იცით, რითი მოვიგეთ – ყველაზე პატარა ბინები გვქონდა. ის გაჩერებული ხილიანი, რომელიც დიდ ბინებად გაიყიდა და მერე გამოვისყიდეთ, პატარა ბინებად გადავაკეთეთ და უკეთესად გაიყიდა. სხვა გამოწვევა იყო, ახალი მოდა შემოვიდა, ახალგაზრდებმა ცალკე ცხოვრება დაიწყეს.

2007-ში უკვე 120 კაცი ვიყავით, ვაკის ოფისი დავამთავრეთ და გადავედით, ფინანსურად გავძლიერდით. 2008-მდე მეორე-მესამე პოზიციას ვიყოფდით „აქსისთან“, მეორე და მესამე პოზიციას შორის იყო 20% განსხვავება, ხოლო პირველ და მეორეს შორის იყო 700%-იანი განსხავება. პირველზე იყო „ცენტრ პოინტი“ და „ცენტრ პოინტი“ შვიდჯერ დიდი იყო.

„არსი“ პირველად ხომ იყო არქიტექტორული სტუდია, მერე გახდა მენაშენე და „ივერთბანკის“ გამო ჩაიძირა, მერე ისევ მუშაობდა როგორც არქიტექტორული სტუდია, რადგან სხვა საქმე აღარ ჰქონდა. 2001-დან დავიწყეთ კომპანიის ინსტიტუციური ჩამოყალიბება. ახლა რომ ვუკვირდები, ცხადია, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული.

ძალიან ბევრმა მაგარმა ადამიანმა გაიარა ჩვენთან, ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც „არსელია“.

ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, „არსი“ ძალიან მაგრად ასწრებდა დროს, მუდმივად უამრავი იდეა ჰქონდათ, ბევრმა არ გაამართლა, მაგრამ გადიოდა 10 წელი და იმ იდეას სხვა აკეთებდა, ოღონდ 10 წლის შემდეგ. იმისთვის, რომ მაგარი იყო, სხვებზე წინ უნდა იყო, მაგრამ ესენი იმდენად წინ იყვნენ, რომ იმ დროისათვის ის იდეები არ ამართლებდა. ბაზრისთვის 10 წლით გასწრება ძალიან ძვირი ჯდებოდა.

მძიმე ქარტეხილებგამოვლილი კომპანიაა. საბოლოოდ ამგვარმა ქარტეხილებმა  სიცოცხლისუნარიანობა შესძინა. ყველა დროს თავისი გამოწვევა მოჰქონდა, მაგრამ მაინც გაცურა.

„არსის“ 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომდევნო სერიებში მოგითხრობთ. წინ კიდევ ბევრი უნიკალური მოვლენა გელოდებათ…

პარტნიორის კონტენტი

განხილვა