იმ ამბებში, რაც კომპანია „არსის“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.
როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, არანაკლებ საინტერესო ეტაპის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს.
გია აბულაძე: „მზიურის“ გეგმაში მონიშნული გვქონდა სარეკონსტრუქციო ზონები – ჭავჭავაძის I ჩიხი, ახლანდელი გაბაშვილის, ხილიანისა და წყნეთის ქუჩები. იქ იყო კატასტროფა, მიყრუებული, მუყაოთი და თუნუქით აშენებული უსახური სოფელი ძროხებით, ქათმებით, ძაღლებით. უკანონო ბარაკები და სიბინძურე. მთელი კანალიზაცია და ნაგავი მდინარეში იყრებოდა. თითქოს იქ ცხოვრობდნენ, თან არ ცხოვრობდნენ და ეპატრონებოდნენ ვიღაც უცნაური ტიპები, ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ვერ გაიგებდი. ქალაქს ზურგი ჰქონდა შექცეული ხეობისათვის. ქალაქი იყო ცალკე და ვერეს დაბინძურებული, ჭუჭყიანი ხეობა – ცალკე. დავამუშავეთ ვერეს ხეობის გეგმარებითი მოწესრიგების, ანტისანიტარიის მოსპობის მთლიანი პროგრამა. ჩვენდა უნებურად ეს მიდგომა, როცა ერთი კონკრეტული შენობის პროექტს ვიხილავთ ვრცელ ქალაქგეგმარებით კონტექსტში და არა ვიწრო, კომერციულ ჩარჩოებში, მომავალში გამოარჩევს „არსის“ სხვა დეველოპერული კომპანიებისგან.
ეს პროგრამა მივიტანეთ მერიაში, სახმშენში. მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ ის იყო, რომ ძალიან მაგარი მხარდამჭერი გვყავდა – გურამ მირიანაშვილი, სახმშენის თავმჯდომარე. შანსი არ გაუშვია, რომ ღირებული რჩევა მოეცა. ვერეს ხეობის მოწესრიგებისა და დაგეგმარების პროექტს რომ ვაცნობდით, დიდი გულისყურითა და სითბოთი გვისმენდა. ბოლოს გვითხრა, აქედან რო წავალ, თქვენთან გადმოვალ სამუშაოდო. პროგრამა მიიღეს. დავიწყეთ კონკრეტული პროექტების დამუშავება.
პარალელურად ვმუშაობთ კომერციული ბინათმშენებლობის პროგრამაზე. ეს ახალი ხილი იყო და შესაბამისად არანაირი რეგლამენტი არ არსებობდა, მაგრამ რადგან თემა წამოიჭრა და მოიწონეს, საჭირო გახდა დებულების ჩამოყალიბებაც. რეგლამენტის ჩამოყალიბებაში ალიკა არობელიძეს ვთხოვე დახმარება. ამ მუშაობაში ყველა ვიყავით ჩართულები და დიდი კამათის, წყენის, ურთიერთბრალდების, გინებისა და დროსტარების ფონზე გავაკეთეთ დებულება და შევიტანეთ მინისტრთა საბჭოში. პრემიერ–მინისტრია თენგიზ სიგუა. ჩვენი შეტანილი წინადადება 1991 წლის 3 მაისს კაბინეტის სხდომაზე გავიდა და დამტკიცდა. ესეც ასე!
ჩვენს საქმიანობაში გაჩნდა ახალი მიმართულება. დავაფუძნეთ კომერციული ბინათმშენებლობა, პირველი ნაბიჯები გადავდგით. საქართველოში საფუძველი ჩაეყარა დეველოპმენტის ინსტიტუტს!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ხილიანის და ყიფშიძის პროექტები გამაქვს საბჭოზე. საბჭოთა სტანდარტებით ბინა შეიძლება დაპროექტებული ყოფილიყო მაქსიმუმ 136 კვ. მეტრი. ამ ფართის მიღება შეგეძლო, თუ გყავდა სამი შვილი, დამსახურებები გქონდა სამშობლოს წინაშე, იყავი რომელიმე შემოქმედებითი კავშირის წევრი და გეკუთვნოდა სახელოსნო. გავიტანეთ პროექტი და გვაქვს ბინები – 200, 250, 300 კვ.მეტრი, დუპლექსები და ა.შ. ამას რომ ვხსნი, საბჭოს წევრები გაოგნებულები მიყურებენ. დიდი ავტორიტეტის მქონე არქიტექტორები იყვნენ, ამავე დროს თავდაჯერებულები და დარწმუნებულები. პირველად ხედავენ ასეთი ფართის ბინებს ღიად გამოტანილს საბჭოზე. თანაც საფუძვლიანად ჰქონდათ შესწავლილი პროექტი. ყიფშიძის ქუჩის სახლში იყო პირველი სართული, რომელსაც ნაკლებად ხვდებოდა მზე. ადგა თემო კანდელაკი, ნამდვილ მეტრად ითვლებოდა, და დეტალურად მირჩევს: ახალგაზრდავ, ბინებს 17-ს, 18-ს, 20-სა და 21-ს ცალმხრივი ორიენტაცია აქვს, განიავება და ინსოლაცია შეზღუდულია. ამაზე რას ფიქრობთ, რას უშველით? მე ვუპასუხე: ეს ბინები ეღირება ნაკლები! გაშრა, ასეთი თავისუფალი მიდგომა, რომ შეიძლება სტანდარტიდან ამოვარდე, რომ ფასი, ბაზარი წყვეტს ბევრ რამეს, აი, იმ წუთას დაინახა. ლოგიკურიაო, ჩაილაპარაკა და საფუძველგამოცლილი დაჯდა. თითქოს დრომ ჩაუქროლათ. ახლა ეს იქნებ სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინ ეს იყო გარღვევა. სასაცილოა, მაგრამ ასეა. მნიშვნელოვანი მენტალური გარდატეხა ხდებოდა, ღირებულებები იცვლებოდა.
ვამტკიცებდით, ჩვენ მშენებლები კი არა ვართ, ჩვენ ვართ მენაშენეები. შევქმენით მენაშენის ინსტიტუტი. არადა, ქვეყანაში ჯერ კიდევ გაუგებარი სიტუაცია იყო. გარეთ დიდი ამბები ხდებოდა, ბარიკადები, მიტინგები, ომი. როცა ამ საქმეს ვიწყებდით, არ ვიცოდით, რას ვიწყებდით. ჩვენც ვორჭოფობდით. ბიჭები გაგა, ლევანა, მიკა ამბობდნენ, ჩვენ არქიტექტურა გვაინტერესებს, ეს მენაშენეობა არ გვინდაო. ალიკა არობელიძე ამბობდა, მე ჩემი ინტელექტი რატომ უნდა გადავაკონვერტირო ბეტონშიო.
შემდეგ გადავედით „ივერთბანკის“ შენობის მეორე ფლიგელში, იმელის მხარეს, შედარებით პატარა ოთახი იყო, მაგრამ კარგად მოვაწყეთ, ბუხარი ავაშენეთ, გუგა კოტეტიშვილის სავარძლები შევიძინეთ. სკამები, მაგიდა და თაროები გავაკეთეთ „a’la Mackintosh“. მოკლედ, ისე წავიდა საქმე, რომ თანამშრომლებიც ავიყვანეთ. საქმეც ბევრი გვქონდა“.
“არსის” 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომავალშიც მოგითხრობთ. წინ უნიკალური მოვლენები გელოდებათ…
[ პარტნიორის კონტენტი ]