ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არის ხელოვნება ასეთი ძლიერი? ფუნჯის ერთი მოსმა, ფოტოაპარატის ერთი კადრი ან ინსტალაციის ერთი დეტალი ზოგჯერ იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ათასგვერდიანი მანიფესტი.
ხელოვნება საუბრობს ენაზე, რომელიც ყველას ესმის – ის შეუმჩნევლად აღწევს ჩვენს გონებაში და ცვლის იმას, როგორ ვუყურებთ სამყაროს. სწორედ ამიტომ არის ის ასეთი ძლიერი იარაღი აქტივისტების ხელში. წარმოიდგინეთ – თქვენ ხართ ხელოვანი, გაქვთ პლატფორმა და შეგიძლიათ თქვენი ხმა მილიონობით ადამიანს მიაწვდინოთ. რას გააკეთებდით?
დღეს ხელოვანები დგანან საზოგადოებრივი მოძრაობების წინა ხაზზე. სოციალური საკითხებისთვის ბრძოლით დაწყებული, სამთავრობო ცენზურის მხილებით დამთავრებული – მათი ნამუშევრები ხდება ცვლილებების კატალიზატორი. ისინი გვიჩვენებენ იმას, რისი დანახვაც არ გვინდა, გვაიძულებენ ვიფიქროთ იმაზე, რაზეც დუმილს ვარჩევთ.
საინტერესოა, რომ ხელოვანი-აქტივისტების გავლენა სცდება გალერეების კედლებს. მათი ნამუშევრები ვირუსულად ვრცელდება სოციალურ მედიაში, ხდება მემები და კულტურული სიმბოლოები. ისინი ქმნიან ახალ ნარატივებს, რომლებიც ცვლიან საზოგადოებრივ აზრს და გვაიძულებენ სხვა თვალით შევხედოთ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია ასე სწრაფად მოძრაობს, ხელოვანი-აქტივისტების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ისინი არა მხოლოდ ასახავენ რეალობას – ისინი ქმნიან მას.
როგორ ებრძვის ხელოვანი სისტემას? აი ვეივეის ისტორია გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ერთი შუა თითიც საკმარისია რევოლუციის დასაწყებად.
წარმოიდგინეთ: თქვენ ხართ დისიდენტის შვილი ჩინეთში. გარშემო ყველაფერი კონტროლდება, მაგრამ თქვენ გაქვთ ფოტოაპარატი და იდეა. სწორედ ასე დაიწყო აი ვეივეის ცნობილი სერია „პერსპექტივის შესწავლა“, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.
1995 წლიდან, ის მოგზაურობს და ფოტოებს იღებს ობიექტებთან, რომლებიც ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლება – თავისუფლების ქანდაკებიდან კრემლამდე. მისი იარაღი? უბრალოდ შუა თითი, რომელიც მიმართულია ყველა იმ ინსტიტუტისკენ, რომელიც ადამიანების თავისუფლებას ზღუდავს.
მაგრამ აი ვეივეი არ ჩერდება მხოლოდ ფოტოებზე. მისი მასშტაბური ინსტალაციები – ჩინური ტრადიციული სკამებისგან შექმნილი მონუმენტებიდან დაწყებული, უზარმაზარი სკულპტურებით დამთავრებული – გვაიძულებს დავფიქრდეთ ცენზურაზე, საზღვრებზე და თავისუფლების ფასზე.
როგორც თავად ამბობს: “მსოფლიო არ იცვლება, თუ პასუხისმგებლობის ტვირთს არ აიღებ საკუთარ მხრებზე.” დღეს აი ვეივეის ხელოვნება გასცდა ჩინეთის საზღვრებს და გლობალურ სიმბოლოდ იქცა იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნებამ დაამსხვრიოს კედლები – როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული მნიშვნელობით.
ბარბარა კრუგერმა რეკლამა ფემინისტურ მანიფესტად აქცია
წარმოიდგინეთ ბილბორდი, რომელიც არა პროდუქტს, არამედ თქვენს ცნობიერებას ყიდის. სწორედ ასეთია ბარბარა კრუგერის სამყარო – წითელწარწერებიანი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც გაფიქრებენ იმაზე, რასაც ყოველდღიურად გვერდს ვუვლით.
კრუგერმა შექმნა უნიკალური ვიზუალური ენა, რომელიც პირდაპირ გვესაუბრება. მისი ნამუშევრები გვიჩვენებს, როგორ ვაშენებთ წარმოდგენებს გენდერზე, იდენტობაზე და ძალაუფლებაზე. ის იყენებს იმავე ვიზუალურ ხრიკებს, რასაც რეკლამები, მაგრამ ნაცვლად პროდუქტის გაყიდვისა, გვაიძულებს დავფიქრდეთ საზოგადოების ღრმად ფესვგადგმულ პრობლემებზე.
1989 წელს მან შექ და თანამედროვე ვიზუალური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.მნა ნამუშევარი, რომელიც ფემინისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა – „შენი სხეული ბრძოლის ველია“. ეს არ იყო უბრალოდ ტრანსპარანტი ვაშინგტონის ქალთა მარშისთვის – ეს იყო მანიფესტი.
დღეს, როცა კრუგერის სტილს ვხედავთ Supreme-ის ლოგოზე თუ Instagram-ის მიმებში, ვხვდებით – მისი ხელოვნება არა მხოლოდ დროული იყო, არამედ დროს გაუსწრო.
ჯენი ჰოლცერა სამთავრობო საიდუმლოებები ხელოვნებად აქცია
წარმოიდგინეთ: შუაღამისას სეირნობთ ქალაქში და უცებ, შენობის კედელზე გასაიდუმლოებული სამთავრობო დოკუმენტების პროექციას ხედავთ. ჰოლცერმა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოიყენა სიტყვის ძალა. მისი სერიები Truisms და Inflammatory Essays – დღეს ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ – გვხვდება მუზეუმების კედლებზეც და პოპ-ვარსკვლავების კაბებზეც.
მაგრამ, 2004 წელს, მან უფრო მაღალ ფსონებზე გადაწყვიტა თამაში. მისი ახალი მედიუმი ეროვნული უსაფრთხოების არქივიდან მოპოვებული გასაიდუმლოებული დოკუმენტები გახდა. 30-ზე მეტი სამთავრობო საიდუმლო აპროექცია მსოფლიოს შენობებზე და საზოგადოებას აჩვენა, რა იმალება ძალაუფლების კულისებს მიღმა.
მისი სერიებით “Top Secret” და “Dust Paintings” კიდევ უფრო შორს წავიდა და ამჯერად, ავღანეთისა და ერაყის ომების დოკუმენტებით, 18 წლის ჯამალ ნასერის ტრაგიკული ისტორიით, ადამიანები აიძულა თვალი გაესწორებინათ იმისთვის, რისი დანახვაც არ სურდათ.
წყარო: magazine.artland