25
Nov
2016

გაიცანით ქართველი მხატვარი, რომელიც გამოფენა ART MONACO-ს გამარჯვებული გახდა

25 Nov 2016

მაიკო ჯიმშელეიშვილი

მაიკო ჯიმშელეიშვილი

ART MONACO პრესტიჟული არტ-ბაზრობაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ მხატვრებსა და გალერეებს აერთიანებს. წელს, ოქტომბერში გამართულ გამოფენას ქართველი მხატვარი და დიზაინერი, მაიკო ჯიმშელეიშვილიც ესწრებოდა, რომელიც 4 მთავრი ჯილდოდან ერთის მფლობელი გახდა. მაიკოსთვის ეს პირველი საერთაშორისო წარმატებაა, თუმცა, 3 შვილის დედა და მაღაზია „ამბიენსის“ მფლობელი, სამომავლოდაც აპირებს სხვა საერთაშორისო არტ-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებას და უახლოეს მომავალში თბილისში საკუთარ გამოფენასაც გეგმავს.

M: მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობთ, რა განათლება გაქვთ მიღებული?

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი (1998-2003წწ). 2009 წელს ლონდონის Central Saint Martin`s college-ში (UAL) გავიარე მოკლე კურსები ფერწერასა და ინტერიერის დიზაინში. გახლავართ მაღაზია “ამბიენსი”-ს მფლობელი. ვარ მეუღლე და სამი შვილის დედა.

ვჯგკვგჰგ

M: რას წარმოადგენს ART MONACO და როგორ გახდით ამ ფესტივალის მონაწილე?

ART MONACO  პრესტიჟული არტ-ბაზრობაა (art fair), რომელიც პრინც ალბერტის პატრონაჟით ყოველწლიურად  ტარდება. გამოფენაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ მხატვრებსა და გალერეებს, საშუალება აქვთ, თავისი ხელოვნება (ნამუშევრები) დამთვალიერებელთა ფართო წრეს გააცნონ, დაამყარონ ახალი კონტაქტები სხვადასხვა გალერეებთან, გაყიდონ ნამუშევრები ევროპაში და ა.შ

არტ-ბაზრობაზე მონაწილეობის მისაღებად შევავსე აპლიკაცია და გავაგზავნე ნამუშევრების ფოტოები. მონაწილეები კომისიის წევრების მიერ აირჩევა და ძალიან გამიხარდა, როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა.

unnamed (1)M: როგორი იყო თქვენი მოლოდინები?

ART MONACO ჩემთვის პირველი საერთაშორისო ღონისძიება  იყო. გამარჯვებულებს შორის ჩემი გვარის გამოცხადებისას  ბედნიერებისგან გული გამიჩერდა, რადგან ამ გამოფენაზე მოხვედრას ისედაც დიდ მიღწევად ვთვლიდი და რაიმე ჯილდოს მიღებაზე საერთოდ არც მიოცნებია.

M: რა ჯილდო მოიპოვეთ?

გამოფენაზე წარმოდგენილ 42 მხატვარსა და გალერეას შორის  ოთხი გამარჯვებული, PRIX d`EXELLENCE გამოვლინდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ ოთხეულში მოვხვდი. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია.unnamed (3)

M: როგორი გეგმები გაქვთ სამომავლო განვითარების მხრივ და კიდევ თუ აპირებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას?

ასეთი ტიპის ღონისძიებები  მთელ მსოფლიოში ტარდება და ზოგი მათგანი ძალიან მასშტაბურია. ჩემთვის ეს, გარკვეულწილად, საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. დიდი სურვილი მაქვს, სხვა, უფრო დიდ ბაზრობებზეც მივიღო მონაწილეობა, როგორიცაა ნიუ-იორკსა (NEW-YORK ART EXPO) და ლონდონში (THE OTHER ART FAIR). უახლოეს მომავალში  ვგეგმავ გამოფენის გაკეთებას თბილისში.

M: რას ურჩევდით სხვა ქართველ ხელოვანებს?

ვთვლი, რომ ჯერ არ მაქვს ისეთი მიღწევები, რომ სხვებისთვის რჩევის მიცემა დავიწყო, თუმცა ვიტყვი მხოლოდ იმას, რისიც მჯერა: – „გაყევი შთაგონებას”.

 

იხილეთ მაიკო ჯიმშელეიშვილის ნამუშევრები

განხილვა