შავ ბაზარზე თუ ვინილების დახლთან ჩაგივლიათ, ქართველი მუსიკოსების ძველ ფირფიტებსაც შეამჩნევდით. საბჭოთა კავშირის დროინდელს. რუსული წარწერებით… თითქოს წარსული გვახსენებს თავს, თუმცა თანამედროვეობაში მისი ადგილი არ მოიძებნება. აქ წარსულის წაშლასა თუ გადახაზვას არ ვგულისხმობთ და ეს არც „არტეფაქტის“ პროექტის ავტორებს აქვთ ჩაფიქრებული. პირიქით, სურთ, შეინარჩუნონ, ხელახლა გაიაზრონ და ღირსეულად დააბრუნონ თანამედროვე სივრცეში. ამიტომაც გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული ვინილების ყდების რესტავრაცია. რუსული წარწერების ქართულით შეცვლა. ყდების შექმნა ახალი, ქართული იდენტობით.
„არტეფაქტი ეძღვნება იმ მუსიკას, რომელიც მაშინ დაიწერა, როდესაც სიტყვის თავისუფლება შეზღუდული იყო, მაგრამ მელოდია თავისუფალი“.
პროექტის ფარგლებში სულ 10 ფირფიტის გარეკანი განაახლეს. პატივი მიაგეს ავტორებსა თუ ეპოქას და აღარც ქართული დამალეს უცხოენოვანი სტრუქტურის მიღმა… „არტეფაქტის“ ავტორები ქართველი სტუდენტები ლუკა მირცხულავა და გიორგი ნოზაძე არიან — „ორი რიგითი სტუდენტი, რომელსაც სურს გარდაქმნას და, ამავდროულად, იდენტობა შეუნარჩუნოს იმას, რაც ქართულია“.
მარკეტერი კი მათ პროექტის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასაგებად გაესაუბრა:
M: მოგვიყევით, როგორ დაიბადა საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული ვინილის ჩანაწერების ყდების რესტავრაციის იდეა?
ლუკა: იდეა 2025 წლის დასაწყისში დაიბადა, როდესაც შავ ბაზარზე შეძენილ დაზიანებულ ფირფიტის ყდებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი მათ რესტავრაციაზე. ეს ჩემს მეგობარს გავუზიარე, რის შემდეგაც მან მომავალი პროექტისთვის სრულიად ახალი ხედვა შემომთავაზა, რომელიც ალბომების ყდის გადაკეთებასა და გათანამედროვებას მოიაზრებდა. ვფიქრობ, ვინილები ის ნოსტალგიური სუვენირია, ხანაც საოჯახო რელიკვია, რომელიც ხშირად დიდი ისტორიის მატარებელიც არის, სწორედ ამის გამო ავირჩიეთ ფირფიტების ყდის გათანამედროვება.
M: როგორც ვიცით, პროექტის ფარგლებში 10 განახლებული ვინილი გამოუშვით, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ისინი?
ჩვენ ავირჩიეთ 10 პოპულარული ალბომი, რომლებიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას ქართველ მსმენელში. ავიღეთ როგორც ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, ასევე სოლისტები, რომლებიც ცდილობდნენ ახალი კულტურის დანერგვას ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში. თითოეული იმ დიდი ეპოქის წარმომადგენელია, რომელმაც ქართული მუსიკა ჟღერადობით გაამდიდრა, იქნება ეს ჯანსუღ კახიძე, ოთარ რამიშვილი, გიორგი ცაბაძე, ჰამლეტ გონაშვილი თუ სხვები.
M: რესტავრაციის პროცესზე რომ გვესაუბროთ… რა შეცვალეთ და რა დატოვეთ ძველი ვინილების დიზაინში?
რესტავრაციის პროცესისას გაჩნდა იდეა, რომ ახალი სიცოცხლე მიგვეცა თითოეული ფირფიტის ყდის დიზაინისთვის, იდეა და ჩონჩხი, რომელიც დედანის ილუსტრაციაში იყო გამოხატული, თითქმის ყველა ალბომში შევინარჩუნეთ, თუმცა ზოგიერთ ნამუშევარს ახალი იდეა მივეცით, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სოლისტსა თუ ანსამბლს. დავურთეთ ფოტომასალები, ახალი ქართული დახვეწილი ფონტების მეშვეობით კი, კიდევ უფრო გავამდიდრეთ დიზაინი.
ფირფიტების განახლებული გარეკანი ქართულსა და ინგლისურს აერთიანებს, როგორც წარსულის პატივისცემას და მომავლისადმი ღიაობას…
M: რა იყო თქვენთვის პროექტზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა?
ყდების საქართველოში დაბეჭდვა, ვინაიდან ჩვენთან ე.წ „ლეიბლი“ არ არსებობს. ქართველი მუსიკოსები ხშირად საზღვარგარეთ ბეჭდავენ ფირფიტებსა და ყდებს, ჩვენ ჩვენივე სახსრებით ვეცადეთ, გამოგვეშვა ყდები, ამოგვეხსნა სპეციფიკა, შეგვერჩია წვრილმანები და შეგვესაბამებინა თანამედროვე ფირფიტების სტანდარტისთვის განსხვავებული ფაქტურით.
M: თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ძველი არტეფაქტების თანამედროვე კონტექსტში გააზრება?
მნიშვნელოვანია პროექტის გადააზრება კულტურულ ასპექტში, რათა გავუწიოთ პოპულარიზაცია იმ დიდ ისტორიას, რომელიც ფირფიტის ზედაპირზეა დატანილი, კიდევ ერთხელ შევახსენოთ და დავაფასოთ ქართველ მუსიკოსთა ნამოღვაწარი, აღვნიშნოთ, რომ მათი ხმა დეკადების გასვლის შემდეგაც მნიშვნელოვანია ქართულ რეალობაში და მთავარი მოტივაციაც სწორედ ყდების თანამედროვე რეალობაზე მორგებაა.
არტეფაქტის საშუალებით გვინდა, მოხდეს იმ ალბომების პოპულარიზაცია, რომლებიც ხშირად დაუფასებელი და მივიწყებულია. ამავდროულად, ამ მიზნით გვსურს, შევქმნათ კიდევ ერთი ათეული ფირფიტის ყდა ახალი, ინოვაციური, ქართული დიზაინით.
M: შესაძლებელი იქნება თუ არა არტეფაქტის პროექტის ფარგლებში შექმნილი ვინილების შეძენა?
დიახ, ამ ეტაპისთვის ყდების შეძენა სოციალური პლატფორმების (Facebook, Instagram) მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
პროექტი „არტეფაქტი“ დღის სინათლეს პირველ ივნისს იხილავს.
ავტორი: მაკუნა ჯუღელი