როგორც ჩანს, სპორტის სამყაროში რობოტების ადგილიც გამოინახა — კერძოდ, ერთი ჰუმანოიდი რობოტი უკვე ემზადება 2023 წლის RoboCup-ში მონაწილეობისთვის. შემქმნელებმა ARTEMIS იმისთვის გაწვრთნეს, რომ შეეძლოს სიარული, ახტომა და სირბილი. ამ მახასიათებლების ერთიანობით კი თავისუფლად შეუძლია ფეხბურთის თამაშიც.
ივლისში რობოტი ბორდოში გაემგზავრება, სადაც მატჩში საკუთარ სპორტულ შესაძლებლობებს გამოავლენს. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიება 1997 წლიდან იმართება, რობოტები სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუმცა „არტემისი“ პირველად მიიღებს მასში მონაწილეობას.
შექმნილია, როგორც ზოგადი დანიშნულების რობოტი, რათა არათანაბარ რელიეფზე თავისუფლად იმოძრაოს. თანაც, დროიდს სხვა ყველა ვერსიისგან ბიოლოგიური კუნთების მიხედვით შექმნილი ამძრავები გამოარჩევს. მაშინ, როცა რობოტების უმეტესობა ხისტი, კონკრეტული პოზიციებით კონტროლირებადი ამძრავებითაა შემუშავებული, ARTEMIS კი მეტი თავისუფლებითა და ადამიანის მსგავსი მოძრაობებით გამოირჩევა.
ამავდროულად, რობოტის ფეხებზე განთავსებულია სპეციალური სენსორები, რათა სიარულის, ახტომისა და სირბილის დროს ბალანსი კარგად დაიცვას. ამას ემატება საორიენტაციო სისტემა და თავის ნაწილში დამონტაჟებული კამერები, გარშემო არსებული ობიექტების აღსაქმელად.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ARTEMIS „ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოსიარულე რობოტია მსოფლიოში“, Boston Dynamics-ის Atlas-ის შემდეგ.