17
Apr
2018

17 წლის ანა გიორგაძის „არტემისია“ და სამკაულები, რომელიც ცნობილმა ნახატებმა „მოირგეს“

17 Apr 2018

Startauperi
Startauperi


ანა გიორგაძე 17 წლის აბიტურიენტია, რომელმაც ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი – „არტემისია“ შექმნა. ანა ბავშვობიდან ხატავს, დაინტერესებულია ხელოვნებით და მანამ, სანამ არქიტექტურის, ასევე, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ისწავლის, ბეჭდების, საყურეებისა და სამაჯურების მინერალური ქვების გამოყენებით დამზადება გადაწყვიტა. გეგმავს როგორც პროდუქციის არჩევანის გაფართოებას, ასევე, სოციალური ქსელების გარდა, სხვა სარეალიზაციო არხების მოსინჯვასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქციის წარმოასაჩენად ხშირად იყენებს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს. როგორია „არტემისიას“ წარმომავლობა და კონცეფცია – ამ საკითხებზე ანა თვითონ გვესაუბრა:

ანა გიორგაძე

M: რატომ „არტემისია“?
ყველას აქვს თავისი ვარიაცია, თუ რატომ დავარქვი ბრენდს „არტემისია“. ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის არტ მისია, ასეც შეიძლება ითქვას, თუმცა, ეს არის არტემიდას, ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთის ბერძნული სახელი. გარდა ამისა, არტემისიას აღვიქვამ, როგორც კუთვნილების აღმნიშვნელს.

M: რატომ გაგიჩნდა იდეა დაგეწყო ეს საქმიანობა?
ძალიან დიდი ხანია ვხატავ და ვაკეთებ მინანქარსაც. დავიწყე ბუნებრივი ქვებით სამკაულების კეთება ჩემთვის, მაგრამ, მერე ხალხის ინტერესი წამოვიდა – უცხო ადამიანები ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, თუ სად შევიძინე სამკაული, რომელიც მეკეთა. მეგობრებიც ხშირად მეუბნებოდნენ, შეკვეთებს რატომ არ იღებ, ან რატომ არ ყიდი შენს ხელნაკეთ სამკაულებსო. ამიტომ, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ფეისბუკ გვერდი, სადაც მექნებოდა ჩემი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა.

პაბლო პიკასოს Portrait of Señora Canals და ამადეო მოდილიანის Seated Algerian Almaiisa „არტემისიას“ საყურეებით. 

M: რით განსხვავდება „არტემისია“ სხვა ხელნაკეთი სამკაულების სტარტაპებისგან? როგორია მისი კონცეფცია?
მთავარი კონცეფცია არის ის, რომ ეს საკმაულები არის განსხვავებული და მზადდება ნატურალური, მინერალური ქვების გამოყენებით. არც ერთი მათგანი არ არის ერთმანეთის ანალოგიური, ჰგავს, მაგრამ არ იმეორებს ფორმას. გამოდის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც შეუკვეთავს ჩემთან სამკაულს, განსხვავებულ, ინდივიდუალური დიზაინის აქსესუარს მიიღებს. გარდა ამისა, პროდუქციის დიზაინი მთლიანად ჩემია და არ მაქვს სხვისგან აღებული. „არტემისია“ ძალიან განსხვავებული და ინდივიდუალურია. ვფიქრობ, რომ მთავარი უპირატესობა სწორედ ეს არის.

Henri de Toulouse-Lautrec-ის ნახატები, რომლებმაც არტემისია „მოირგეს“.

M: როგორც ფეისბუკ გვერდიდან ვხედავთ, გარდა იმისა, რომ პროდუქციის წარმოსაჩენად ხშირად იყენებთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, ასევე, გაქვთ სპეციალური აღწერა, თითოეული სამკაულისთვის. რატომ შეარჩიეთ მომხმარებელთან კომუნიკაციის ეს ფორმა? 
დიახ, ვცდილობ მოვიძიო სამკაულში გამოყენებული ქვის თვისება, ასევე, მივაწოდო ინფორმაცია მათ, ვინც დაინტერესებულია ზოდიაქოთი. მომხმარებელს, ქვის თვისებებისა და ზოდიაქოს მიხედვით შეუძლია აარჩიოს კონკრეტული სამკაული, რომელიც შეეფერება და მოსწონს. გარდა ამისა, თვითონაც ძალიან მომწონს ქვებთან დაკავშირებული ლეგენდების პოვნა,  რომელსაც აღწერად ვურთავ ხოლმე, რადგან ყველაფერს აქვს რაღაც დასაწყისი და შესაბამისად, ისტორია. ბერძნული მითოლოგია ამაში ძალიან მეხმარება.

M: როგორი საფასო და სარეალიზაციო პოლიტიკა გაქვს, ასევე, რას უნდა ველოდოთ მომავალში, „არტემისიასგან“?
გარდა იმ პროდუქციისა, რამ ამ მომენტისთვის მაქვს, ვაპირებ სამაჯურების დამატებას, ასევე, კულონების. გარდა ამისა, ძალიან მინდა გავაკეთო ბროშები. ვფიქრობ, „არტემისიას“ ამჟამინდელი ფასები არის ძალიან რეალური – ყველაზე მაღალი ფასი არის 35 ლარი. პროდუქციის შესაძენად შეუძლიათ შემოვიდნენ ჩემს ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზე. სამომავლოდ კი, ვაპირებ, რომ რამდენიმე მაღაზიაში შევიტანო ჩემი ხელნაკეთი პროდუქცია.

განხილვა