in

არტიატო – სამგანზომილებიანი ქანდაკების დასამზადებელი ნაკრები

Startauperi
Startauperi

საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. ჩვენ ყოველთვის გვსურს, ჩვენი საჩუქარი გამორჩეული და შთამაგონებელი იყოს. მით უმეტეს ახლა, როცა წინასაახალწლო პერიოდია და ყველა საჩუქრის ძიებაშია, ახლადშექმნილი სტარტაპი “არტიატო” სწორედ რომ ასეთ საჩუქარს სთავაზობს მომხმარებლებს. ეს არის სამგანზომილებიანი ქანდაკების დასამზადებელი ნაკრები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თავს შემოქმედად აგრძნობინებს. ამ წამოწყების შესახებ ჩვენ მის დამფუძნებლებს, სანდრო გურჩიანსა და ლიკა იმნაძეს გავესაუბრეთ:

M: საიდან გაჩნდა იდეა, დაგეწყოთ ეს საქმიანობა?

სანდრო გურჩიანი: ამ საქმიანობის საქართველოში დაწყება იდეის დონეზე გაგვიჩნდა რამდენიმე წლის წინ საზღვარგარეთ ცხოვრების დროს. ჩვენი მეგობრები მუშაობდნენ კომპანიაში, რომელიც ბევრ სხვა პროდუქტთან ერთად ყიდდა აგრეთვე ქანდაკების დასამზადებელ მასალების ნაკრებსაც. პროდუქტმა დაგვაინტერესა, თუმცა არ მოგვეწონა არც ბრენდინგი და არც – მომხმარებლებთან კომუნიკაციის ფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე გვქონდა შესწავლილი პროდუქტი და იდეის განხორციელებასაც არაფერი ედგა წინ, იდეა დარჩა იდეად საქართველოში დაბრუნების შემდგომაც (როგორც ხდება ხოლმე). თუმცა, წელს მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ,,არტიატო’’, ჩაგვედო ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება მარკეტინგსა და ლოჯისტიკაში და ხარისხიანი/კრეატიული პროდუქტი მიგვწეოდებინა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.

M: რა არის არტიატო და კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებლებს? 

ლიკა იმნაძე: „არტიატო“ არის ქანდაკების დასამზადებელი მასალების ნაკრები, რომელიც თავს ნამდვილ შემოქმედად გაგრძნობინებს. ნაკრებში მოცემული პროდუქტებით მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას თავისი ხელების ზუსტი ასლი ქანდაკების სახით. პროცესი მარტივია და არ მოითხოვს პროფესიულ უნარებს. ნაკრებს მოყვება დეტალური წერილობითი და ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც საუკეთესო შედეგის გარანტიაა. ქანდაკება სრული სიზუსტით გადმოსცემს ხელის ყველა დეტალს, დაწყებული კანის რელიეფით, დამთავრებული თითის ანაბეჭდით.

მომხმარებელს ვთავაზობთ ინოვაციურ პროდუტს, რომელიც არასდროს ყოფილა ქართულ ბაზარზე, აგრეთვე კრეატიულ საჩუქარს, რაც საყვარელ ადამიანს აუცილებლად დაამახსოვრდება.

M: რა უპირატესობით გამოირჩევა ეს პროდუქტი? რისი შექმნაა შესაძლებელი მისით?

ს.გ: ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მარტივად გახდნენ ,,კრეატორები“, შექმნან და დაიმახსოვრონ ცხოვრების საუკეთესო მომენტები ხელის ჩაჭიდებით, რომელიც ფიზიკური სახით მუდამ იარსებებს და ყოველ დანახვაზე ბედნიერ დროს გაახსენებთ.

არტიატო უნივერსალური პროდუქტია, მისი გამოყენება ყველას შეუძლია – არ აქვს არც ასაკობრივი და არც სქესობრივი შეზღუდვა. ქანდაკების შექმნის პროცესი ისეთივე სახალისოა პატარებისთვის, როგორც ახალგაზრდებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვის.

ქანდაკების დიზაინი დამოკიდებულია მომხმარებლის ფანტაზიაზე, რადგან ნებისმიერი ფორმის ქანდაკების შექმნაა შესაძლებელი. ბევრი კრეატიულადაც უდგება, იყენებენ სამკაულების ზარდახშად, სანთლის სადგამად, საყვავილე ქოთნად ან გასაღების ჩამოსაკიდად. ასე რომ ამ კუთხით ჩვენი მომხმარებლები შეზღუდულები არ არიან.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ საყალიბე ფხვნილი ანტიალერგიული და სრულიად უსაფრთხოა, ამიტომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია.

M: როგორ ფიქრობთ, რატომ არის ბაზარზე არტიატოს არსებობა საჭირო? 

ლ.ი: ქართველი მომხმარებელი იმსახურებს მრავალფეროვან არჩევანს. ,,არტიატო’’ არ ჰგავს არც ერთ სხვა პროდუქტს, ამიტომ ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა ვიარსებოთ ბაზარზე და კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ ეს მიმართულება.

მალე ახალი წელი მოდის და ყველა ორიგინალური საჩუქარის ძიებაშია, არტიატო ის შემთხვევაა, როდესაც საჩუქარი ლამაზიც არის, კრეატიულიც და სიმბოლურიც.

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის/რომელი სეგმენტისთვისაა არტიატო?

ს.გ: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არტიატო არის ყველასთვის, პირველ რიგში ადამიანებისვის, ვისაც გინდა, რომ დაუვიწყარი მოგონებები დარჩეს შენგან ან შენთან ერთად.

ჩვენს ნაკრებს ჩუქნიან: მშობლებს, რომ მათი ხელები მუდამ დარჩეთ სამახსოვროდ; მეორე ნახევარს – რომ სიყვარული ერთმანეთისადმი ჩაჭიდებული ხელებით გამოხატონ; საუკეთესო მეგობრებს, ვისთანაც ბედნიერი მომენტების გაზიარება სურთ; ბავშვებს, რადგან პატარები პროცესში ძალიან ერთობიან, კულმინაცია კი ქანდაკებისთვის გარსის შემოცლაა, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. ბევრი საკუთარ თავს ჩუქნის, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არტიატოს გამოყენენება ძალიან პრაქტიკულადაა შესაძლებელი.

ვეცადეთ, პროდუქტი მიგვეწოდებინა ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მისაღებ ფასად; ამჟამად გათვლილია საშუალო სეგმენტზე, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ, რომ პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის.

M: რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი წამოწყება?

ლ.ი: თვენახევარია, რაც გავეშვით, ცხადია ,რომ განვითარების ეტაპზე ვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ სწრაფად ვიხვეწებით და ვვითარდებით. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მომხმარებლებზე ორიენტირებულები ვიყოთ და მოვერგოთ მათ მოთხოვნებს.

რამდენიმე ცვლილება უკვე გვქონდა, გავზარდეთ პატარა ნაკრების ზომა და ახლა უკვე ორ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია პატარა ნაკრებით ქანდაკების დამზადება, შევცვალეთ გარე დიზაინი და გავხადეთ საახალწლო.

გვაქვს სწრაფი მიწოდების სერვისი, ჩვენი მომხმარებლები ნაკრებს შეკვეთიდან 2 დღის განმავლობაში იღებენ მისამართზე (ძირითადად, მეორე დღესვე).

 M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

ს.გ: უახლოეს მომავალში გაეშვება ჩვენი ონლაინ შოფი, რომელიც უკვე სატესტო რეჟიმშია და მომხმარებლები მალე პირდაპირ ვებ გვერდიდან შეძლებენ ნაკრების შეძენას.

სამომავლოდ ვგეგმავთ უკვე არსებული ნაკრებებების დახვეწას და პროდუქციის გაფართოებას. უამრავი იდეა გვაქვს და უკვე აქტიურად ვმუშაობთ მათ განსახორციელებლად.

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი – სხეულისა და გონების სიახლოვე

ახალი ტექნოლოგია ჩვენი ყურის “მოსატყუებლად”