მცირე წარმოების მეღვინეობა Artizani 2015 წელს, სამმა მეგობარმა – სალომე ანდრაზაშვილმა, ირაკლი გვარამიამ და დათა მგელაძემ შექმნა. მათი მთავარი ღირებულება ღვინის ნატურალური გზით დაყენებაა, რომელიც ითვალისწინებს მინიმალურ ტექნოლოგიურ ჩარევას და უარის თქმას ყველანაირ ქიმიურ ან თუნდაც, ბუნებრივ დანამატზე. დღეისათვის, კომპანია ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს – საფერავსა და საფერავის როზეს. „არტიზანის” გუნდი მიიჩნევს, რომ ვენახის მიკროზონა დიდ გავლენას ახდენს ღვინის არომატზე; ამიტომაც, მათ შეარჩიეს ხაშმი, ყარაბულახის ვენახები, სადაც საფერავის ყურძენი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატულობით. დღეისათვის, კომპანია ხაშმის საფერავის ექსპორტს ბელგიაში ეწევა, აქვს შემოთავაზებები სკანდინავიური ქვეყნებიდანაც, თუმცა, წარმოების რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, სრულად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. გარდა ამისა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღვინის მოყვარულთა საზოგადოების საიტსა და ღვინის ყველაზე დიდ ბიბლიოთეკა vivino.com-ზე, რომელსაც 24 მილიონი მომხმარებელი ყავს, „არტიზანი” საუკეთესო ღვინოების ჩამონათვალში გვხვდება. „არტიზანის” ღვინის დამზადების სპეციფიკაზე, მეღვინეობით დაინტერესების მოტივებსა და სამომავლო გეგმებზე მისი ერთ-ერთი შემქმნელი – სალომე ანდრაზაშვილი გვესაუბრა:
M: როგორ შექმენით „არტიზანი”, რა საჭიროება არსებობდა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე და რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი მეღვინეობის მიმართ?
ამ საქმიანობაში გაგვაერთიანა საერთო ინტერესმა, ნატურალური ღვინის მიმართ. ქართული ღვინო ყოველთვის ცნობილი იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ამოცანად დავისახეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლა და მათი დასავლელი მომხმარებლისთვისაც გაცნობა. ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა კი ნატურალური ღვინის დაყენებაში დავინახეთ. ინტერესი ღვინის მიმართ რამდენიმე წლის წინ, ესპანეთში მაგისტრატურის გავლისას გამიჩნდა. ესპანეთში ნატურალური ღვინის მრავალფეროვნების ნახვის შემდეგ, მივხვდი ქართული ღვინის პოტენციალს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დავიწყე ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესწავლა და მივხვდი, რომ სიმდიდრე არა მხოლოდ ქვევრში დაყენების მეთოდი, არამედ ქართული ჯიშების უნიკალურობაა.
M: რა არის „არტიზანის” უპირატესობა სხვა ქართულ მეღვინეობებთან მიმართებაში?
დღეს ბაზარზე ბევრი მცირე მარნის ღვინოა წარმოდგენილი და დიდი წილი, სწორედ რომ, საფერავზე მოდის. ჩვენ, ბევრი მეღვინეობისგან იმით განვსხვავდებით, რომ საერთოდ არ ვიყენებთ გოგირდს, არც დაღვინების და არც ბოთლში ჩამოსხმის პროცესში, რაც იაშვიათი პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ისეთი ღვინის მიღება, რომელიც კენკრის არომატებითაა მდიდარი და კარგად გამოხატავს როგორც ხაშმის ტერუარს, ასევე, საფერავის ჯიშურ არომატს.
M: რატომ შეარქვით ბრენდს „არტიზანი” და როგორია ბრენდინგის სპეციფიკა?
ბრენდის სახელწოდებაზე საკმაოდ მარტივად შევთანხმდით, რადგან ის იდეალურად შეეფერებოდა ჩვენი საქმიანობის მოდელს. “არტიზანი“ ფრანგული სიტყვაა და ქართულად ისეთ ოსტატს ნიშნავს, ვინც ნამუშევრებს ხელით ქმნის. ჩვენთანაც ყურძნის დაკრეფიდან ჩამოსხმამდე, თითოეული პროცესი ხელით, მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით ხდება. რაც შეეხება ბრენდინგს, ყოველი წლის მოსავლის ღვინო, სახელს იღებს თავისი არომატული და გემოვნური მახასიათებლების მიხედვით; მაგალითად: საფერავი 2015 “კენკრის ტყე“.
M: როგორია „არტიზანის” ღვინის დამზადების სპეციფიკა?
ღვინის ნატურალური წესით დაყენება ითვალისწინებს მინიმალურ ტექნოლოგიურ ჩარევას და უარის თქმას ყველანაირ დანამატზე, მათ შორის გოგირდზეც. შესაბამისად, ჩვენი ტექნოლოგია რთველის დღის სწორ განსაზღვრას, ყურძნის დაჭყლეტვის მეთოდის და ჭაჭა/კლერტის პროპორციის შერჩევას მოიაზრებს – ეს პარამეტრები კი ყოველი მოსავლისთვის სხვადასხვაა. ჩვენი ამოცანა არ არის ყოველ წელს ღვინის ერთნაირ გემოვნურ თვისებებამდე დაყვანა – ვცდილობთ, ყოველთვის ჩავწვდეთ მოსავლის თავისებურებებს და მცირე ექსპერიმენტებიც ჩავატაროთ.
M: როგორც ვიცით, ეწევით ხაშმის საფერავის ექსპორტს ბელგიაში. წარმოების ასეთ მცირე დროში, როგორ მიაღწიეთ ღვინის ექსპორტზე გატანას და თუ გეგმავთ სხვა ქვეყნებშიც გახადოთ ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქტი?
ვინაიდან დათა ბელგიაში ცხოვრობს, პირველი, ქვეყნის საზღვრებს გარეთ ღვინის დეგუსტაცია, სწორედ, ბელგიაში მოვაწყვეთ. როგორც აქამდე აღვნიშნე, ჩვენი სეგმენტი ნატურალურ ღვინოში სპეციალიზებული მაღაზიები და ბარები იყვნენ. ამ დეგუსტაციის შემდეგ, მივიღეთ ჩვენი პირველი ექსპორტის შეკვეთა და რამდენიმე თვის წინ, „არტიზანი” ბრიუსელს ესტუმრა. წელს, დიდი მოთხოვნა გვქონდა როზეს სკანდინავიაში გატანაზე, მაგრამ ჩვენი წარმოება იმდენად მცირე იყო, რომ გადავწყვიტეთ წელს როზე მხოლოდ საქართველოს ბაზარზე დაგვეტოვებინა. სამომავლოდ, წარმოების ზრდასთან ერთად, ამ მიმართულებით გააქტიურებასაც ვგეგმავთ.
M: როგორი საკომუნიკაციო სტრატეგია გაქვთ? რა ღირს „არტიზანის” ღვინო და სად შეიძლება მისი შეძენა?
საქმიანობის დაწყებისას, ბევრს ვფიქრობდით საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მიგვეწოდებინა „არტიზანის” ღვინის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისათვის. თუმცა, ახალი ღვინის ფესტივალმა ძალიან გაგვიადვილა პოტენციურ მომხმარებლებთან დაახლოება. ამ ივენთის შემდეგ, პირდაპირ დავიწყეთ ღვინის რეალიზაცია ღვინის ბარებსა და მაღაზიებში (G-vino, Wine Gallery, BQ Wine Bar და ა.შ.). სწორედ, ასე დაიწყო არტიზანის ისტორია და რამდენიმე თვეში უკვე არა მხოლოდ ქართველი მომხმარებლები, არამედ უცხოელებიც (არგენტინა, სინგაპური, ა.შ.) გვიზიარებდნენ დადებით შთაბეჭდილებებს ჩვენს საფერავზე, Facebook-ის საშუალებით. რამდენიმე კვირის წინ, ჩვენგან დამოუკიდებლად, არტიზანი Vivino-ზეც აღმოვაჩინეთ საუკეთესო ღვინოებს შორის (https://www.vivino.com/search/wines?q=artizani). ჩვენი ღვინის სარეალიზაციო ფასი იწყება 30 ლარიდან.
M: რა მიმართულებით გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
ჩვენს გეგმებში არ შედის არტიზანის წარმოების მასშტაბური ზრდა. ჩვენი მთავარი ღირებულება, ღვინის დაყენება მინიმალური ტექნოლოგიური ჩარევით, ყოველთვის დარჩება ჩვენს მთავარ ფასეულობად. შესაბამისად, გრძლევადიან პერიოდში, ჩვენი მისწრაფებაა ყოველწლიურად ექსპერიმენტული, ახალი ტიპის ღვინის დამატება და ექსპორტიორი ქვეყნების რაოდენობის ზრდა.