„გამოფენა გაიხსნა ამა წლის 25 ნოემბერს, ლონდონში, ფოტოგრაფთა ასოციაციის გალერეაში. ორსართულიან დარბაზში ოცდათერთმეტი ნამუშევრის სანახავად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველა ულოცავდა მორიგ გამარჯვებას ქართველ ფოტოგრაფს, ბესო უზნაძეს, რომელმაც წელს, ბრიტანეთის ფოტოგრაფიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა სერიისთვის „თბილისური პორტრეტები“. ეს ბესო უზნაძის პირველი სოლო გამოფენა იყო“, – წერდა ანა კორძაია-სამადაშვილი „ცხელი შოკოლადისთვის“, 2008 წელს.
და რომ არა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი, ალბათ, ვერც გავიგებდით ამ ჯილდოს შესახებ. იმიტომ, რომ ასეთ რაღაცებს ბესო არ გვიყვება. კი, სადღაც მისი ნამუშევარი მოეწონათ, სადღაც გამოარჩიეს… თუმცა, „ჯერ არ შემიქმნია ის საუკეთესო. რაღაცა ზღვარზე მივდივარ… ჩემზე იმედებს ამყარებენ, რომ წარმატებას მივაღწევ. მერე უცებ, მე ბოლომდე მოლოდინებს აღარ ვამართლებ, იქაურობას ვტოვებ და მივდივარ“, – ბესო უზნაძე.
სულ ასე ცხოვრობს… სპორტის თითქმის ყველა სახეობაზე იარა, უნივერსიტეტში ფაკულტეტები, შემდეგ პროფესიაც შეიცვალა. მერე, სამშობლოდან ინგლისში გადაბარგდა, ყველაზე ძვირფასი უკან მოიტოვა, ნოსტალგიას ეომა. თუმცა, გადარჩა. თავისუფლება იგემა და დღეს, ამას ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს, როცა უკვე ინგლისელის ეროვნებით, თბილისს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობს. „ინდივიდუალურობა მეკარგება თითქოს და მასის ნაწილი ვხდები. ჰაერიდან იწამლები… მეზობლები, პოლიტიკა… და რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ შემისრუტოს ამ ყველაფერმა…“ თუმცა კი, საქართველო უყვარს.
ბესო ძველ თბილისში, ვორონცოვზე გაიზარდა. ეზოში, სადაც მისი ფანჯრები ალუბლის ხეებსა და კრამიტებიან სახურავებს გადაჰყურებდა. და ხატავდა თავისთვის, როგორც ყველა ბავშვი. არც ვინმე ჰყოლია ხელოვანი და არც არავის უთქვამს, კარგად გამოგდისო ეს საქმე… ერთ მხატვარ მეზობელს, გადაკვრით აღუნიშნავს მისი ნიჭი, თუმცა ამისთვის მნიშვნელობა არავის მიუნიჭებია. კიბერნეტიკის – გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად, უნივერსიტეტის სახალხო თეატრში მსახიობობამ გაიტაცა და ამას ფაკულტეტის შეცვლაც მოჰყვა. საინჟინრო ეკონომიკაზე გადავიდა, რადგან მსახიობობა თუ გინდა, კიბერნეტიკაზე არაფერი გესაქმებაო, უთხრეს და გამოუშვეს.

ფოტოგრაფია კი, სრულიად შემთხვევით შემოიჭრა მის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ მაშინ, ეს დარგი ხელოვნებადაც რომ არ მიიჩნეოდა, მეგობრის, გუგა კოტეტიშვილის რჩევით, შემდეგ კი დაჟინებით, დათო ცხადაძის ფოტოსკოლაში მივიდა. „ყველაფერი ერთმანეთზე რომ მძივივით აეწყობა, ეგ დამემართა. ვიპოვნეთ ეს სკოლა და დოკუმენტური ფოტოს სწავლა დავიწყე. იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე პორტრეტები გამომდის. რაღაცას ინტუიტურად რომ აკეთებ. აი, სუნთქვა რომ გჭირდება, ხომ არ ფიქრობ ამაზე და ინსტინქტურად აკეთებ, ზუსტად ასე იყო ფოტოგრაფიის შემთხვევაშიც. გამომდიოდა და ყველაზე მეტად ეგ მანიჭებდა სიამოვნებას. ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანებთან კონტაქტი მომწონდა“. ეს იყო 90-იანების მიწურულს, ბესო რომ 30 წლის იყო. სტუდენტობა დიდიხნის გავლილია. ქვეყანაში კი, შიმშილი, უმუშევრობა და როგორც თავად იტყოდა, სიკვდილია.
2000 წელს, ინგლისში წავიდა. იმიტომ, რომ უნდოდა, უფრო მეტი ესწავლა, მეტი ენახა. „ბუნებრივია, ამის საშუალება მომეცა და პირველივე შანსი გამოვიყენე“. „ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯში“ ჩააბარა, სპეციალობა – პროფესიული ფოტოგრაფიის პრაქტიკა, და დიპლომი ფოტოჟურნალისტიკაში დაიცვა. დიპლომი დიდი გამარჯვება იყო: „სოფლები, რომლებიც ქრება“, „სანდეი თაიმსმა“ გამოაქვეყნა“. როგორც ასწავლიდნენ, ჯერ ამბავი უნდა მოეფიქრებინა და მერე გადაეღო ფოტოები. თუმცა, ის სულ პირიქით აკეთებდა: „ვიღებდი, ვიღებდი, და შემდეგ, ისინი მკარნახობდნენ განწყობას, მათთან მქონდა დიალოგი და ასე ვაწყობდი ამბავს“.
2015 წლამდე, ძირითადად, ფოტორეპორტაჟებსა და სერიებზე მუშაობდა: 2B, In The Mood for Love, Don’t Wake Me, Tbilisi Portraits, Georgians in UK, Broadway Market. გამოფენები ჰქონდა ლონდონში, თბილისში, პარიზში, რომში, მოსკოვში, სტამბულში, ნიუ-იორკში, პეკინში…მისი მამოძრავებელი ძალა კი: სევდა, ბედნიერება, სიყვარული, განშორება, სექსი, სიკვდილი, შიში… კატაკლიზმებია. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ხშირად, უბრალოდ, ინსტინქტებს მიჰყვება. „მე იმ საზოგადოებიდან ვარ, სადაც სექსუალობა და სიშიშვლე ტაბუ იყო. შეიძლება, ეს ჩემი პროტესტის, ამბოხის გამოხატვის საშუალებაც იყო“.
პროექტებში ერთსა და იმავე ადამიანებს იყენებს: ნათესავებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ხანდახან, უცხო ადამიანებსაც. სულ რაღაც ამბავს ჰყვება, უფრო ხშირად, საკუთარ განცდებზე. მისი ყველა ნამუშევარი ძალიან პერსონალურია. „ეგოისტურიც კი. აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტს ვყვები, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვიღებ. იმიტომ, რომ იმ ადამიანების საშუალებით, ვცდილობ, სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულება აღვწერო. და მემგონი, ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი შინაგანი ემოციებისა და ენერგიისთვის გამოსავალი ვიპოვნე. მე მათგან გათავისუფლება შემიძლია. არ ვიცი, რას ვაკეთებ, მაგრამ რასაც ვქმნი, შიგნიდან მოდის და ეს ძალიან მსიამოვნებს“. თუმცა, რაღაც პერიოდი ფიქრობდა, რომ საკუთარი თავი ამოწურა. ვერაფერს ახალს ვეღარ ქმნიდა და პროექტებში საკუთარ თავს იმეორებდა. ასე მიაგნო, 2016 წელს, აპროპრიაციის მეთოდს ხელოვნებაში, მისთვის ახალ მედიუმს, ფოტოკოლაჟის სახით. „ამას სახელი აქვს? არ ვიცოდი, რამე თუ ერქვა“. თავის ფოტოებს ერთმანეთს ადებდა და ამ ფენების შერწყმით, ერთ მთლიანობას ქმნიდა.
„ჩემმა მეგობარმა, ფოტოშოპში ორი კადრი ერთმანეთს დაადო. მერე ერთი გამჭვირვალე გახადა ისე, რომ მეორე ფოტოდან რაღაც ნაწილი გამოჩნდა. გავგიჟდი, ისე მომეწონა. ზაფხულში, ბორჯომში რომ ვისვენებდი, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა და უცებ, ჩემი ფოტოები ერთმანეთზე დავიტანე. რაღაცები მოხდა: ადამიანი ძაღლს დაემსგავსა, მერე პირიქით და ძალიან კარგი სათამაშო ამბავი გამოდგა. ლამაზი იყო, თუმცა იმის განცდა არ მქონდა, რომ რაღაც ფასეული გამოვიდა. „გავაფეისბუკე“ და ხალხს მოეწონა. მერე მეორე გავაკეთე და უკვე ღრმად შევედი ამ ამბავში“. ინგლისში, რამდენიმე ჟურნალიდან მიაკითხეს და ფოტოები დაუბეჭდეს. მერე ნამუშევრები გაიყიდა. „ძალიან მიკვირდა, ფოტოშოპს ეს ფუნქცია ხომ დიდი ხანია, აქვს და ყველას შეუძლია, აკეთოს?! მითხრეს, რომ ამის მცდელობა ბევრს ჰქონდა, თუმცა მათგან განსხვავებით, მე შევძელი, რომ ამ ექსპერიმენტიდან, რაღაც საინტერესო გამოსულიყო“.
„კომერციალიზაცია ხელოვნებაში რამდენად მნიშვნელოვანია? – აუცილებელია. ფოტოგრაფიაში ჩიხში შევედი, იმაზე მეტი მინდოდა, ვიდრე ვახერხებდი და რაღაც უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის. ესაა ჩემი საქმე, ჩემი პროფესია და მე ამით ფულიც უნდა ვიშოვნო. თუმცა, პირველ რიგში, თვითგამოხატვისთვის ვქმნი. მომწონს, როცა მეუბნებიან, რას გრძნობენ, მსიამოვნებს, როცა ვუყურებ ნამუშევრებს. და წარმოიდგინე, რა მაგარია, როცა შენ მიერ გამოხატულ ემოციაში ადამიანი რაღაც ბმას, უხილავ ძაფებს, საკუთარ თავს, საკუთარ ემოციას აღმოაჩენს?!“
მერე უკვე კონფლიქტში მოვიდა ციფრულად შექმნილსა და იმავე, დაბეჭდილ ფოტოებს შორის. ქაღალდზე ვერ აისახა ის, რაც უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ფოტოები ტილოზე დაბეჭდა და აქ უკვე ზემოდან მუშაობის პრაქტიკა შემოიჭრა: ფანქრით, ზეთებით… „წარმოდგენა არ მაქვს, რას ვხატავ. ორ ტილოს დავაგდებ იატაკზე. ერთი ტილო რომ ისვრება, შეიძლება გაჟონოს და მეორეზე გადადის ლაქა. აი, ის ლაქა არის ამოსავალი წერტილი. აქედან ვიწყებ აგებას. მერე გავუსვამ მეორე ხაზს. ოღონდ, არ ვიცი, ამან შეიძლება, დამღუპოს, ან არ დამღუპოს“.
„მაგრამ ჟინი ამისი, მოთხოვნილება, იცი, რამხელაა? – ვერ ვჩერდები. ამ ხაზის გასმაში, დაუჯერებლად შეიძლება, მოგეჩვენოს, მაგრამ ვოფლიანდები… იმდენად ემოციურია, მუსიკასავითაა… ხანდახან, არც ვუყურებ, რას ვაკეთებ. ტვინს ვთიშავ და ხელს თავისუფლებას ვაძლევ. ფერსაც ხომ ტყუილად არ ადებ. თითოეული ფერი ემოციაა და გგონია… მოკლედ, ვერ ვხსნი. უბრალოდ, მინდა, მომწონს და ვაკეთებ… თუმცა, თითოეული ტილო იმხელა ენერგიის მატარებელია, უნდა გავიდეს ჩემი სახლიდან. იმიტომ, რომ მათთან ერთად ვეღარ ვეტევი და ვშფოთავ“.
დღეს ფოტოს აღარ იღებს. სულ ხატავს. „ერთი მეგობარი მყავდა, რომელმაც არაერთხელ სცადა, ჩემთვის ოპერა შეეყვარებინა. ბოლოს, ნიუ-იორკში, სახელიც კი არ მახსოვს, რაზე ვიყავით და წარმოდგენა რომ მორჩა, მითხრა, „ჩემი მცდელობები აქ დამთავრდა, მივხვდი, ვერაფრით მოგაწონეო“. გავიდა რამდენიმე წელი, ჩემს სახლში შემოდის და ვუსმენ ოპერას… ჩემთან მუდმივი არაფერია. დინამიკაა, სულ.
„ახლა ლონდონში ვცხოვრობ. ვხატავ. აქ სულ თავის ძიებაში ვარ. შარშან იყო „ყვავილების სერია“ და მეგონა, რომ თავი ვიპოვნე, თუმცა დღეს, თავიდან ბოლომდე, აბსტრაქციაში ვარ გადამხტარი. დღეს აქ ვარ, ხვალ რა დამემართება, არ ვიცი…“
15 დეკემბრამდე, გალერეა Project ArtBeat, ინგოროყვას #14-ში, ბესო უზნაძის დიდი ფორმატის აბსტრაქტული ნამუშევრების პირველ გამოფენას Inside Out წარმოგვიდგენს.
ავტორი: თიკა გეგენავა