in

ArtOa.io – კედლის ხელოვნების ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში

ახალი სტარტაპი კედლის მხატვრებს დამკვეთებთან დააკავშირებს

Startauperi
Startauperi

დაკვირვებიხართ? რომ 21-ე საუკუნემ ყველა პროფესიის ადამიანი ციფრულ პერსონაჟად გვაქცია. თითქოს ავატარები ვართ, რომლებსაც საკუთარი პროფილები გვაქვს ონლაინსივრცეში და აუდიტორიას სხვადასხვა ფორმით ვაწვდით, ვინ ვართ და რას ვთავაზობთ. ბევრი ჩვენგანი ამას პროფესიული წინსვლისთვისაც იყენებს და, მაგალითად, Linkedin-ზე ქმნის ისეთ პროფილს, რომელიც საინტერესოა დამსაქმებლებისთვის, Instagram-ზე ფოტოხელოვანები, დეკორატორები და სხვები დამკვეთებს პოულობენ და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

თუმცა საქართველოში თითქმის არ არის ისეთი ადგილი ონლაინ, სადაც მხატვრები პოტენციურ მომხმარებლებს დაუკავშირდებიან. ტექნოლოგიისა და ხელოვნების ამ გზაჯვარედინზე, გამოჩნდა ახალი ქართული კომპანია, ტექსტარტაპი ArtOa.io, რომელიც კედლის მხატვრებსა და  დამკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

კედლის მხატვრობა იმიტომ გახდა სტარტაპერებისთვის პრიორიტეტული, რომ ეს მიმდინარეობა დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ხშირად არტისტის მოძიება რთულია, რადგან შეიძლება არ ვიცოდეთ, სად დავუკავშირდეთ. გარდა ამისა, ArtOa.io-ს დამფუძნებელი გვიყვება, რომ, პირადი დაკვირვებით, ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა კედლის მხატვრებისგან ხშირად სმენია ტკივილები დამკვეთებთან ურთიერთობის შესახებ – მათ წინასწარ აინტერესებდათ, როგორი იქნებოდა ნახატი, რომელშიც ფული გადაიხადეს. ერთი, სიტყვით, ბევრი პირობა გამოჩნდა საიმისოდ, რომ სტარტაპის იდეა დაბადებულიყო.

გთავაზობთ ინტერვიუს გუნდის წევრებთან, რომლებიც გვიყვებიან, როგორ და რა ტექნოლოგიით აპირებენ კედლის მხატვრობა გააციფრულონ:

გიორგი ინწკირველი, თანადამფუძნებელი და CEO:

ცოცხალმა ტრადიციულმა პროცესებმა და ბაზარზე დაკვირვებამ გამოკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები: დაკავშირების სირთულე ტრადიციული მიდგომების მეშვეობით (სოცმედიაზე ძიება ან ახლობლებთან მიმოკითხვა „რომელ კედლის მხატვარს მირჩევ?”); იდეების ვიზუალიზაცია მტკივნეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული ესკიზის შემუშავების პროცესში, როგორც კედლის მხატვრებისთვის, ასევე დამკვეთისთვის, ხოლო შესრულების პროცესში კომუნიკაციაც და ურთიერთობებიც პრობლემურია არასტუქტურირებული და ქაოსური მიდგომების გამო; არ არსებობს მონიტორინგისა და ხარისხის დაზუსტების მექანიზმები და საბოლოო მოხატული კედელი, როგორც შედეგი, დიდ დროს უკავშირდება შესრულების ნაწილში.

ამ დროს დაიბადა იდეაც, რომელიც აქტიურ რეჟიმში განიცდიდა ადაპტაციას სიახლეებთან და ფორმულირდებოდა რეალურ საჭიროებებთან მიმართებით. გადავწყვიტეთ AI/AR ტექნოლოგიების გამოყენება კედლის დიზაინების უმარტივესი გენერირებისთვის და, რაც მთავარია, ხარისხის კონტროლი, ანუ კედლის მოხატვის სრული პროცესის ავტომატიზაცია და პროცესების გამარტივება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებისგან, რომლებსაც გვაქვს გამოცდილება სტარტაპის, კრეატიული სფეროს, ტექნოლოგიების, მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით, ასევე, გვყავს ძლიერი დეველოპერთა გუნდი, შეგვიძლია, ზუსტად შევთავაზოთ არტისტებსა და მათ დამკვეთებს პრობლემების გადაწყვეტა.

M: რას მოიცავს თქვენი პლატფორმა და რა შესაძლებლობებს სთავაზობს არტისტებს?

მარიამ ღოღაძე, თანადამფუძნებელი და CMO:

ArtOa.io არის ინოვაციური freelancing პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრობას და ტექნოლოგიას აერთიანებს ერთ სივრცეში, ერთმანეთთან აკავშირებს არტისტებსა და დამკვეთებს. ჩვენს პლატფორმაზე დამკვეთი შეავსებს უმარტივეს შეკვეთის ფორმას, ატვირთავს კედლის ფოტოს და AI/AR ტექნოლოგია 30 წამში კედლის დიზაინებს დაუგენერირებს შეკვეთის ფორმის შინაარსისა და რეალური კედლის ფოტოს საფუძველზე.

არტისტებს შეუძლიათ, პლატფორმაზე განათავსონ ინფორმაციული პორტფოლიო და არსებულ ატვირთულ შეკვეთებზე გააკეთონ შეთავაზებები, რაც ზრდის მათ ხილვადობასა და შეკვეთების რაოდენობას, შემდეგ გადადიან conversation ფაზაზე დამკვეთებთან.

ამასთანავე, გვაქვს გააქტიურებული step monitoring სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შესრულების პროცესში ეტაპობრივად ხარისხის დადგენა. კედლის მხატვრებს წარმოადგენენ ნებისმიერი სტილისტიკის junior, middlde, senior არტისტები (მურალის, გრაფიტის, სტენსილის, მოზაიკის, 3D არტის და სხვა) მიმართულებით.

დამკვეთებს შეუძლიათ, მარტივად მოძებნონ კედლის მხატვრები, შეაფასონ ისინი გამოცდილებისა და სტილისტიკის მიხედვით, ატვირთონ შეკვეთის ფორმა და მართონ კედლის მოხატვის სრული პროცესი ციფრულად იდეიდან შექმნამდე. ArtOa არის შესაძლებლობა, რომელიც კედლის მხატვრებს თავიანთი ნამუშევრების პოპულარიზაციაში დაეხმარება და შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში „გაშალონ ფრთები”.

M: რომელ გეოგრაფიულ სეგმენტს მოიცავს პლატფორმა, მხოლოდ საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთაც?

გიორგი ინწკირველი:

ArtOa გლობალური ხედვით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც, თავისი პირველი ნაბიჯებით, საქართველოდან იწყებს ოპერირებას. სულ მალე, განახლებების შემდეგ, ადგილობრივ ბაზარზე გაუშვებს გამართულ სერვისს. ჩვენ ვაგროვებთ მნიშვნელოვან ბაზას როგორც არტისტების, ასევე დამკვეთების მხრიდან დიდ რეგიონებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ვაძლიერებთ ბაზას სხვა რეგიონებშიც. საქართველოში დაახლოებით 350-მდე აქტიური კედლის არტისტი ოპერირებს, ამავდროულად დამკვეთების მხარეს მზარდი მოთხოვნაა HoReCa სექტორში და Co-Working სივრცეებში, რომლებიც სივრცის ესთეტიკურ გარდაქმნას დიდ ყურადღებას ანიჭებენ. საქართველოს ბაზრის პოტენციალი კი $4.7 მილიონს აღწევს.

ჩვენი მომდევნო სამიზნე რეგიონია გერმანია, სადაც კედლის მხატვრობის სეგმენტი სწრაფად იზრდება და ბაზრის მოცულობა $87.6 მილიონს აჭარბებს. ამ სტრატეგიას საფუძვლად უდევს მაღალი ინტერესის მქონე ურბანული სივრცეები, ტექნოლოგიური ადაპტაციის მზაობა და ვიზუალურ გამოცდილებაზე ორიენტირებული ბიზნესები. მთლიანობაში, ArtOa იქმნება როგორც გლობალური პლატფორმა, რომელიც დააკავშირებს მხატვრებსა და დამკვეთებს არამხოლოდ ლოკალურად, არამედ საერთაშორისო დონეზე.

M: სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ…

პირველ ეტაპზე მიმდინარე თვის ბოლოდან პლატფორმის ოფიციალური გაშვება იგეგმება საქართველოში. სამიზნე სეგმენტად გვყავს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, კაფეები, სასტუმროები და ინტერიერზე ორიენტირებული მომხმარებლები, რომელთაც სურთ სივრცის უნიკალური დიზაინით გარდაქმნა. შემდეგ გვინდა რეგიონული გაფართოება და პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო დონეზე.

მომდევნო ფაზაა ტექნოლოგიური განვითარება, კერძოდ, AI/AR სისტემის. ისე, რომ პლატფორმაზე შექმნილი კედლის დიზაინები მაქსიმალურად თანხვედრაში იყოს როგორც მომხმარებლის სტილის, ისე სივრცის ფიზიკურ და ემოციურ კონტექსტთან. იგეგმება B2B კორპორაციული მოდულისა და შიდა მენეჯმენტის ინსტრუმენტების დანერგვა.

შეიქმნება არტისტებისთვის დამოუკიდებელი ეკონომიკური მოდელი: საკუთარი პროფილი, შეფასების სისტემა, ანალიტიკა და პლატფორმაზე მიღებული შემოსავლის ტრეკინგი – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მათ გამჭვირვალე კარიერულ წინსვლას და ფინანსურ
სტაბილურობას.

გრძელვადიან პერსპექტივაში ArtOa მიზნად ისახავს, გახდეს იმგვარი სივრცე, სადაც ტექნოლოგია ხელოვნებას არ ცვლის, არამედ აძლიერებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის როგორც შემსრულებლებისთვის, ასევე დამკვეთებისთვის. ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ პროდუქტს, ჩვენ ვქმნით ახალ ნარატივს, სადაც კედლები აღარ არის უბრალოდ ზედაპირი, არამედ ის გახდება შთაგონების არხი და ბრენდის ხმა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

შეაბიჯე თამაშში – ისე, როგორც არასდროს Hisense-თან ერთად

რევოლუცია ალცჰაიმერის დიაგნოსტირებაში — FDA-მ პირველი სისხლის ტესტი დაამტკიცა!