საუკუნეების განმავლობაში, საკუთარი გამოსახულების აღსაბეჭდად ადამიანები მხატვრებს აკითხავდნენ. ანუ, საკუთარი თავისა თუ სხვების აღბეჭდვის მიმართულებით, პირველად იყო მხატვრობა, შემდეგ გამოჩნდა ფოტოაპარატი, მორიგი ნაბიჯი კი სმარტფონი იყო… დღეისათვის, იმის პარალელურად, რომ შეგვიძლია ყოველდღიურად აღვბეჭდოთ საკუთარი თავი და სხვები, ტექნოლოგიები გვაძლევენ საშუალებას ამ განვითარების ჯაჭვის სათავეში დავბრუნდეთ. მაგალითად, თუ გიფიქრიათ, რა იქნებოდა საჭირო იმისათვის, რომ კლიმტს დაეხატეთ? გეცხოვრათ მის დროში, ყოფილიყავით მისი ახლო მეგობარი, ან ნატურა, რომელსაც დახატავდა? დღეს უკვე, ამისთვის მხოლოდ აპლიკაციის ჩამოწერა დაგჭირდებათ. კონკრეტულად კი, აპლიკაცია Artistik.-ის, რომელიც ქართული IT კომპანია Lemondo-ში შეიქმნა და ის თქვენს ფოტოს ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრად აქცევს.
Artistik. ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ კონკრეტული მხატვრის სტილი, ფილტრის სახით, თქვენს ფოტოზე გადმოიტანოს. ამისათვის, Lemondo-ს გუნდმა, სპეციალური ალგორითმის დახმარებით, დაამუშავა სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნახატები, შეისწავლა ისინი ფერების, ფუნჯის სისქის, ფაქტურისა თუ სხვა კომპონენტების გათვალისწინებით. დღეისათვის კი, Artistik. უკვე მზადაა აქციოს თქვენი ფოტო ხელოვნების ნიმუშად.
ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში და ჩვენც, ორი წელია, რაც შევედით ამ მიმართულებით. ეს არის უკვე მეორე პროექტი, რომელსაც AI-ს კომპონენტებით ვაკეთებთ. აღნიშნული ალგორითმი დაყრდნობილია ტუბინგემის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომზე, ხელოვნურ ნეირონულ ქსელებთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Artistik. გარკვეულწილად, აპლიკაცია „პრიზმას“ ჰგავს, თუმცა, ჩვენ ვეცადეთ კონკრეტული მხატვრის სტილი მოგვერგო ფოტოებზე და ვყოფილიყავით უნიკალური იმით, რომ გვაქვს ქართველი მხატვრების ფილტრებიც. მაგალითად, რუსუდან ფეტვიაშვილის“, – გვიყვება ლევან კილაძე, „ლემონდუს“ თანადამფუძნებელი.

Artistik.-ის გამოყენებისას, მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელი მხატვრის სტილის გადატანა სურს საკუთარ ფოტოზე, თუმცა, „ლემონდუში“ ვარაუდობენ, რომ სამომავლოდ, ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მომხმარებლისთვის ფოტოს შესაბამისი სტილის შეთავაზებას. გარდა ამისა, აპლიკაციას შეიძლება დაემატოს ვიდეოფილტრის ფუნქციაც, ანუ ფოტოების გარდა, კონკრეტული მხატვრის სტილში, ვიდეოების დამუშავებასაც შეძლებთ. შესაძლოა განვიხილოთ აპლიკაციის მნიშვნელობა ქართული მხატვრობის პოპულარიზების კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ Artistik.-ში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ქართველი მხატვრის – რუსუდან ფეტვიაშვილის სტილს/ფილტრს შეხვდებით, Lemondo-ს გუნდი აპლიკაციის განვითარებასა და დროდადრო, ახალი ფილტრებისა და ფუნქიების დამატებას გეგმავს. აპლიკაცია, ორი დღეა, რაც App Store-ზეა ხელმისაწვდომი და iOS-ის მომხმარებლების გარდა, მის გადმოწერას მალე Android-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
ავტორი: ხატია თორდუა