არუბა დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილი კი არის, მაგრამ ნაკლებად ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით, რომელსაც საფრთხე ემუქრება. ისიც უნდა გითხრათ, რომ კარიბის ზღვის კუნძულის ბუნებრივი საცხოვრებლის თითქმის მეოთხედზე Aruba National Park Foundation-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაა პასუხისმგებელი, იქნება ეს მღვიმეები, დიუნები, ფლორა თუ ფაუნა. ახლა კი მათ გადაწყვიტეს რებრენდინგით, მაცხოვრებლების ყურადღება ბუნებრივი გარემოს დაცვისკენ მიაპყრონ.
უპირველესად, საქველმოქმედო ორგანიზაციას სახელი შეუცვალეს — Aruba Conservation Foundation უწოდეს, რითაც ყურადღება პარკის მენეჯმენტის ორგანიზაციიდან ნამდვილი კონსერვაციული საქველმოქმედო ორგანიზაციისკენ გადაიტანეს. მეტიც, ისინი ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობის ფართო ტრანსფორმაციას უყრიან საფუძველს.
How&How-მ საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციონირება გადაწყვიტა, როგორც არუბას Voice of Nature, რომელიც ნაკლებად ფოკუსირდება ტურიზმის პოპულარიზაციაზე და უფრო მეტად შეახსენებს ადგილობრივებს მიწასთან არსებულ კავშირებზე. მიზანი მოსახლეობის კუნძულის ეკოსისტემების დაცვაში ჩართვაა…
ახალი ლოგო კი ტალღების, კაქტუსებისა და ადამიანების ფორმებს აერთიანებს, სიმბოლურია საქველმოქმედო ორგანიზაციის მთავარი მესიჯისთვისაც, რომელიც გარემოსთვის კოლექტიურ ქმედებებს ეხება. რაც შეეხება ცოცხალ ფერთა პალიტრას, ეს უკვე კუნძულის მთავარ გეოგრაფიულ მახასიათებლებს შეგვახსენებს — იასამნისფერი ჭაობებისთვის, ყვითელი უდაბნოსთვის, ფირუზისფერი ოკეანისთვის და ფორთოხლისფერი დიუნებისთვის.
არანაკლებ საინტერესოა ილუსტრაციების სერია, რომელიც გადაშენების პირას მყოფ მცენარეებსა და ცხოველებს ასახავს, იმ სახეობებს, რომლებიც არუბასთვის უნიკალურია. მათ შორისაა ხვლიკი, გველი, ბუ, ასევე ცნობილი, როგორც Shoco, რომელიც არუბას ეროვნული სიმბოლოც გახლავთ და ველურ ბუნებაში ამ სახეობის მხოლოდ 300 ბუს შეხვდებით. ილუსტრაციების შთაგონება არუბას ტრადიციული სახლების ორნამენტებიც იყო განსხვავებული მცენარეებისა თუ ცხოველების ვიზუალებით.
დაბოლოს, ახალი ბრენდინგით Aruba Conservation Foundation იმედოვნებს, რომ ადგილობრივების ყურადღებას მიიპყრობს და ბუნების დაცვის საკითხებში მათ ჩართულობასაც გაზრდის.