NFT (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) სულ უფრო მზარდი რაოდენობის ხალხს იზიდავს და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დღევანდელ ციფრულ სამყაროში. როგორც ჩანს, მან ცნობილი ძმები არველაძეების ყურადღებაც მიიქცია… ტყუპების მიერ შექმნილი ნამუშევარი, სახელწოდებით Emotional Moment for Sale: Shota vs. Archil სამი დღის წინ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში და აუქციონი კიდევ 31 დღეს გაგრძელდება.
იმისათვის, რომ ნამუშევრის მნიშვნელობა უფრო ცხადი გამხდარიყო, ძმებმა საკმაოდ ემოციური ტექსტიც დაურთეს თან:
“იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი “მაიკა”? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს… ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია – გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მიუძღვნა ტყუპებს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა… ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა… მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით. მნიშვნელობით, ეს თამაშიც და მაისურიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასია ჩემს კარიერაში. ის ემოციები, რომელიც აჩისთან შეხვედრის და მის წინააღმდეგ თამაშის დროს მქონდა დღემდე ცოცხალია. ყოველ ჯერზე, ამ მაისურის დანახვა ჩემში ყველაფერს ერთად აღვიძებს, რაც მე და აჩის ერთად გვაკავშირებდა, მოედანზეც და მის მიღმაც.”
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ვინ გახდება ტყუპების პირველი NFT ნამუშევარს მფლობელი. და სათაურით თუ ვიმსჯელებთ (First NFT by the Arveladze Twins), იქნებ მომავალში კიდევ სხვა საინტერესო, კვლავ ემოციური მომენტების შემცველი პროდუქტი შემოგვთავაზონ.