24
Jan
2020

როგორია პატიმრის “გზა საზოგადოებისკენ”? – ASB-ის კამპანია

24 Jan 2020

მსჯავრდებულები საქართველოში (და არამხოლოდ) ხშირად იქცევიან საზოგადოებრივი სტიგმის ობიექტად. ფაქტი, რომ ადამიანი ყოფილი მსჯავრდებულია, გარემოცვისთვის უხილავ ბარიერად იქცევა და ხშირად ახსენებს მას წარსული შეცდომების შესახებ. იმისათვის, რომ სასჯელმოხდილი პირებისა და პრობაციონერებისთვის სამსახურის პოვნასა და ცხოვრების ხალახლა დაწყებაში შეეწყოთ ხელი, ასევე საზოგადოების მხრიდან მათი მუდმივი განსჯა აერიდებინათ თავიდან, ASB საქართველომ, ევროკავშირის დაფინანსებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ერთად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, წამოიწყო გრძელვადიანი პროექტი “გზა საზოგადოებისკენ“. პროექტში ასობით კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა მიიღო მონაწილეობა, მათ შეიძინეს ცოდნა და უნარები, ახალი პროფესიები, დაიწყეს საკუთარი საქმიანობა და ცხოვრების ახალი რიტმი შექმნეს. რითაა მნიშვნელოვანი ეს კამპანია, რა გზა განვლო და რა შეცვალა? ამ და სხვა კითხვებით ASB-ს მივმართეთ.

 

M: რა იყო კამპანიის მთავარი სათქმელი?

„ცვლილებები იწყება შენით“ – სწორედ ეს იყო კამპანიის მთავარი სათქმელი და სლოგანი. ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ სწორედ მათი დამოკიდებულების შეცვლით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე.

ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ დამსაქმებლებს და ვეუბნებოდით, რომ ნასამართლეობის სტატუსის მიუხედავად, თუ ადამიანს მისცემენ შანსს და დაასაქმებენ, ამით არამხოლოდ კონკრეტულად ყოფილ მსჯავრდებულს დაეხმარებიან, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის აღებით, საზოგადოებრივი ცვლილებების სამსახურში იქნებიან.

ჩვენი აუდიტორია, რა თქმა უნდა, იყვნენ პატიმრები, ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერებიც – ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეო რგოლებით თუ სხვა მედია პროდუქტებით სწორედ მათთვის გვინდოდა გვეჩვენებინა წარმატებული მაგალითები, იმ ადამიანების, ვინც მეორე შანსი გამოიყენეს და დასაქმდნენ.

M: თქვენი ხედვით, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ კამპანიას?

კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას ვაჩვენეთ ბევრი წარმატებული ისტორია, სოციალური რეკლამები, ფილმი, ვიდეოები ცნობილი ბიზნეს კომპანიების მონაწილეობით, გრაფიკული ნამუშევრები და სხვა პროდუქტები, რომელთა მიზანი გახლდათ საზოგადოებისა და დამსაქმებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ თავისუფლების აღკვეთა მიზნად უნდა ისახავდეს დანაშაულებრივი ქმედებებისგან თავისუფალი და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების უზრუნველყოფას. ეს კი, განმეორებითი დანაშაულის შემცირებისა და საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიაა. სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად, საზოგადოებაში არსებული სტიგმა კვლავ გამოწვევად რჩება. სტერეოტიპული წინასწარგანწყობები კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს ხელს უშლის ცხოვრების თავიდან დაწყებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი გახლდათ გვეჩვენებინა, რომ საზოგადოების ნეგატიური განწყობის შეცვლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის წარმატებისთვის.

M: როგორი იყო კამპანიის მიმდინარეობის პროცესი?

ჩვენ დავიწყეთ კამპანია სოციალური ქსელებით, სადაც პირველ ეტაპზე, გამოვიყენეთ პოსტერები სლოგანებით. ასევე, გავავრცელეთ სოციალური რეკლამა ტელევიზიებით, რომელიც პოტენციურ ბენეფიციარებს პროექტის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

პროექტში ჩართული წარმატებული ბენეფიციარების შესახებ, დავამზადეთ ვიდეო ისტორიები, რომელთაც პერიოდულად ვანთავსებდით სოციალურ ქსელებში. ჩვენ მიერ ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევის შედეგების გავრცელება გრაფიკული ვიდეორგოლებისა და პოსტერების საშუალებით მოვახერხეთ, რაც ასევე სოციალური რეკლამის სახით გადიოდა ტელეთერებში.

იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით შევსულიყავით ციხეში და იმ პატიმრების პოდკასტები გაგვეკეთებინა, ვინც ადგილზე სხვადასხვა სოციალურ საწარმოშია დასაქმებული. შემდეგ, ეს პოდკასტები და პატიმართა ფოტოები სოციალურ ქსელში განვათავსეთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენთვის დოკუმენტური ფილმი იყო, რომელსაც ფროდაქშენ კომპანიასთან „MILKYWAY“ ერთად, 3 წლის მანძილზე ვიღებდით. გადაღებები მიმდინარეობდა როგორც ბერლინში, ასევე მთელ საქართველოში – პანკისში, თბილისში, ხობში, ხონში, გორში. ძალიან საინტერესო ფილმი გამოვიდა, საბოლოო ჯამში, ბევრი საოცარი ისტორიით.

M: რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ბენეფიციარები?

ბენეფიციარებს ვარჩევდით რამდენიმეეტაპიანი წინასწარ შემუშავებული პროცედურის მიხედვით. ეს მოიცავდა ბიო-ფსიქო-სოციალურ შეფასებას, ბენეფიციართა ოჯახებში ვიზიტებს, მათ მონაწილეობას ტრენინგებში, ასევე ტრენინგების შედეგად ბიზნეს გეგმების შემუშავებას და საუკეთესო ბიზნეს იდეების შერჩევას სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

პროექტმა იმუშავა თბილისში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში.

M: რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ კამპანიის გასავრცელებლად?

ტელე და რადიო ეთერები, სხვადასხვა ონლაინ მედია არხები, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, ასევე ევროკავშირის ვებ და Facebook გვერდები, იშვიათად თვითერი.

M: დღეს, როგორ შეაფასებდით პროექტის შედეგებს?

ჩვენი შეფასებით პროექტი წარმატებით ჩატარდა. დაარსდა დასაქმების კერები #16 პენიტენციურ დაწესებულებაში და პატიმრები დიდი წარმატებით ყიდიან ნივთებს, რომელთა დამზადებაც პროექტის ფარგლებში ჩატარებული სახელობო კურსების შედეგად ისწავლეს. #16 პენიტენციურ დაწესებულებაში ასევე დაფუძნდა სოციალური საწარმო “ფრილანსერი”, სადაც პატიმრები არიან დასაქმებულნი და სხვადასხვა სახის IT მომსახურებას სთავაზობენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე, დაფინანსდა ერთი ინდივიდუალური საწარმო #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.

350-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა სხვადასხვა სახის ცოდნა და უნარ-ჩვევები (#16 და #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების ჩათვლით). 150-ზე მეტმა მსჯავრდებულმა და ყოფილმა მსჯავრდებულმა შეისწავლა სხვადასხვა ხელობა, შედეგად, ისინი დასაქმდნენ და იღებენ შემოსავალს. 140-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი თვიური შემოსავლები. დაარსდა 7 სოციალური საწარმო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც 40-მდე ყოფილი პატიმარი და პრობაციონერია დასაქმებული.

ვთვლით, რომ რიგ შემთხვევებში, პროექტმა გადააჭარბა კიდეც მოსალოდნელ შედეგებს. უახლოეს ხანებში, დაგეგმილია შეფასების ჩატარება, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს მიღწეულ შედეგებს, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენი დაკვირვებითაც ნათლად ჩანს საზოგადოებაში არსებული შეხედულებების მკაფიო ცვლილება, ჩვენს სოციალურ ქსელებში გამოხმაურების სახით, პოზიტიური კომენტარებისა და მოწონებების სახით.

 

[R]

განხილვა