ASICS ცნობილია მაღალი ხარისხის სპორტული ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით. მისი დაფუძნების ისტორია სათავეს ომის შემდგომი იაპონიიდან იღებს. 1949 წელს, კიჰაჩირო ონიცუკას მიერ დაარსებული ASICS პატარა საწარმოდან გავლენიან გლობალურ ბრენდად იქცა. ამ ყველაფერს კი საფუძვლად ედო ონიცუკას დიდი სურვილი, ახალგაზრდებისა და სპორტსმენების შესაძლებლობები ინოვაციური დიზაინის მეშვეობით გაეუმჯობესებინა. მართლაც, დღეს ASICS-ის პროდუქცია გვხვდება ყველგან მთელ მსოფლიოში, სარბენ ბილიკებზე, კორტებსა და სპორტდარბაზებში, კომფორტულობის, გამძლეობისა და დიზაინის დამსახურებით. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ ASICS-ზე მოგიყვებით.
თავდაპირველად, კიჰაჩირო ონიცუკამ იაპონიის ქალაქ კობეში დააარსა კომპანია, რომელსაც ერქვა Onitsuka Co. მისი ხედვა უფრო ფართო იყო, ვიდრე უბრალოდ, ფეხსაცმლის გაყიდვა. მეორე მსოფლიო ომის ქაოსის შემდეგ, ონიცუკას იაპონიის აღდგენის სურვილი ამოძრავებდა და ამას ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაში ხედავდა. მიაჩნდა, რომ სპორტი იყო გზა პიროვნული ზრდისა და საზოგადოების შენებისათვის. ამ ხედვამ მას შთააგონა შეექმნა პროდუქტები, რომლებიც სპორტულ აქტივობას ხელმისაწვდომსა და სასიამოვნოს გახდიდა.
ონიცუკა გატაცებამ სპორტულ ფეხსაცმელებამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა გამოცდილება ფეხსაცმლის ინდუსტრიაში, იგი დაუღალავად ატარებდა ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფეხსაცმლის დიზაინზე. პირველი ექსპერიმენტები მისსავე საცხოვრებელ ოთახში ტარდებოდა. ფეხსაცმლის დამზადება მინიმალური რესურსებით დაიწყო. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი მცირე რესურსების მქონე საქმე ერთ დღეს სპორტულ ინდუსტრიას შეცვლიდა.
პირველი პროდუქტი, რომელიც ონიცუკამ შექმნა, იყო საკალათბურთო ფეხსაცმელი Tiger, რომელიც ASICS Onitsuka Tiger ცნობილი ხაზის წინამორბედია. შთაგონება მოულოდნელად, რვაფეხას სალათიდან მიიღო. ონიცუკამ შენიშნა, როგორ აძლევდა რვაფეხას საცეცები ზედაპირებზე მიკვრის საშუალებას. აქედან წამოვიდა იდეა შეექმნა ფეხსაცმლის ძირი, რომელიც უკეთესად მიეკრობოდა საკალათბურთო მოედნის იატაკს. უამრავი ცდისა და მარცხის შედეგად, ონიცუკამ შექმნა უნიკალური ძირი და ეს კონკრეტული თვისება ბრენდის სინონიმად იქცა.
Tiger-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა იაპონელ სპორტსმენებს შორის, რამაც ბრენდის სანდოობა გაზარდა სპორტულ ინდუსტრიაში. 1953 წელს, კომპანიამ ფრენბურთის ფეხსაცმელი გამოუშვა ბაზარზე, რომელმაც ასევე დიდი წარმატება მოიპოვა.
სახელი ASICS ოფიციალურად დამკვიდრდა 1977 წელს, როდესაც Onitsuka Co. გაერთიანდა GTO-სა და Jelenk-თან, ორ სხვა სპორტული ტანსაცმლის კომპანიასთან. ASICS გახლავთ აკრონიმი ლათინური ფრაზიდან “Anima Sana In Corpore Sano”, რაც ნიშნავს „ჯანსაღ გონებას ჯანსაღ სხეულში“. ეს დევიზი ასახავს კომპანიის ფილოსოფიას დაბალანსებული, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.
ASICS-ისთვის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო სარბენი ფეხსაცმლის ბაზარზე შესვლა. 1970-იანი წლების ბოლოს ASICS-მა წარმოადგინა GEL ტექნოლოგია, ამორტიზაციის სისტემა. ASICS GEL ხაზი მორბენალთა საყვარელი გახდა და ხელი შეუწყო ბრენდის პოპულარობას გლობალურ მასშტაბით. GEL ამორტიზაციის სისტემამ, კვლევასა და განვითარებასთან ერთად, ASICS-ს საშუალება მისცა დამკვიდრებულიყო სარბენი ფეხსაცმლის ინდუსტრიაში.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.